რა უნდა გაკეთდეს დაორსულების დასაჩქარებლად - მხოლოდ მეცნიერული რჩევები

© Pixabay / Ri_Yaორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ორსულობა ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომლებიც ხელს უშლის ქალის დროულად დაფეხმძიმებას, აცხადებენ მეცნიერები.
მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალები კონტრაცეპციაზე უარს ერთი წლით ადრე ამბობენ, 100-დან მხოლოდ 85 ორსულდება.
მეცნიერებმა გამოთვალეს, დაახლოებით რა დროში ფეხმძიმდებიან ქალები და ასეთი სურათი მიიღეს:
პირველივე თვეში ორსულდება ქალების 38%;
სამი თვის თავზე — 68%;
პირველ ექვს თვეში — 81%;
პირველ წელს — 92%.
ამიტომ, თუ რაიმე ისეთ დაავადებასთან არ გვაქვს საქმე, რომელიც ფეხმძიმობას ხელს უშლის, წინასწარ განგაშის ატეხვა არ ღირს.

რა ეხმარება დაორსულებას

იმისათვის, რომ ქალი დაფეხმძიმდეს, მხოლოდ სექსი არ კმარა. ექიმების თქმით, ამას სხვა არაერთი ფაქტორიც უნდა უწყობდეს ხელს. მაგალითად:
ჯანსაღი წონა — ზედმეტი სიგამხდრე ან სიმსუქნე ჩასახვის უნარს აქვეითებს;
მრავალფეროვანი საკვები — ხილი, ბოსტნეული, მთელმარცვლოვანი პური, ბურღულეულის ფაფები, ახალი და უცხიმო ხორცი — ოღონდ არა წითელი, უცხიმო რძის ნაწარმი, თხილ-კაკლეული, პარკოსნები, თევზეული, მცენარეული ცხიმები.
შაქრის, რაფინირებული ნახშირწყლების, გაჯერებული ცხიმების, კოფეინის მინიმუმამდე შემცირება (დასაშვებია დღეში არაუმეტეს ორი ფინჯანი ნალექიანი ან სამი ფინჯანი ხსნადი ყავისა);
უმი ხორცისა და თევზეულის კერძებზე, ასევე მოლუსკებზე უარის თქმა;
თამბაქოსა და ალკოჰოლისთვის (აღარაფერს ვამბობთ აკრძალულ ნივთიერებებზე) თავის დანებება.

რა უნდა გაკეთდეს დაორსულების ხელშესაწყობად

დაიწყეთ ფოლიუმის მჟავის მიღება - ორგანიზმი თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას საკვებიდან ითვისებს. მაგრამ ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მისაღებად ყოველდღიურად კილოგრამობით მწვანე ბოსტნეულის მირთმევა მოგიწევთ. ამიტომაც დანამატების მიღება ჯობს.
ფოლიუმის მჟავის მიღება (აუცილებლად ექიმის კონსულტაციითა და მის მიერ შერჩეული დოზით) მაშინვე უნდა დაიწყოთ, როგორც კი დაორსულებას გადაწყვეტთ, და განაგრძოთ ეს ფეხმძიმობის მე-12 კვირამდე.
დაიმატეთ D ვიტამინი - ამ ვიტამინს, ისევე, როგორც ფოლიუმის მჟავას, ორგანიზმი ძნელად ითვისებს ბუნებრივი გზით. იგი კანში გამომუშავდება მზის ზემოქმედებით და ასევე შედის ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა წითელი ხორცი, კვერცხი, ცხიმიანი თევზი.
D ვიტამინი აუცილებელია დედისა და ბავშვის ძვლების, კუნთებისა და კბილების სიმტკიცისთვის. ოღონდ მისი დოზა აუცილებლად ექიმმა უნდა შეარჩიოს — გადაჭარბება მავნებელია;
იქონიეთ რეგულარული სექსი — ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც — განსაკუთრებით ციკლის დასრულებიდან პირველი ორი კვირის განმალობაში.
ისწავლეთ სტერსთან გამკლავება — მართალია, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, იწვევს თუ არა სტრესი უნაყოფობას, მაგრამ დაორსულებას კი ნამდვილად უშლის ხელს.
როგორც კვლევები აჩვენებს, რელაქსაცია, ახლობლებთან ურთიერთობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა მეთოდები ნერვულ დაძაბულობას ამცირებს და სასურველ ფეხმძიმობას უწყობს ხელს. მაგრამ ორსულობის დაგეგმვა სამუშაოდ არ უნდა აქციოთ — მოეკიდეთ ამას ერთგვარი სასიამოვნო თავგადასავალივით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩასახვა აგვიანებს.
უარი თქვით სპეციალურ საცხებზე — ლუბრიკანტები, ზოგი მცენარეული ზეთი, ასევე ნერწყვი სპერმატოზოიდების აქტიურობას აქვეითებს. ამიტომ ან საერთოდ უარი უნდა თქვათ საცხებზე, ან აირჩიოთ გელი ჰიდროქსიეთილის ცელულოზის საფუძველზე. ის ბუნებრივ ვაგინალურ ლორწოს ჰგავს და არ მოქმედებს სპერმის მოძრაობაზე.

