ვოლსკი: უკრაინის საგარეო უწყება ესაუბროს მათ, ვინც საქართველოს ომისკენ მოუწოდებდა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. უპრიანი იქნებოდა, უკრაინის საგარეო უწყებაში ესაუბრათ იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებმაც საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი გააჟღერეს, რაც მიუღებელია ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობებში, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ამასწინათ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამასთან დასძინა, რომ უკრაინის მხარე მეტად იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს ომის თემით, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს.
„კარგია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება გააკეთა“, - აღნიშნა ვოლსკიმ ნიკოლენკოს სიტყვების შეფასებისას.
ამასთან, დასძინა, რომ უკრაინის ზოგიერთი თანამდებობის პირის განცხადება საქართველოზე მიუღებელია.
„მაგრამ ვიდრე ამ განცხადებას გააკეთებდნენ, უპრიანი იქნებოდა, ესაუბრათ საკმაოდ მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის სურვილზე შეუსაბამო და შეუფერებელია იმ აუცილებელ სტრატეგიულ პარტნიორობასთან, რაც ორ ქვეყანას შორის არის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილიის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.

ჩარევა თუ საკუთარი მოქალაქის დაცვა?

საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე.
გუშინ ქართველმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს საშინაო საქმეებში ერეოდა. ეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც კი აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე საუბრისას.
უკრაინის ლიდერმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი (სააკაშვილის) სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ და იგი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში. მისი თქმით, ის, რაც ახლა სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ბოროტებაა და ეს საქართველოს არ შეშვენის.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ერთხმად განაცხადეს, რომ ზელენსკის სიტყვებმა დაადასტურა ის, რაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ - უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩათრევა იყო.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად, რძის პროდუქტებით სავსე კონტეინერით 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს ორი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0