როგორ გავამხნევოთ უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანი: ხუთი აუცილებელი და ერთი აკრძალული ფრაზა

© Pexels / Keira Burton ახალგაზრდა მამაკაცისგან შეურაცხყოფილი ქალი
ახალგაზრდა მამაკაცისგან შეურაცხყოფილი ქალი  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის დასამშვიდებლად საჭირო სიტყვების შერჩევა საკმაოდ რთულია, ზოგჯერ არასწორი სიტყვა პირუკუ რეაქციას იწვევს და კიდევ მეტად ამძიმებს მავანის სულიერ მდგომარეობას, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, არსებობს ისეთი ფრაზები, რომელთა თქმაც საერთოდ არ ღირს მძიმე მდგომარეობაში მყოფისთვის, და არსებობს ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად დაამშვიდებს მას და აჩვენებს, რომ გასაჭირში მის გვერდით დგახართ და რეალურად ცდილობთ შეუმსუბუქოთ სულიერი ტკივილი.
ერთ-ერთ „უთქმელ“ ფრაზად ფსიქოლოგები მიიჩნევენ სიტყვებს „არ ინერვიულო“. თუ რატომ, სპეციალისტები ამას ასე განმარტავენ:
ადამიანები ფსიქოლოგიურ ტრავმებს უფრო ხშირად ვიღებთ, ვიდრე ფიზიკურს. და ეს ტრავმები ისევე რთულდება და მძიმდება, როგორც დაკაწრული მუხლი შეიძლება გამიზეზდეს ტრავმის უგულებელყოფის შემთხვევაში.
სიტყვები: „რა განარვიულებს? ყურადღებას ნუ მიაქცევ. სანერვიულოს თვითონვე იქმნი ცუდი აზრებით, პრობლემა შენს თავშია“, ალბათ ბევრ თქვენგანს უთქვამს ახლობლისთვის დასამშვიდებლად. მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, რას უშველით ფეხმოტეხილ კაცს, თუ ეტყვით: „ნუ მიაქცევ ყურადღებას, პრობლემა შენს ფეხშია“.
ერთ-ერთი განსაზღვრებით, ნერვიულობა − ეს რაიმე ძლიერი შეგრძნებით, შთაბეჭდილებით გამოწვეული სულიერი მდგომარეობაა. და როცა ადამიანს ეუბნებით სიტყვებს „არ ინერვიულო“, არსებითად მოუწოდებთ მას, არ განიცადოს ემოციები, ღრმად ჩაიმარხოს გრძნობები.
მაგრამ ეს, ჯერ ერთი, ძალიან ძნელი გასაკეთებელია, მით უმეტეს, თუ ადამიანს ან ვინმე გარდაეცვალა, ან ოჯახი დაენგრა, ან მძიმე ფინანსური მარცხი იწვნია; და მეორე, ემოციების შეკავებას ძალიან ცუდი შედეგები მოსდევს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის − აპროვოცირებს რა გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებს, ფსიქოსომატურ ტკივილებსა და დეპრესიას.
ასე რომ, თუ ნამდვილად გსურთ დაეხმაროთ ახლობელს მძიმე მომენტების გადალახვაში, უნდა აჩვენოთ, რომ უთანაგრძნობთ და მხარში უდგახართ, ჯობს საერთოდ დაივიწყოთ ფრაზა „არ ინერვიულო“. არსებობს სიტყვები, რომლებიც გასაჭირში მყოფის გონებამდე და გულამდე ბევრად მარტივად მივა და რეალურად შეუმსუბუქებს მას მდგომარეობას.
ასეთებია:
„მე ყოველთვის მოგისმენ“
გასაჭირში მყოფ ადამიანს, პირველ რიგში, გამოსავლის პოვნაზე მეტად, იმის ამოთქმა სურს, რაც აწუხებს. მით უმეტეს, რომ ეს გამოსავალი ზოგჯერ უბრალოდ არც არსებობს. ასე რომ, უპირველესად უთხარით ადამიანს, რომ მზად ხართ მის მოსასმენად. ყველაზე ხშირად სწორედ ესაა მხარდაჭერის საუკეთესო გამოვლინება.
ამასთან ეცადეთ სახეში უყუროთ მას − არც სმარტფონში იყუროთ, არც საათს დახედოთ და არც განზე არ დაიწყოთ ცქერა.
თუ ადამიანს საუბრის დაწყება უჭირს, შეეცადეთ დაუსვათ „წამბიძგებელი“ შეკითხვები, როგორებიცაა: მომიყები, რა მოხდა? მითხარი, რაზე ნერვიულობ? რატომ მოხდა ეს ამბავი?
„დამეხმარე გავიგო, რას გრძნობ“
მონოლოგი, რომლის დაწყებაშიც დაეხმარებით თქვენს თანამოსაუბრეს, შესაძლოა უფრო ეფექტური გამოდგეს, ვიდრე რჩევა. როცა ყველაფერს ამოთქვამს, გამორიცხული არ არის, ადამიანმა თავად იპოვოს გამოსავალი, გააცნობიეროს, რომ სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ან უბრალოდ უკეთ იგრძნოს თავი, რადგან ემოციების გულში შენახვა საჭირო აღარ იქნება.
