მარგველაშვილი: სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ქვეყნის პრეზიდენტი მეორედ არ უნდა მოვკლათ

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ეს სულ სხვა საკითხია, ქვეყნის პრეზიდენტი მეორედ არ უნდა მოვკლათ, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„არ მგონია, რომ ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ იმით, მიშა დამნაშავეა თუ არა. ეს სულ სხვა რანგის საკითხია. უნდა გავერთიანდეთ იმაზე, რომ მეორედ არ უნდა მოვკლათ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ადამიანი არ უნდა ვაწამოთ“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს დაავადების ფსიქოსომატური ტიპი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვის საფუძველი არის ფსიქიკური პროცესები“, ფსიქოსომატური ტიპის დაავადებები კი ისევე არ განიკურნება, როგორც არ განიკურნება გრიპი, თუ 40-გრადუსიან სიცივეში ადამიანს გარეთ გაუშვებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე პირველი სხდომა ხუთშაბათს გაიმართა. თავად მსჯავრდებული სხდომას დისტანციურად საავადმყოფოდან ჩაერთო.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება, თუ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაგზავნიან.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ საუბრებს აბსურდი უწოდა. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის გამოკვლევის შედეგებზე ცენტრ „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები დასაშვებ ნორმებზეც კი დაბალია.

დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0