მოსაზრება: „ეს უძირო ორმოა“ - რა პრობლემას შეეჯახნენ ნატოში

© photo: Sputnik / Aleksandar Djorovic / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ანდრეი კოცი
ნატოში სულ უფრო იმატებს პრობლემები უკრაინაში იარაღის მიწოდების გამო. დასავლეთის არაერთი ქვეყანა საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.

დეფიციტური მასალა

დასავლური შეიარაღება თითქმის ათი თვეა უწყვეტად მიედინება უკრაინაში. თუმცა ევროპასა და აშშ-ში სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ ეჭვებს შემდგომი დახმარების მიზანშეწონილობის შესახებ.
პოლიტიკოსებისა და სამხედროების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკრაინის მიერ საბრძოლო მასალის კოლოსალური ხარჯვა. კიევს მიღებული აქვს ასობით ამერიკული ჰაუბიცა M777, ფრანგული Caesar, გერმანული PzH 2000, შვედური Archer და სხვ. ამ ყველაფერს აქტიურად იყენებენ ფრონტზე, რაც ტექნიკის გაცვეთას იწვევს და მოითხოვს მუდმივ და უწყვეტ მომარაგებას ჭურვებით. მაგრამ ნატოს მარაგი უსასრულო სულაც არ არის.
გაზეთმა Die Welt-მა დათვალა, რომ ლულიანი არტილერიისთვის ჭურვები ბუნდესვერს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში რამდენიმე დღე ეყოფა. დანაკარგის სწრაფად ანაზღაურება არ გამოვა: თავდაცვითი მრეწველობა არ არის გათვლილი 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის მასობრივ წარმოებაზე.
დეფიციტური გახდა ასევე ნედლეული, რომელიც აუცილებელია ჭურვების დასამზადებლად. გერმანიას ნედლეული შემოაქვს ჩინეთიდან, რომელმაც დეკემბრის დასაწყისში გაურკვეველი მიზეზების გამო მორიგი პარტიის გაგზავნა შეაფერხა.
პრობლემის გადაჭრას ხელს უშლის არასაკმარისი სახსრები. დეკემბერში გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა თავდაცვის მინისტრ კრისტინა ლამბრეხტს უარი უთხრა თხოვნაზე, გამოეყო თანხა საბრძოლო მასალისთვის. ოფიციალური მიზეზი – „რთული ბიოროკრატიული პროცედურებია“.

წარმოების ზრდა

ამერიკელებმა კიევს მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი გადასცეს. პენტაგონის საწყობები შესამჩნევად დაცარიელდა. შედეგად ნოემბერში კიევს M777 ჰაუბიცისთვის მხოლოდ 21 ათასი ერთეული საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.
„ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევა აშიშვლებს ნაციონალური უსაფრთხოების ორ სერიოზულ პრობლემას: საბრძოლო მასალის არასაკმარისი რაოდენობა და სირთულეები, რომლებსაც თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი აწყდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაკეთობების წარმოების სწრაფი ზრდის გამო, – ხაზს უსვამს ამერიკული გამოცემა The National Interest. – სამწუხაროდ, დარგი ათწლეულების განმავლობაში არასაკმარისად ფინანსდებოდა და ამან გამოიწვია დეფიციტი“.
გაზეთ The Wall Street Journal-ის ცნობით, ჭურვებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხრეთ კორეაში შეიძენენ, დაახლოებით 100.000 ცალს. ვაშინგტონში ესმით, რომ ეს მხოლოდ დროებითი ვარიანტია: საბრძოლო მასალა სჭირდება თავად სეულს, რათა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან მომდინარე საარტილერიო საფრთხის ნიველირება შეძლოს.
აშშ ცდილობს მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორებას. ამ დღეებში პენტაგონმა 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის ორი სახელმწიფო შეკვეთა გააფორმა. ახალი საწარმოო ხაზები გაიხსნება ტეხასსა და ოჰაიოში.
აშშ-ის არმია კიევს გაზაფხულისთვის თვეში 20.000 ჭურვის, 2025 წლისთვის კი 40.000-ის გადაცემას დაჰპირდა. მაგრამ რამდენად დაეხმარება ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც დღეში ნატოს კალიბრის ათობით ათას ჭურვს იყენებს? რუსული არტილერია საშუალოდ სამჯერ მეტს ხარჯავს.

მიდგომის გადახედვა

მარაგის ამოწურვაზე საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთშიც ალაპარაკდნენ. თუმცა The Guardian-ის ცნობით, მალე ლონდონი კიევს კონტრაქტით გათვალისწინებულ 250 მლნ ფუნტის ღირებულების ასობით ათას საარტილერიო საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
გადასცემს ასევე სარაკეტო სისტემებსა და საზენიტო იარაღს. ამავდროულად პრემიერმა რიში სუნაკმა ჩინოვნიკებს დაავალა, შეაფასონ უკრაინული კონფლიქტის მსვლელობა და როლი, რომელიც ბრიტანულმა დახმარებამ შეასრულა. სხვა სიტყვებით – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩადებული სახსრების ფინანსური აუდიტის ჩატარების განკარგულება გასცა.
„საერთო ტრენდი იცვლება, რადგან ძვირადღირებული შეიარაღების მიწოდება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, – ფიქრობს ექსპერტი ალექსეი პოდბერეზკინი. – ერთი ჭურვი ათასობით დოლარი ღირს. ამასთან, ისინი უფრო სწრაფად იხარჯება, ვიდრე იწარმოება. საარტილერიო დივიზიონისთვის მიწოდებული მასალა ერთი-ორი კვირისთვისაა საკმარისი. მათი წარმოების საშუალო ციკლი კი დაახლოებით ერთი წელიწადია“.
დეფიციტის პირობებში ნატოში გადაწყვიტეს 155 მმ-იანი ჰაუბიცის ნაცვლად 105 მმ-იანის მიწოდება. ესაა მსუბუქი იარაღი, რომელიც 1950-იანი წლებიდან მზადდება, ძლიერ ჩამორჩება თანამედროვე ჭურვებს. მოქმედების მანძილი 10 კილომეტრს არ აღემატება. ე.ი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო იარაღი ფრონტის ხაზს მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს და კარგ სამიზნედ იქცეს.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რასაკვირველია, თუ ნატოში სერიოზულად დააჩქარებენ წარმოებას, საბრძოლო მასალის უკმარისობა აღარ ექნებათ, მაგრამ ამას დრო სჭირდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0