თუმცა, თუ ხედავთ, რომ ადამიანს აშკარად არ სურს რაიმეს მოყოლა, არ დააძალოთ საუბარი. უბრალოდ უთხარით, რომ ყოველთვის მზად ხართ მის მოსასმენად, როცა ამისთვის მზად იქნება.
დაიმახსოვრეთ: როდესაც ადამიანი წუხს და ნერვიულობს, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ხუმრობითა და სიცილით შესაძლოა ძალიან უადგილო იყოს. ის, რაც თქვენთვის ყურადღების მიქცევად არ ღირს, შესაძლოა სხვისთვის თავზარდამცემი უბედურება იყოს. ნუ შეეცდებით გააუბრალოოთ მისი დარდი, მრისხანება თუ წყენა. ეს ემოციები ინდივიდუალურია.
„ეგ გრძნობა ჩემთვისაც ნაცნობია“
ამ ფრაზას ძალიან ფრთხილად უნდა მიმართოთ. თქვენი მწარე გამოცდილება შესაძლოა ზუსტად ისეთი არ იყოს, როგორშიც ახლა იმყოფება თქვენი ახლობელი. და ტკივილებიც განსხვავებულია. ამიტომ საკუთარი ისტორია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუყვანეთ მაგალითად, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს უადგილო არ იქნება.
ამასთან არ გადაიტანოთ ფოკუსი საკუთარ თავზე. არ ჩაუღრმავდეთ დეტალებს. ჯობს მოკლედ მოუთხროთ, თუ როგორ გაართვით თავი სიტუაციას, მერე კი კვლავ მის წუხილს დაუბრუნდეთ.
ამ ფრაზით აგრძნობინებთ ადამიანს, რომ ის მარტო არ არის, რომ მის გვერდით ის ადამიანია, ვისაც მსგავსი რამ განუცდია. შესაძლოა თქვენს ისტორიაში მან საჭირო მომენტები დაიჭიროს, რომლებიც ტკივილის დაძლევაში დაეხმარება.
„რა შემიძლია, რომ შენთვის გავაკეთო?“
როდესაც გრძნობთ, რომ გაქვთ ძალა და სურვილი, რომ უბრალოდ კი არ მოუსმინოთ ადამიანს, არამედ რეალურად დაეხმაროთ მას, ჰკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის.
თუ დამწუხრებული ადამიანი რჩევას გთხოვთ, ჯერ გაარკვიეთ, თავად მას თუ აქვს რაიმე იდეა სიტუაციის გამოსასწორებლად. იფიქრეთ მასთან ერთად, მოხაზეთ რამდენიმე ვარიანტი და თავად მას შესთავაზეთ ამ იდეების შეფასება.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მოუმზადოთ ჩაი, შესთავაზოთ ფილმის ყურება ან რაიმე კერძის ერთად მომზადება, რათა გონება რაიმე სხვაზე გადართოს. ხოლო თუ ასეთი საუბარი ღამით შედგება, ურჩიეთ დაიძინოს. დილით ბევრად უკეთ იგრძნობს თავს.
მაგრამ თუ ადამიანს რაიმე მძიმე კი არ შეემთხვა, არამედ დეპრესიაშია, გულითადი საუბრის გარდა, შესთავაზეთ სადმე გასეირნება. ზედმეტმა მსჯელობამ შესაძლოა კიდევ მეტად გააღრმავოს დეპრესიული განწყობა.
და არ დაგავიწყდეთ, რბილად ურჩიოთ სპეციალისტთან მისვლა, რომელიც დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება.
„რაც შენ დაგემართა, მართლაც საშინელებაა“
ძალიან მძიმეა, როცა აცნობიერებთ, რომ არ იცით, რა უნდა უთხრათ დამწუხრებულ ადამიანს. არადა მათ ხშირად მხარდაჭერა კი არა, უბრალოდ დამშვიდება სჭირდებათ.
როცა ადამიანს სული სტკივა, უნდა, რომ მისი ტკივილი ესმოდეთ და უთანაგრძნობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ იმის გამოვლენაც კი საკმარისია, რომ ნამდვილად შედიხართ მის მდგომარეობაში და მასავით გტკივათ. დასამშვიდებლად ისიც კი იკმარებს, რომ პირდაპირ უთხრათ, რაოდენ გიჭირთ მისი წუხილისა და ტკივილის ცქერა, და თბილად ჩაიხუტოთ გულში.
ჩახუტება − ეს გამხნევებისა და სიძნელეებთან გამკლავების უნიკალური მეთოდია, რომელიც მალამოსავით მოქმედებს დამწუხრებულ ადამიანზე.
ყველა ახალი ამბავი
0