კრიტიკული მშობლების მსხვერპლი ბავშვების 16 ნიშანი: მძიმე გავლენა

© Pixabay / Greyerbaby ბიჭი რელსებზე
 ბიჭი რელსებზე  - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თუ ბავშვს გამუდმებით დასძახებთ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს, მას საკუთარი თავის ნდობა დაეკარგება, რაც ზრდასრულ ასაკში სერიოზულად გაურთულებს ცხოვრებას, აცხადებს კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის სპეციალისტი, ფსიქოლოგი სეტ გილიჰანი.
მისი თქმით, მშობლის კრიტიკას, ასე თუ ისე, ყველა ბავშვი აწყდება. როგორც წესი, დედისა და მამის დაუფიქრებლად ნათქვამ საწყენ სიტყვებს საფუძვლად კეთილი განზრახვა უდევს — მშობლებს მიაჩნიათ, რომ ასე სტიმულს აძლევენ ბავშვებს და უკეთესისკენ სწრაფვას აიძულებენ. მაგრამ სინამდვილეში, გილიჰანის თქმით, ძალიან კრიტიკული მშობლების მიერ აღზრდილ შვილებს გრძელვადიანი უსიამოვნო შედეგები აღენიშნებათ.

„კოლეჯში ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც გამუდმებით უკმაყოფილო იყო საკუთარი თავით. არადა, არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ადამიანებს იოლად აყვარებდა თავს. მისი თვითკრიტიკა ძალიან მაფიქრებდა, მაგრამ როცა მამამისი გავიცანი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ის იმდენად კრიტიკულად და დამამცირებლად ლაპარაკობდა, რომ მასთან რამდენიმე საათის გატარებაც კი წამება იყო“, — წერს ფსიქოლოგი.

სეტ გილიჰანმა, სამეცნიერო კვლევებსა თუ საკუთარ დაკვირვებებზე დაყრდნობით, ის ნიშნები ჩამოთვალა, რომლებიც გამუდმებით უკმაყოფილო მშობლების შვილებს ახასიათებთ.

ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში მშობლები ხშირად აკრიტიკებდნენ:

