მოსაზრება: დასავლეთმა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც რუსეთის მარცხს განაპირობებს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
დასავლეთი განუწყვეტლივ და აქტიურად იხილავს კონფლიქტში გამარჯვებისა და დამარცხების თემას. ამას აკეთებენ პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, ექსპერტები და ჟურნალისტები, სამხედროები, ეკონომისტები და ენერგეტიკოსები.
საინტერესოა, რომ ისმის დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები. ერთნი ამტკიცებენ, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია, მეორენი კი დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვი დამარცხდება და იძულებული იქნება დასავლეთის მიერ წამოყენებული კაპიტულაციის პირობებს დათანხმდეს. გასულ კვირაში ფაქტობრივად ეს პოზიცია დააფიქსირა ჰენრი კისინჯერმა.
ყველა ცდილობს თავისი პოზიცია ამა თუ იმ არგუმენტებით გაამყაროს. საინტერესო და მნიშვნელოვანია დასავლურ პოლიტიკასა და საინფორმაციო ველში მსგავსი დავების წარმოქმნის თავად ფაქტი.
ნატო აშშ-ის თაოსნობით ათწლეულები აწარმოებდა მრავალ სამხედრო კამპანიას, მათ შორის გრძელვადიანს, მთელ მსოფლიოში. ზოგჯერ მასმედიაში ისმოდა მოსაზრებები ერაყიდან თუ ავღანეთიდან გამოსვლის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ეს ხმები იმდენად სუსტი იყო, რომ საზოგადოებრივ აზრზე და სახელმწიფოს პოზიციაზე გავლენას ვერ ახდენდა.
იმავე ავღანეთიდან აშშ გამოვიდა, როდესაც ვაშინგტონში ამ საკითხზე კონსენსუსი ჩამოყალიბდა. მაგრამ მასშტაბური საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეფლექსია დასავლეთის გამარჯვებისა თუ დამარცხების თემაზე იქ არ ყოფილა.
მეტიც, ის ვერც იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნატოს ოცწლიან ავღანურ ოპერაციას პრაქტიკულად არ შეუცვლია ამერიკელებისა და ევროპელების ცხოვრება. ისინი ვერ გრძნობდნენ ომის მსვლელობას.
აღნიშნული ფენომენი ეხება ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ნატოს ყველა სამხედრო კამპანიას. ვიეტნამის ომი ბოლო იყო, რომელშიც ამერიკული საზოგადოება ნამდვილად იყო ჩართული. ყველა დანარჩენი – ერაყის, იუგოსლავიის, ავღანეთის, კვლავ ერაყის, სირიისა და ა.შ. ომები დასავლეთის მოსახლეობისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა სურათები ტელევიზორის ეკრანებზე. იქ მოქმედებდნენ პროფესიონალების მცირე კონტინგენტები, ებრძოდნენ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეებს, რაც საბრძოლო მოქმედებებზეც აისახებოდა. დასავლეთის ეკონომიკა არა მხოლოდ არ ზარალდებოდა ამ ომებით, არამედ მოგებასაც კი იღებდა (ავღანეთის ნარკოტიკი, ერაყისა და სირიის ნავთობი, ტრილიონიანი საბიუჯეტო გარიგებები და სხვ.), ეს კი ირიბად უზრუნველყოფდა ბონუსებით რიგით მოქალაქეებს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს.
მაგრამ უკრაინაში ჩვეული სქემა დაიმსხვრა.
ერთი მხრივ, ახდა დასავლეთის ოცნება სრულფასოვან პროქსი-ომზე, თანაც ნამდვილად ძლიერ მოწინააღმდეგესთან. აშშ ყოველთვის იძულებული იყო ჩაბმულიყო მრავალრიცხოვან შეიარაღებულ კონფლიქტებში, რადგან მისი ადგილობრივი მოკავშირეები არ ავლენდნენ ბრძოლისუნარიანობის სათანადო დონეს. ამერიკელი სამხედროების გარეშე საჭირო შედეგის მიღწევა ვერ ხერხდებოდა. ავღანეთი იქცა მორიგ თვალსაჩინო მაგალითად, როდესაც ნატოს მიერ მომზადებული ადგილობრივი შეიარაღებული ძალები დასავლური მხარდაჭერის გარეშე უცბად დაიქსაქსნენ თალიბების მოსვლისთანავე.