რაც ნამდვილად არ ეხმარება დაორსულებას

ექიმების რჩევით, ორსულობას არანაირად არ უწყობს ხელს და აუცილებლად უნდა შეეშვათ ისეთ მეთოდებზე დროის, ენერგიისა და ნერვების ხარჯვას, როგორებიცაა:
დღეების თვლა — რეგულარული ციკლის შემთხვევაშიც კი, გამორიცხული არ არის, რომ ოვულაცია დროზე ადრე, ან გვიან დადგეს;
მამაკაცისთვის საცვლების მოდელების ცვლა — ბავშვების რაოდენობას არანაირად არ განსაზღვრავს, თუ როგორი ტრუსი აცვია მამაკაცს — „ბოქსიორი“ თუ „საოჯახო“. აი, საუნაში დიდი ხნით ყოფნა კი ნამდვილად უნდა აკრძალოს. ყოველი შემთხვევისთვის კი კალთაში ნოუთბუქით ჯდომაც უნდა მოიშალოს.
განსაკუთრებული პოზა — არ არსებობს არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ სექსის დროს გარკვეული პოზა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დაორსულებაზე. საუკეთესო პოზა ისაა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
ხალხური ცრურწმენები — ბალიშის ქვეშ ნაჯახის ამოდება, ფეხებით ჩრდილოეთისკენ წოლა, თუ რაღაც თილისმების ტარება დაორსულებაში ვერ დაგეხმარებათ. ამისთვის სხვა რამაა საჭირო.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ პირველი წლის განმავლობაში, რეგულარული სექსის პირობებშიც კი, არ ორსულდებით, უკვე უნდა მიმართოთ ექიმს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ერთწლიანი ლოდინი არ შეიძლება.
ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ:
არის 35 და მეტი წლის და უკვე ექვს თვეზე მეტია დაორსულებას ცდილობს;
ციკლი ან საერთოდ არ აქვს, ან არარეგულარული ხასიათისაა;
მენსტრუაცია უკიდურესად ტკივნეულია;
აქვს ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ უკვე იცის;
აქვს ენდომეტრიოზი, ან მცირე მენჯის ანთებითი დაავადება;
მანამდე რამდენჯერმე მოეშალა მუცელი (ერთი მოშლა პრობლემად არ მიიჩნევა);
მკურნალობდა კიბოზე — თუნდაც დიდი ხნის წინ;
რეგულარულად იღებს ქრონიკული დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
მას ან მისი ოჯახის წევრს აქვს მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც თეორიულად შეიძლება ბავშვზეც გადავიდეს.
მამაკაცმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ:
აქვს სპერმატოზოიდების რაოდენობასთან დაკავშირებული ან სპერმის სხვა პრობლემები;
აწუხებს საკვერცხეების, პროსტატიტის ან სხვა რეპროდუქციული ორგანოების დაავადებები;
ოდესღაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და გაიარა მკურნალობის კურსი;
საკვერცხეები მცირე ზომისაა ან რაიმე სიმსივნე შეინიშნება მათში;
ახლო ნათესავებს ასევე ჰქონდათ ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები;
აქვს ქრონიკული დაავადება და რეგულარულად იღებს წამლებს;
მას ან მის ახლო ნათესავებს აქვთ მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც თეორიულად შეიძლება ბავშვზეც გადავიდეს.
ყველა ახალი ამბავი
0