მარიამ ქვრივიშვილი: „ბაკურიანში უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები“

© courtesy of Vaska Gedenidze, VN Productionბაკურიანი ზამთარში
ბაკურიანი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბაკურიანში თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ბაკურიანში ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. კონკურსის მონაწილეები ორ ლოკაციაზე – კოხტასა და დიდველის მწვერვალებზე იასპარეზებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე შეძენილი იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 265 მლნ ლარის ინვესტიცია.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო ღონისძიების მასპინძლობისთვის. და დღეს ბაკურიანს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება და მომავალში ზამთრის სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს. შედეგად ბაკურიანს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ყველაფერი ასევე დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართული არიან ტურიზმის ინდუსტრიაში – იქნება ეს განთავსების, კვების ობიექტი თუ სხვა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩამოვლენ ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო სპორტული მედიასაშუალებები.
„ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბაკურიანის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის კუთხით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე კონგრესზე მიიღეს. 16 თებერვალს სპორტსმენები კურორტზე პირველ ვარჯიშს გამართავენ, ძირითადი შეჯიბრებები კი 18 თებერვლიდან დაიწყება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.
ყველა ახალი ამბავი
0