საღვთო ომი საქართველოს წინააღმდეგ, ანუ როგორ სძლია თამარმა აბუ-ბექრს

© Pixabay / Atlantiosქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
თამარ მეფის დროინდელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთგვარი თანამეგობრობა იყო.
თუ დავით აღმაშენებელი დაპყრობილ ტერიტორიას უშუალოდ სამეფო ტახტს უმორჩილებდა, თამარი არაქართული სახანოებისა თუ სამეფოების ყმადნაფიცობას სჯერდებოდა.
ყმადნაფიცობა კი ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებდა, ანუ საქართველო იყო გარანტი ყმადნაფიცი ქვეყნის ტერიტორიული ხელშეუხებლობისა, ხოლო ყმადნაფიცი ქვეყანა, გარკვეული თანხის გაღების სანაცვლოდ, ინარჩუნებდა სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობასაც კი.
ასეთი იყო, მაგალითად, შარვანიც — სხვა არაერთს შორის. შარვანი ქართველთა მეფის პროტექტორატში შედიოდა და საქართველოს მონარქი ვალდებული იყო, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, როდესაც მას სპარსეთიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა, თამარ მეფე, რომელიც მუდამ პირნათლად ასრულებდა ვალდებულებებს, კონფლიქტში ჩაერია.
საქმე კი ასე იყო: სპარსეთსა და ერაყში ათაბაგ მუზაფერ ად-დინ ყიზილ-არსლანსა და ერაყის სელჩუკთა სულთან თოღრულ მესამეს შორის მტრობა ჩამოვარდა. ათაბაგმა სძლია სულთანს, მაგრამ ის მოკლეს და ახლა მის მემკვიდრეებს შორის ატყდა დიდი ომი.
პირველობისთვის ბრძოლაში გამარჯვება ყიზილ-არსლანის ნაშვილებ აბუ-ბექრ ბინ მუჰამედ ფეჰლევანს დარჩა, რომელმაც ჯერ უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი დაამარცხა და მისი სამფლობელო მიიტაცა, შემდეგ კი არანისა და გელაქუნის პატრონ ამირ-მირანს გაუსწორდა.
ამ უკანასკნელმა შარვან-შაჰთან, გიორგი მესამის დისშვილ აღსართანთან გაქცევა მოასწრო, რომელმაც დიდი პატივითაც მიიღო და ქალიშვილიც შერთო. მაგრამ აბუ-ბექრი შარვანსაც დაესხა თავს და მოაოხრა ქვეყანა, სიძე-სიმამრმა კი გაქცევით უშველა თავს და ამჯერად დასახმარებლად თამარს მიმართეს.
აღსართანი, ამირ-მირანი და მათნი თანმხლებნი დიდი პატივით მიიღეს ტფილისში. მთელი კვირა გრძელდებოდა თურმე სტუმრების პატივსაცემად მოწყობილი ნადირობა და ბურთაობა. მაგრამ საქართველოს სამეფო კარი მარტო გართობა-თამაშით არ შემოიფარგლებოდა, ამ ყველაფრის პარალელურად გამალებული საომარი სამზადისი მიმდინარეობდა.
ათ დღეში შეკრებილმა ქართულმა სამხედრო ძალამ იმდენად მოხიბლა და აღაფრთოვანა დახმარების სათხოვნელად მოსულნი, რომ გულზე მოსულებმა თამარს სპარსეთზე ლაშქრობა და იქ ამირ-მირანის გამეფება შესთავაზეს. სანაცვლოდ მოკავშირეობა და ილდეგიზების უზარმაზარი სამფლობელოდან დიდი ტერიტორიის ჩუქებაც აღუთქვეს.
მაგრამ სამეფო კარმა, საფუძვლიან მიზეზთა გამო, უარი თქვა ამ ერთი შეხედვით მიმზიდველ წინადადებაზე და სამშობლოდან ლტოლვილთ მხოლოდ აბუ-ბექრის დამარცხება და მამაპაპისეულ სამფლობელოში დაბრუნება აღუთქვა.
