„საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშებს უხურავს: ბანკის კომენტარი

© photo: Sputnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს ბანკში“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშების დახურვის მიზეზი ბანკის შიდა პოლიტიკაა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ბანკის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი ფოფხაძემ.
მანამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშებს უხურავს სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხმარებლებმა SMS-ების სკრინშოტები გამოაქვეყნეს, რომლებიც მათ „საქართველოს ბანკისგან“ მიიღეს. აღნიშნული შეტყობინებებით რუსეთის მოქალაქე კლიენტები ბანკმა იმის თაობაზე გააფრთხილა, რომ მათი ანგარიშები რამდენიმე დღეში დაიხურება და ამ დროის განმავლობაში თანხის გატანა შეუძლიათ მოასწრონ.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია და რაც არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც სმს-ში წერია, არის ის, რომ ეს ბანკის პოლიტიკა და გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს ვიტყვი“, — განაცხადა მენეჯერმა.

რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღების შემდეგ ქართულმა ბანკებმა რუსეთის მოქალაქეებს არაერთხელ დაუწესეს შეზღუდვები. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბანკებმა საერთოდ უარი თქვეს მათთვის ანგარიშების გახსნაზე.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო შეზღუდვებს იცავს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში რუსეთის 112.733 მოქალაქე შემოვიდა და დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0