სააკაშვილის ფოტოები, ყვირილი და ურთიერთბრალდებები: ოზურგეთის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
საკრებულოს დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო სხდომიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღონ მონაწილეობა.
მსჯავრდებული პრეზიდენტი ხუთშაბათს, 22 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესში სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ყველას შეეძლო ენახა, როგორ გამოიყურება ქვეყნის ექს-პრეზიდენტი.

„მთელმა საქართველომ ნახა გუშინდელი კადრები „ვივამედიდან“, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი... პროტესტის ნიშნად ჩვენ სხდომის დატოვება გვინდოდა, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ საყოველთაო ისტერიკა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ.

სხდომაზე ფოტოებით იყვნენ წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ფოტოებზე კი აღბეჭდილი იყვნენ ის პირები, რომლებიც, მმართველი პარტიის წევრების თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წამების მსხვერპლი გახდნენ.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ დეპუტატები ქალები. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო ნადირაშვილი სიტყვიერი დაპირისპირების დროს „ნაცმოძრაობის“ წევრ თათია ნიკოლაიშვილს დაემუქრა, რომ ფეხებს მოამტვრევდა და სხდომათა დარბაზიდან მის ძალით გაყვანას შეეცადა.
დაპირისპირება ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ისინი იმ დრომდე არ აპირებენ დაუბრუნდნენ საკანონმდებლო საქმიანობას, ვიდრე სასამართლო სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ამერიკელი ექსპერტი, ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი იყო, რომელმაც სააკაშვილი 2022 წლის 29 აგვისტოს მოინახულა.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი ერთ კვირაში გაიმართება>>>
როგორც ექსპერტმა პროცესზე განაცხადა, სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენციის სიმპტომები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება გამოწვეული იყოს სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მძიმე ლითონებით – ეს არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი.
ამასთან, მსჯავრდებულს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომლის მიზეზიც გახდა ციხეში მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი. გვერდითა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივად ყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სააკაშვილს, განაცხადა ექსპერტმა მსჯავრდებულ სააკაშვილზე დაყრდნობით.
გოლდსმიტის რეკომენდაციაა გაათავისუფლონ სააკაშვილი და გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში აშშ-ში ან ევროპაში. იქ, საქართველოსგან განსხვავებით, არის მაღალი დონის სადიაგნოსტიკო საშუალებები, ასევე შესაძლებელია მძიმე ლითონებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა. მისი თქმით, მსოფლიოში არც ისე ბევრია ასეთი კლინიკა.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ყოველი მომდევნო დღე იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას. გოლდსმიტი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და ის მოკვდეს.
ყველა ახალი ამბავი
0