უკრაინელებმა კი შესანიშნავ ჯარისკაცებად წარმოაჩინეს თავი მსოფლიოს მეორე არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთმა თავის თავზე აიღო დაზვერვა, კავშირი, დაფინანსება, იარაღით მომარაგება, სამხედრო ინსტრუქტორები, დაქირავებულები და ა.შ.
უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომელსაც ნატოს სტრატეგები დიდი ხნის წინ ამუშავებდნენ, მაგრამ მისი ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.
მეორე მხრივ, ამ წარმატებას სერიოზული „გვერდითი მოვლენები“ აქვს: ხსენებული ორმოცდაათი წელიწადის განმავლობაში დასავლეთმა პირველად იგრძნო სამხედრო დროის ტვირთი. ამდენი წელი ვისთან არ უომია, მაგრამ ევროპასა და ოკეანის გადაღმა ცხოვრებაზე ეს არანაირად არ აისახებოდა. ახლა კი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უარესდება.
დასავლეთის სირთულეების მიზეზი რუსეთი და მისი სპეცოპერაცია არ გამხდარა, უბრალოდ ის თავისი სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური სისტემის ობიექტურ დასასრულს მიუახლოვდა. მეტიც, სპეცოპერაცია არც საბაბი ყოფილა, რომელმაც კრიზისი გამოიწვია. ეს თავად დასავლეთმა გააკეთა სპეცოპერაციაზე თავისი რეაქციით, როდესაც ერთი სანქცირებული დარტყმით რუსეთის განადგურება გადაწყვიტა. სანაცვლოდ კი ბუმერანგის დაბრუნება მიიღო.
დასავლელი პოლიტიკოსები ნახევარი წელია თავიანთ მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ მათი მზარდი პრობლემების მიზეზი მოსკოვი და პირადად პუტინია. ალბათ დასაწყისში ეს ცუდი აზრი არ იყო საკუთარი პასუხისმგებლობის მოსახსნელად. თუმცა იგულისხმებოდა, რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით სწრაფად დაამარცხებდა რუსეთს და ყველაფერი მოგვარდებოდა. რომ გამოსულიყო, ასეც იქნებოდა.
მაგრამ სპეცოპერაცია გრძელდება. სანქციებს რუსეთზე დამანგრეველი გავლენა არ ჰქონია. მსოფლიოს დიდი ნაწილი პრაქტიკულად არ მალავს, რომ ამ დაპირისპირებაში მოსკოვის მხარესაა. გლობალური ეკონომიკა დედოლარიზაციას განიცდის და ახალ, დასავლეთის კონტროლისგან თავისუფალ მოდელზე გადადის.
რასაკვირველია, რუსეთსაც ყველაფერი აწყობილი არა აქვს. მაგრამ მაინც ისე ხდება, რომ უკრაინა დასავლეთისთვის ნამდვილ „შავ ხვრელად“ იქცევა, რომელიც სულ უფრო მეტ რესურსს, იარაღს, ფულს შთანთქავს. და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. სასურველი შედეგი კი ჰორიზონტივით მიუწვდომელია.
დასავლეთში მრავალი წლის შემდეგ პირველად გაჩნდა სერიოზული უთანხმოება სამხედრო თემის ირგვლივ და დაიწყო საჯარო რეფლექსია თემაზე, თუ რა ხდება და ნამდვილად საჭიროა თუ არა იმ გზის გაგრძელება, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირი შეტაკებისკენ მიჰყავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0