კულტურის სამინისტრო ზდანევიჩის ნახატს ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცემს

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტროს შენობა
კულტურის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
ხელოვნების მუზეუმის ფონდების შევსება 1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ კირილ ზდანევიჩის ნახატი „ქლუხორის უღელტეხილი“ შეიძინა და მას სამუზეუმო ფონდებს საჩუქრად გადასცემს.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზდანევიჩის ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადაეცემა. ინფორმაცია, თუ ვისგან ან რა ფასად გამოისყიდა უწყებამ ექსპონატი, არ საჯაროვდება.

2021 წელს საქართველოს კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო ფონდების შევსება და 1999-2010 წლებში შალვა ამირანაშვილის მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეიდან საზღვარგარეთ გატანილი ექსპონატების დაბრუნება დაიწყო.
პროექტის „ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება" ფარგლებში პირველ ეტაპზე სამინისტრომ უკვე შეიძინა 100 მხატვრის 677 ნამუშევარი. მათ შორის 524 გრაფიკული და 153 ფერწერული ტილოა.
კირილ ზდანევიჩი (1892–1969) მწერალ ილია ზდანევიჩის უფროსი ძმა იყო. მათი მამა პოლონელი იყო, ასწავლიდა ფრანგულ ენას, ხოლო დედა – ქართველი, გვარად გამყრელიძე, პიანისტი, პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე იყო.
კირილ ზდანევიჩმა ძმასთან ერთად 1913 წელს ფერწერის სამყაროსთვის აღმოაჩინა ნიკო ფიროსმანი.
იგი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა საქართველოში, კონსტანტინოპოლსა და პარიზში. მონაწილეობდა ქართველი ფუტურისტების საქმიანობაში, აფორმებდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლებს.
ზდანევიჩი 1949 წელს დააპატიმრეს და ვორკუტაში გადაასახლეს. გაათავისუფლეს 1957 წლის თებერვალში და იმავე წლის მარტში რეაბილიტირებული იყო. გარდაიცვალა 1969 წელს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ყველა ახალი ამბავი
0