ამბავი მეფისა და ერისთავის მოსისხლე მტრობისა: რას შეეწირა ტფილისის გათავისუფლება

© Pixabay / valerioerraniმეომრები
მეომრები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ტრაგიკული პიროვნება, როგორიც იყო საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე კურაპალატი. ეს იყო მეფე, რომელიც ფიქრობდა ერთს, ამბობდა მეორეს, აკეთებდა მესამეს და გამოსდიოდა მეოთხე.
ის ერთიანი და ძლიერი სამეფოს შექმნაზე ოცნებობდა, თუმცა მემკვიდრეს დასუსტებული, გაპარტახებული და ტერიტორიაწართმეული ქვეყანა დაუტოვა.
სამწუხაროდ, მეფე მუდამ თავისი გარემოცვის მძევალი იყო და გადაწყვეტილებების მიღებისას მუდმივად გაბატონებული ძალების გავლენის ქვეშ ექცეოდა.
სამეფო კარზე თავიდან ლიპარიტ ბაღვაში დომინირებდა, შემდეგ სულა კალმახელი დაწინაურდა, ბოლოს კი ბაგრატი ძმებ აბაზაძეებს შეეკრა. ერთადერთი, რასაც მეფე „წარმატებით“ ახერხებდა, იყო ის, რომ ერთ გაბატონებულ კლანს მეორით ანაცვლებდა, თავად კი ვერა და ვერ გათავისუფლდა ძლიერი ფეოდალური სახლების გავლენებისგან.
სწორედ ამ კლანურ ჭიდილს შეეწირა ის ძალა და ენერგია, რაც, ლოგიკურად, გარე მტრების წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო.
ქვეყნისთვის განსაკუთრებით დამანგრეველი ხასიათი ჰქონდა ლიპარიტ ბაღვაშსა და ბაგრატ მეოთხეს შორის წარმოებულ ომს, რომელიც თითქმის 20 წელი გაგრძელდა. მართალია, ბაგრატმა მაინც მოახერხა ლიპარიტის დამარცხება, მაგრამ ეს „პიროსისეული გამარჯვება“ სამეფოს უდიდესი სახსრების, მსხვერპლისა და ენერგიის ფასად დაუჯდა.
არადა, მეფობის პირველი წლები იღბლიანი გამოდგა ბაგრატისთვის. კლდეკარის ერისთავი მეფეს ერთგულად ემსახურებოდა და ისინი ერთიანი ძალით სჭედდნენ საქართველოს ძლიერებას.
ჯერ იყო და 1028 წელს ბიზანტიელებს აჭამა სირცხვილი ლიპარიტმა, რომელთაც გამოცდილი ნიკიფორე პარაკიმენონი სარდლობდა; მერეც ისევ მეფის გვერდით დადგა, როდესაც ბაგრატს კლარჯელმა და ტაოელმა დიდებულებმა — ვაჩე კარიჭის ძემ, იოანე ბანელმა, არჯევან ჰოლოლოს ძემ და ჩანჩახა ფალელმა უღალატეს.
ჰოდა, დაამარცხეს კიდეც ლიპარიტმა და ბაგრატ მეფემ საერთო ძალით ქვეგამხედვარნი.
უფრო მეტიც, თავიდან ლიპარიტ ბაღვაში არც საქართველოს გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა. პირიქით, თბილისის აღების ინიციატორი სწორედ რომ კლდეკარის ერისთავი იყო. მერე სიტყვას საქმეც მოაყოლა და 1032 წელს, როგორც მემატიანე წერს:

„კლდეკარის ერისთავმან ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას ძემან ქართლის ერისთავმან მუხათგვერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ და შეიპყრეს“.