1.
ეკარგება საკუთარი თავისადმი ნდობა და რწმენა — ის უბრალოდ იჯერებს, რომ მისი არცერთი აზრი და ქცევა სწორი არ არის. შედეგად – ადამიანი თავდაჯერებას კარგავს და მთელი ცხოვრება იტანჯება ამით;
2.
უჭირს ახალ ამოცანებთან შეჭიდება — ეს პუნქტი წინა პუნქტიდან გამომდინარეობს. დაბალი თვითშეფასება ხელს უშლის ადამიანს, წამოიწყოს რაღაც ახალი. ის ამას უბრალოდ ვერ ბედავს წარუმატებლობის შიშით. მას ურჩევნია შეცდომისგან თავი დაიზღვიოს და საერთოდ არაფერი გააკეთოს;
3.
შეცდომა თრგუნავს — შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის, მაგრამ მათთვის, ვისაც ბავშვობაში ხშირად აკრიტიკებდნენ, შეცდომა მისი ნაკლოვანების დასტურია. ასეთებს უბრალო გადაცდომაც კი წარსულ წარუმატებლობას ახსენებს და ღირსების გრძნობას უთრგუნავს;
4.
მიდრეკილია პერფექციონიზმისკენ — მაგრამ სრულყოფისკენ, უნაკლოობისკენ სწრაფვას იწვევს არა შესრულებული სამუშაოთი სიმაყის შეგრძნება, არამედ შიში, რომ რაღაც ისე არ გამოუვა და არაკომპეტენტური გამოჩნდება;
5.
ყოველ საქმეს დიდ დროს ახმარს — თანაც მნიშვნელობა არ აქვს, რაზეა საუბარი: მისალოცი წერილის შედგენაზე, ბებიისთვის საჩუქრის შერჩევაზე თუ რაიმე სტატიის მომზადებაზე. ასეთი ადამიანი ყველაფერზე დიდ დროს ხარჯავს შეცდომის დაშვების შიშით. ის იმდენად ცდილობს, ყველაფერი ისე გააკეთოს, „როგორც საჭიროა“, რომ ეს ხელს უშლის დავალების დროულად შესრულებაში;
6.
გამუდმებით ბოდიშობს — აბა, რა იქნება, თუ მშობლები გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ რაღაც ეშლებოდა და მართალი არ იყო?! ასეთები დარწმუნებული არიან, რომ სხვებიც მათი მშობლებივით ფიქრობენ და ამიტომ წამდაუწუმ ბოდიშებს იხდიან. საქმე შეიძლება აბსურდამდეც კი მივიდეს: ვინმემ უთხრას, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის, და იმაზეც კი მოიხადოს ბოდიში, რომ ბოდიშს იხდის;
7.
ხშირად დგება თავდაცვით პოზიციაში — ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ხშირად აკრიტიკებენ, თავდაცვის მიზნით შეტევებზე რეაგირებას სწავლობს. ამ თავდაცვითმა რეაქციებმა შეიძლება მეგობრებსა და პარტნიორებს აფიქრებინოს, რომ რაღაცები „ყოველთვის არასწორად გესმით“;
8.
უჭირს ადამიანის ნდობა — მაშინაც კი, როცა მეგობრები თუ ახლობლები სიყვარულს აჩვენებენ, ასეთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ უკვე ძალიან მოაბეზრა მათ თავი. ეს ტენდენცია შესაძლოა განსაკუთრებით ძლიერი იყოს იმ შემთხვევაში, თუ მამა ან დედა ბავშვობაში არაპროგნოზირებადად ექცეოდა — ერთ მომენტში ეფერებოდნენ და ეალერსებოდნენ, მეორე მომენტში კი უეცრად რისხვით ატყდებოდნენ თავს;
9.
არ სჯერათ კომპლიმენტებისა — კომპლიმენტზე რეაგირებისთვის გაღიმება და მადლობის თქმა კმარა, მაგრამ თუ ვინმე საქებარ სიტყვებზე უეცრად თვითკრიტიკას რთავს და ნებისმიერ პოზიტივს ანეიტრალებს, ე.ი. თქვენ წინაშეა ადამიანი, რომლითაც ბავშვობაში მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ. თუ ასეთ ადამიანს პერანგს შეუქებთ, რომელშიც თვითონაც მოსწონს საკუთარი თავი, დიდი ალბათობით გეტყვით, რომ ეს მისი ფერი არ არის;
10.
აქვს სოციალური შფოთვები — გამომდინარე იქიდან, რომ სხვების მხრიდან დადებითი დამოკიდებულებისა არ სჯერა, ასეთ ადამიანს ხშირად ეშინია კრიტიკისა და განსჯისა. კიდევ უფრო მეტად ეშინია იმისა, რომ სამსახურში რაღაცას არასწორად გააკეთებს, ხალხში რაღაც დამამცირებელი და სამარცხვინო დაემართება, ან საუბრისას მოუქნელობას გამოიჩენს;
11.
ჰყავს შინაგანი კრიტიკოსი — ეს კრიტიკოსი მშობლის მკაცრი ხმაა, რომელიც კარგს არაფერს ეუბნება ადამიანს;
12.
მიდრეკილია დეპრესიისკენ — საკუთარ თავთან ნეგატიური საუბრები და არაადეკვატურობის შეგრძნება ზიანს აყენებს განწყობასა და ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები იმის გამოც კი საყვედურობენ საკუთარ თავს, რომ დეპრესიაში არიან, რითაც ცუდი განწყობისა და საკუთარი თავის სიძულვილის სპირალი მოჰყავთ მოქმედებაში;
13.
ხშირად აკრიტიკებენ სხვებს — ასეთი ადამიანები იოლად და ავტომატურად ხედავენ სხვა ადამიანების ნაკლს და საკუთარი თავისადმი კრიტიკა მათზე გადააქვთ. შესაძლოა ის ამას საკუთარი დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარე აკეთებდეს;
14.
და-ძმასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს — სამწუხაროდ, მშობლების მხრიდან ცუდი მოქცევა ხშირად იწვევს რთულ დამოკიდებულებას და-ძმას შორის. ასეთ ადამიანს შესაძლოა ძალიანაც უყვარდეს და თუ ძმა, მაგრამ მათ მიმართ ფუნდამენტური ნდობა არ აქვს;
15.
ბევრს ფიქრობს და აანალიზებს — თავდაჯერებულობის დაკარგვა აიძულებს ასეთებს, დიდხანს იფიქროს ამა თუ იმ საკითხზე, გააანალიზოს და აწონ-დაწონოს ყველაფერი. ამან შესაძლოა იმდენი დრო დაიკავოს, რომ ადამიანმა სხეულისგან თუ სამყაროსგან მოწყვეტილად იგრძნოს თავი;
16.
აქვთ თავის გამოჩენის სურვილი — ასეთ ადამიანს გამუდმებით აწუხებს იმის დამტკიცების სურვილი, რომ საკმარისად ჭკვიანია, საკმარისად ლამაზია, საკმარისად წარმატებულია ან მდიდარი. ამ გრძნობების კომპენსირებას ის გულმოდგინე შრომითა და ყველაფერ შესაძლებლის კეთებით ცდილობს.
დაბოლოს, თუ ამ ჩამონათვალში ორიოდ თვისება გეცნოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კრიტიკოსი მშობლების გავლენის მსხვერპლი ხართ. მაგრამ თუ უმეტესი აღწერილობა „მოგერგოთ“, აუცილებლად მონახეთ დრო, რომ საკუთარ ისტორიას კარგად ჩაუფიქრდეთ და გააანალიზოთ იგი.
გახსოვდეთ: ეს ტენდენციები, ასე ვთქვათ, ქვაზე ნაკვეთი არ არის. მათი შეცვლა, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, ნამდვილად შესაძლებელია — ოღონდ ამას საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0