„მე ქართველი გენერალი ვარ!“ - ამბავი ბათუმის ოსმალო მტრისგან გათავისუფლებისა

© FB / Demetre Bolkvadzeძველი ბათუმი
ძველი ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
გასული საუკუნის დასაწყისში, 1918 წლის მარტში ბათუმს თურქეთის მხრიდან სერიოზული საფრთხე დაემუქრა.
საკითხი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ განიხილა. იმ სხდომაზე გენერალმა ვასო გაბაშვილმა განაცხადა:
„მე ვიცნობ ბათუმის ციხეს, მომეცით 5 ზარბაზანი, 3 ათასი ჯარისკაცი და პირობას გაძლევთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში ოსმალებს კი არა, ჩიტს არ გადმოვაფრენ ბათუმისაკენ“.
გენერალს სოციალ-დემოკრატები დაუპირისპირდნენ, განსაკუთრებით „ენამზეობდა“ ევგენი გეგეჭკორი:
— რას ბრძანებთ, ბატონო გენერალო?! თქვენ თავი შუა საუკუნეებში ხომ არ გგონიათ ზარბაზნებზე და ციხეეებზე რომ გველაპარაკებით? ბათუმში ჯარი კი არა, ხალხი უნდა წავიყვანოთ. იქ საპროტესტო მიტინგი გავმართოთ და როცა ოსმალები დაინახავენ, რომ მთელი ქართული დემოკრატია მათი წინააღმდეგია, ბათუმში აღარ შემოვლენ. ოსმალო დემოკრატებიც ხომ ჩვენი ძმები არიან?!
კრებამ საბოლოოდ გეგეჭკორს დაუჭირა მხარი, ხოლო „ოსმალო დემოკრატებმა“ დაუცველი ბათუმი ორ კვირაში დაიკავეს.
ამის შემდეგ თურქებმა ოზურგეთზე მიიტანეს იერიში, მაგრამ მდინარე ჩოლოქთან გენერალი მაზნიაშვილი დაუხვდათ მილიციელ-მოხალისეებით და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მათ.
თურქების მერე ინგლისურმა სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს ბათუმი, ხოლო 1920 წლის აპრილიდან ის „პორტო ფრანკოდ“, ანუ თავისუფალ ქალაქად გამოცხადდა და, შესაბამისად, ინგლისელებმაც დატოვეს იქაურობა.
თუმცა ბათუმისთვის თურქეთის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. 1921 წლის თებერვალში ჩვენმა მეზობელმა საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა მოიმიზეზა და ვითომ ბოლშევიკური აგრესიის მოგერიებაში დახმარების მიზნით „მეგობარ“ საქართველოსთან შეთანხმება გააფორმა, რომლის ძალითაც თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფები ბათუმში შევიდნენ — დაუცველი ქალაქი პოლკოვნიკმა ქიაზიმ ბეიმ დაიკავა.
რაღა თქმა უნდა, ბოლშევიკებს კარგად ესმოდათ ზღვისპირა ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა: სწორედ ბათუმი იყო ის წერტილი, საიდანაც ბაქოდან გადმოქაჩული ნავთობი საზღვარგარეთ გადიოდა. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ აწყობდათ საპორტო ქალაქის დათმობა-დაკარგვა. მაგრამ წითელ არმიას აჭარაში შეჭრილ ოსმალებთან დაპირისპირების თავი არ ჰქონდა — ეს თურქეთსა და რუსეთს შორის ახალი ომის მაპროვოცირებელიც იქნებოდა, რაც ნადვილად არ აწყობდა კრემლს, რომელიც ისედაც რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძოდა.
და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენელმა სერგო ორჯონიკიძემ დასახმარებლად ისევ გიორგი მაზნიაშვილს მიმართა:
„თქვენ იცით, რომ კანონგარეშედ იყავით გამოცხადებული და ყველა კომუნისტს შეეძლო ადგილზევე დაეხვრიტეთ, მაგრამ მე არ მოგკლავთ, მენშევიკების გენერალო, ოღონდ იბრძოლეთ ბოლშევიკებთან ერთად!"
სწორედ მაშინ თქვა მაზნიაშვილმა ისტორიული ფრაზა:

„მე არც მენშევიკი გენერალი ვარ და არც ბოლშევიკი. მე ქართველი გენერალი ვარ!“

და ომისათვის სამზადისს შეუდგა.
ვინაიდან ქართული ჯარი უკვე დაშლილი და დემობილიზებული იყო, მაზნიაშვილმა წითელ არმიაში მომსახურე თანამემამულეები იხმო და ქართველ გვარდიელთა ფორმები ჩააცვა. შემდეგ მას კიდევ ერთი ქართველი გენერალი, დავით ართმელაძეც შეუერთდა ადგილობრივი მოხალისეებით დაკომპლექტებული 1500-კაციანი რაზმით და, აი, ასე, სახელდახელოდ შეკოწიწებული „ჯარით“ გადაწყდა კარგად ორგანიზებულ და შეიარაღებულ ოსმალურ სამხედრო შენაერთებთან დაპირისპირება.
ეს იყო მეტად მძიმე და შესასრულებლად ურთულესი ამოცანა, მაგრამ გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა ჯერ ბარცხანასთან, ხოლო შემდეგ კახაბერის ველზე ზედიზედ ორჯერ დაამარცხა თურქები და განდევნა კიდეც ქვეყნიდან.
რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ქართველმა ჯარისკაცებმა მაშინ ლამის რიზემდე სდიეს თურქ ასკერებს.
მერე კი, როცა საფრთხემ გაიარა, მაზნიაშვილმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, ოსმალო მტრისგან გაწმენდილ ბათუმში კი „წითელი მტერი“ შემოვიდა...
ყველა ახალი ამბავი
0