ქართველთა საომარი სამზადისი აბუ-ბექრს არ გამოპარვია. ისიც შეუდგა ჯარის შეკრებას. გარდა საქართველოს მეზობელი მუსლიმი სულთნებისა და ამირებისა, მას ასევე შეუერთდა ბაღდადის ხალიფა ალ-ნასირიც, რომელმაც ლაშქრობის მოსაწყობად დიდძალი ოქრო-ვერცხლიც გაიღო და მუსლიმურ სამყაროს საქართველოს წინააღმდეგ „საღვთო ომის“ დაწყებისკენაც მოუწოდა.
აბუ-ბექრის ლაშქარს ეგვიპტის სულთანი და მისი ვასალებიც მიემხრნენ და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმობაც. მოკლე ხანში ათაბაგმა ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა.
ბრძოლის დღეც დადგა — 1195 წლის 2 ივნისი. თამარმა ლაშქარს წინ წარუძღვანა ჯვარი „ძელი ცხოველი“, დალოცა ჯარი და უფალს შეავედრა ქართველობა. და შამქორისკენ დაიძრა, სადაც აბუ-ბექრი იდგა.
მსტოვრებმა დავით სოსლანს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობა ამცნეს და მანაც ორად გაყო ლაშქარი: შედარებით მცირე არმიას ამირსპასალარი ზაქარია მხარგძელი უსარდლა და ქალაქის კარიბჭეზე მყისიერი იერიში უბრძანა; თავად კი დიდ ლაშქარს ჩაუდგა სათავეში, გვერდი აუარა შამქორს, მდინარე გადალახა (ახლანდელი შამქორ-ჩაი) და მტერს ზურგში მოქცა.
და ის იყო, ციხის კართან გამართულ საშინელი ხოცვა-ჟლეტაში გამარჯვების სასწორი მუსლიმანთა მხარეს გადაიხარა, ზაქარიაც უკვე უკუქცევაზე ფიქრობდა, რომ დავით სოსლანი ძირითადი ჯარით ჩაება ბრძოლაში. მტერი დაიბნა და პანიკას მიეცა. აბუ-ბექრისთვის ქართველთა ასეთი მანევრი თავზარდამცემი აღმოჩნდა. ალყაში მოქცეულმა მუსლიმებმა გაქცევასა და თავის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი, მაგრამ მდევარმა განძისკენაც მოუჭრა გზა და გელაქუნისკენაც.
მემატიანე გვამცნობს, ქართველები ქათმებივით იჭერდნენ ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან, ადარბადაგანიდან საქართველოს დასაჩოქებლად დაძრულ დიდ ამირებსა თუ სულთნებს და წვერებით მიათრევდნენო დავით მეფესთან.
სწორუპოვარმა გმირმა, შალვა ახალციხელმა კი ხალიფას გამოგზავნილი დროშაც წაართვა მომხდურთ.
აბუ-ბექრმა მაინც მოახერხა ალყის გარღვევა და ბაილაყანისა და ნახჭევანის გავლით თავრიზს გაიქცა.
დაბოლოს: შარვან შაჰ აღსართანმა საქართველოს მეფესთან შეუთანხმებლად მიიღო ამირ-მირანი თავის კარზე და დაუმოყვრდა, რითაც აბუ-ბექრთან ომში ჩაითრია საქართველო. სხვა მონარქის დროს ასეთი თვითნებობისთვის მკაცრად დაისჯებოდა შარვან შაჰი, მაგრამ, მისდა ბედად, უსაზღვროდ გულმოწყალე თამარი იყო მეფე, რომელსაც ისე ეძვირფასებოდა ყმადნაფიცები, როგორც საკუთარი ქვეშევრდომები.
ყველა ახალი ამბავი
0