საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტს ელოდება

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და ალი ასადოვი
სალომე ზურაბიშვილი და ალი ასადოვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
ქვეყნებს შორის ურთიერთობების პოზიტიური განვითარება ქმნის უფრო მყარ საფუძველს პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ მან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ოქტომბერში იმყოფებოდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს არ შეხვედრია. მთავრობის ადმინისტრაციამ ეს იმით ახსნა, რომ დღის წესრიგში არ იდგა საქართველოს პრეზიდენტთან განსახილველი საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 959,6 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0