დატყვევებულ ამირას ბირთვისის ციხე წაართვეს და დილეგში ჩააგდეს. მისი სიცოცხლე ახლა უკვე ბაგრატის ხელთ იყო, რის გამოც ტფილისში გამაგრებული ჯაფარის მომხრეები წინააღმდეგობას ვერ სწევდნენ.
ფაქტობრივად გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ ტფილისი არაბთა თითქმის ოთხასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლებულიყო.
მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. ბაგრატ მეფეს ამპარტავნულმა პატივმოყვარეობამ დარია ხელი — თბილისი მე ვერ ავიღე, ჩემმა ყმამ როგორ უნდა მაჯობოს და ციხე-სიმაგრეს უჩემოდ დაეუფლოსო?!
ამას თან დაერთო ისიც, რომ სამეფო კარზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც მოსვენებას უკარგავდა კლდეკარის ერისთავის სახელ-დიდება და ამადაც კატეგორიულად მოსთხოვეს მეფეს, დილეგიდან გაათავისუფლე ამირა ჯაფარიო. მალემრწმენი იყო ბაგრატი და დაჰყვა ლიპარიტის მოწინააღმდეგე ერისთავთა ნებას, „შეიწყალა მეფემან ჯაფარი და გაუტევა ტფილისს ზედა ამირად“.
ამ უგუნურ ნაბიჯს მემატიანენი შიშით ხსნიდნენ — ლიპარიტის კიდევ უფრო გაძლიერების შიშით. სამწუხაროა, რომ კლანურმა ინტერესებმა ეროვნული ინტერესები გადასძალა და მაშინ ტფილისი ვერ დაიხსნეს არაბთა ბატონობისგან.
1037 წელს ბაგრატ მეოთხემ თბილისისთვის ბრძოლა განაახლა და... საშველად ისევ ლიპარიტ ლიპარიტის ძესა და კახეთ-ჰერეთის ქორეპისკოპოსს უხმო.
კლდეკარის ერისთავმაც ძველი წყენა დაივიწყა და მეფეს ეახლა. მისმა ბრძოლაში ჩართვამ შედეგი გამოიღო. საამიროს ორბეთი და ფარცხისი წაართვეს, ტფილისს კი ალყა შემოარტყეს. ქალაქში გაჭირვებამ და შიმშილმა დაისადგურა და ის იყო, არაბი მმართველები დანებებას, ხოლო ამირა ჯაფარი სასდუნით — „მწვრივის გასადინარი ნახვრეტით“, ანუ ქალაქის საკანალიზაციო მილით აპირებდა ალყისგან თავის დაღწევას, რომ მოულოდნელად ბაგრატ მეფის დესპანი ეწვია ზავის დასადებად.
ბუნებრივია, ქართველთა მეფის ამ ქმედებაში ლიპარიტის მოწინააღმდეგე ბანაკის ხელწერა იკითხება. მით უმეტეს, რომ ყველაფერი კლდეკარის ერისთავის ზურგს უკან მოხდა.
ამგვარი მუხანათობით გაოგნებულ ლიპარიტს გონს მოსვლა არ დასცალდა, რომ მსტოვრებმა კიდევ უფრო თავზარდამცემი ამბავი შეატყობინეს: უკან გაბრუნებულ ბაგრატს გზად კლდეკარის დაუცველ საერისთავოში შეევლო, ერისთავის ცოლისთვის ნამუსი აეხადა, მის მხლებლებს კი მთელი რეზიდენცია გაეძარცვათ და დაერბიათ.
დაუცველი კი იმიტომ იყო საერისთავო, რომ ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ყველა ლიპარიტს ახლდა თბილისთან გამართულ ბრძოლებში.
არადა, რაინდთა ეპოქა იდგა, მეთერთმეტე საუკუნე, როდესაც მოქმედებდა დაუწერელი კანონი, რომლის ძალითაც მეფე ვალდებული იყო, ერთგულ ქვეშევრდომთა მამული და ღირსება დაეცვა. იმავე დაუწერელი კანონის თანახმად, თუ მეფე დაუმსახურებლად შეურაცხყოფდა ერთგული ერისთავის ან აზნაურის ღირსებას, დამცირებული თავისუფლდებოდა მეფისადმი დადებული ერთგულების ფიცისგან და უფლება ეძლეოდა, შური ეძია ღირსების შემლახველზე...
და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეოდალი მეფე ბაგრატ მეოთხეს მტრად მოეკიდა — მოსისხლე მტრად. სხვა მოკავშირეებმაც ზურგი აქციეს ხელმწიფეს — არავის სურდა კლდეკარისა და კახეთ-ჰერეთის მწარე ხვედრის გაზიარება.
საქმე ისაა, რომ თბილისისთვის ბრძოლაში კახელებს ქორეპისკოპოსი მოუკლეს, ბაგრატმა კი უმეთაუროდ დარჩენილი სამთავრო დალაშქრა და დიდი ნადავლ-ნაალაფარით დაბრუნდა უკან...
ბაღვაშებსა და ბაგრატიონებს შორის ჩამოვარდნილმა მტრობამ და ატეხილმა ომმა თბილისი ყველას დაავიწყა — დედაქალაქის არაბთაგან გათავისუფლების საქმემ ერთი საუკუნით გადაიწია.
და, კიდევ: მეფისგან მოოხრებული კახეთ-ჰერეთი ბაგრატსაც შემოსწყრა და მის მემკვიდრეებსაც. ამ კუთხის საერთო ქართულ ფერხულში ჩაბმა ბაგრატ მეოთხის შვილიშვილმა დავით აღმაშენებელმა მხოლოდ ერწუხის ბრძოლაში მიღწეული გამარჯვებითღა შეძლო...
ყველა ახალი ამბავი
0