საეკლესიო კალენდარი: 17 დეკემბერი

© photo: Sputnik / Stringerახალი ზარზმა
ახალი ზარზმა - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს, ღირს იოანე დამასკელს და ღირს იოანე პოლივოტელ ეპისკოპოსს იხსენიებს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე
უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე., რომელსაც ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე. გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით.
დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.
ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
საეკლესიო კალენდარი: 16 დეკემბერი
ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ.
ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.
დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო,: „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.
დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.
დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.
მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა. როცა მან ქალწულისგან უარი მიიღო, მისი წამება ბრძანა.
როცა მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.
წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. დიოსკორემ წარკვეთა წმიდა ბარბარეს თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი. ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
საეკლესიო კალენდარი: 15 დეკემბერი
ღირსი იოანე დამასკელი
ღირსი იოანე დამასკელი 680 წელს დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში. მამამისი - სერგი მანსური ხალიფას კარის ხაზინადარი იყო. იოანეს გარდა მას შვილობილიც ჰყავდა - ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოზმა. იოანემ და კოზმამ ოჯახშივე მიიღეს ბრწყინვალე განათლება კალაბრიელი ბერის, კოზმას ხელმძღვანელობით, რომელიც სერგიმ დამასკოს მონათა ბაზარზე ტყვეობისგან გამოისყიდა. ყმაწვილებმა, განსაკუთრებით კი იოანემ, საკვირველი ნიჭი გამოავლინეს და ადვილად შეითვისეს რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, ასტრონომია, მუსიკა, პოეზია, საღვთო წერილი. ამგვარად განსწავლული იოანე მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას პირველი მრჩეველი გახდა და ქალაქის თავის თანამდებობაც მიიღო.
ამ დროს ბიზანტიაში აღმოცენდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელმაც იმპერატორ ლეონ III ისავრიელის (717-741) მხარდაჭერით სწრაფად იწყო გავრცელება. იოანემ მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად დაწერა სამი ტრაქტატი ხატმბრძოლთა წინააღმდეგ. წმიდანის ღვთივგაბრძნობილმა ნაწერებმა იმპერატორი გაააფთრა, მაგრამ რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ უსჯულო ლეონმა ცილისწამებას მიმართა: მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა იოანეს ხელწერით დაწერეს ეპისტოლე, რომელშიც დამასკელი მინისტრი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ეპისტოლე უღმრთო თვითმპყრობელმა თავისი პირფერობითა და ლიქნით სავსე წერილთან ერთად ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ წმიდანს თავის მართლების საშუალება არ მისცა, ბრძანა, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ნეტარი, მარჯვენა მოეკვეთათ მისთვის და სხვათა დასაშინებლად ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. მოკვეთილი მტევანი იოანეს იმავე საღამოს დაუბრუნეს დასამარხად, რის შემდეგაც წმიდანი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ყოვლადწმიდას მხურვალედ შესთხოვა, ხელი გაემრთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში ზეციური დედოფალი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა“. გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც, მაჯასთან მკლავს მიერთებოდა, სიხარულითა და მადლიერებით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: „მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15,16); ღვთისმშობლის ხატზე, რომლის წინაშეც განიკურნა, იოანემ ვერცხლის ხელი მიამაგრა სამადლობლად (იხ. 28 ივნისის საკითხავი).
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
საეკლესიო კალენდარი: 14 დეკემბერი
მომხდარი სასწაული რომ შეიტყო, ხალიფამ ირწმუნა ვეზირის უდანაშაულობა და პატივი დაუბრუნა, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანემ ამსოფელთან კავშირის გაწყვეტა განიზრახა, ხელისუფალს სთხოვა, წინ არ აღდგომოდა მის გადაწყვეტილებას და დაითანხმა კიდეც.
შინ დაბრუნებულმა უფლის რჩეულმა მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მონები გაათავისუფლა და თანაშეზრდილ კოზმასთან ერთად იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. აქ, საბა განწმენდილის ლავრაში იოანე უბრალო მორჩილად შედგა. როცა ღირსი მამის შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა შეიტყო, მას მღვდლად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში ქადაგება დაავალა, მაგრამ განმარტოებული ცხოვრებისკენ მოსწრაფე იოანე მალე დაუბრუნდა თავის სავანეს და აღსასრულამდე ღვთივსულიერ წიგნებსა და საგალობლებს ჰქმნიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ლავრა - 754 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრა და ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. ამისთვის იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. წმიდა იოანე დაახლოებით 780 წელს (სხვა ცნობით - 754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში.
ღირსი იოანე პოლივოტელი ეპისკოპოსი
ღირსი იოანე პოლივოტელი სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდანი უშიშრად ამხელდა ხატმბძროლ იმპერატორ ლეონ ისავრიელს (717-741). ღვთივსათნო ცხოვრებისათვის მას უფლისაგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა (VIII).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0