შერვაშიძეთა ბებერი ლომი და უკან დაბრუნებული სამეფო ალამი: ხრესილის ბრძოლა

© Pixabay / molochszczecinშუა საუკუნეების იარაღი და აბჯარი
შუა საუკუნეების იარაღი და აბჯარი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
დღეს 265 წელი შესრულდა 1757 წლის 14 დეკემბრიდან, როდესაც ქართველთა ლაშქარსა და ოსმალო მომხდურებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა ხრესილის ველზე...
საქართველოს ისტორიაში მრავლად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს გადაუწყვეტია არა მარტო ბრძოლის, არამედ ქვეყნის ბედიც და უკუღმა დატრიალებული ჩარხი წაღმა შემოუბრუნებია.
საბედნიეროდ, ქართველები არ განვიცდით ასეთი გმირების ნაკლებობას. ამჯერად საუბარი აფხაზეთის მთავარ ხუტუნია შერვაშიძეზე გვექნება, რომელიც ასევე დიდი ქართველის, იმერთა მეფე სოლომონ პირველის ერთგული თანამებრძოლი იყო.
ხრესილის ომის გმირის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით, რომ ის იყო სამურზაყანოს ბატონ-პატრონი და ერთგულად ემსახურებოდა იმერთა მეფეებს, მათ შორის, გონიერ და ენერგიულ სოლომონ პირველს, რომელიც 1752 წელს ავიდა იმერეთის სამეფო ტახტზე.
ახალგაზრდა მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის დარღვეული ერთიანობის აღდგენა. რეაქციონერი თავადები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, სამაგიეროდ პროგრესულად მოაზროვნე ბევრმა თავადმა სოლომონს თანადგომა გამოუცხადა – ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა, რომელმაც თავისი ასული მარიამი მიათხოვა მას, მამია გურიელმა და აფხაზეთის მთავარმა ხუტუნია შერვაშიძემ.
ხუტუნია შერვაშიძე:

აფხაზეთის გადარჩენის ერთადერთი გზა ერთიანი საქართველოა“.

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელები, ჩერქეზულ-ადიღეური ტომი ჩამოასახლეს ოსმალეთის სულთნის მხარდაჭერით, რასაც იქ უცხო რელიგიისა და ცხოვრების წესის დანერგვა მოჰყვა. ჩამოსახლებულებმა მეტად შეავიწროვეს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა, მშობლიური კარ-მიდამოდან აყარეს და ძალით დაათმობინეს საძოვრები თუ სახნავ-სათესი მიწები, ურცხვად მიიტაცეს თავად.
სამწუხაროდ, ადგილობრივი მთავრები ვერ უწევდნენ სათანადო წინააღმდეგობას სულთნის მზაკვრულ პოლიტიკას და გამოსავალს ერთიანი საქართველოს ძლიერ მეფეში ხედავდნენ. ასეთად კი აფხაზ მთავარს სოლომონ პირველი მიაჩნდა.
სოლომონი პრინციპული კაცი იყო, ურჩებს არ ინდობდა, თუნდაც ახლო ნათესავებს. მეფემ მკაცრად ალაგმა ბაბუის — ზემო იმერეთის ბატონის, ლევან აბაშიძის თარეში, რომელიც სამეფო ხაზინას განუკითხავად განკარგავდა. აბაშიძე იმდენად გაანაწყენა შვილიშვილის საქციელმა, რომ მოსისხლე მტრად მოეკიდა — სტამბულს გაემგზავრა, რათა სულთანი სადამსჯელო ჯარის გამოგზავნაში დაერწმუნებინა.
თურქეთში კი ისედაც უკვე შფოთვით ადევნებდნენ თვალს დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს: ტყვეთა სყიდვის აკრძალვას, ოსმალური გადასახადების, ე.წ. სათურქოს გაუქმებას, სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას.
სოლომონი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, რაც არაფრით არ შედიოდა ოსმალთა ინტერესებში. და სულთანმაც მაშინვე სადამჯელო ლაშქარი აფრინა დასავლეთ საქართველოში. ლევან აბაშიძე პირველი შეეგება დამსჯელებს თავისი ჯარით და საქართველოში შემოუძღვა მათ. თან ახლდნენ თავადი წულუკიძე და როსტომ რაჭის ერისთავი. სოლომონის ბანაკში კი, ქვემო იმერეთის მეომრებთან ერთად, იყვნენ აფხაზები, მეგრელები და გურულები.
ბრძოლა 1757 წლის 14 დეკემბერს წყალწითელას ხეობაში, სოფელ ხრესილთან გაიმართა. საქართველოს ასაოხრებლად მოსულ ოსმალთა თითქმის ორმოცათასიან არმიას ცუცხვათის ციხის ოსმალური გარნიზონის სარდალი ალი ფაშა ხელმძღვანელობდა. გვერდით გოლა ფაშა, ქეჰაია ფაშა და ბაშ-აღა ჰყავდა თავიანთი მეომრებით.
სოლომონის ჯარი თითქმის სამჯერ ჩამოუვადებოდა მტრისას, მაგრამ ამან ვერ დააფრთხო მისი მომხრეები. ხუტუნია შერვაშიძეს სიცილით უთქვამს, რაც უფრო ბევრია ბალახი, მით უფრო ადვილია მისი გათიბვაო.
სოლომონმა ელვისებური შეტევა მიიტანა ოსმალებზე. ეს მისი საყვარელი მანევრი იყო. ამის შესახებ კარგად უწყოდნენ მოღალატე ქართველებმაც და თურქები მომზადებული დახვდნენ იერიშს. მეტიც, ლევან აბაშიძის მეომრებმა იმერთა მეფის ჯარს ზურგიდან შეუტიეს და სოლომონის სამეფო ალამი დაისაკუთრეს, რომელიც აბაშიძემ ოსმალთა სარდალ ალი ფაშას მიართვა.
თურქი მემატიანე:

„ქართველები საუკეთესო მეომრები არიან აზიაში. ელვისებური შეტევა მათი საყვარელი ილეთია“.

დროშის დაკარგვა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო იმერთა მეფის ერთგული მეომრებისთვის. შედრკნენ ქართველები, დაიბნენ. მაგრამ 80 წელს მიტანებულმა ხუტუნია შერვაშიძემ ხმალი იშიშვლა და თანამებრძოლებს ხაფი ხმით შეუძახა, მომყევით, არ დავანებოთო მტერს ჩვენი დროშა!
და შეუპოვარი თავადის შეძახილით გამოფხიზლებულ-გამხნევებული ქართველებიც მთელი ძალებით ეკვეთნენ მტერს. შერვაშიძემ ადვილად გაარღვია მტრის წინა რიგები და ოსმალთა სარდლობის კარვისკენ გაიჭრა. ყიჟინით მიჰყვნენ ქართველი მეომრებიც... და ოსმალო ფაშებმა მათ ხმლებზე წამოგებას წამებში გაასწრეს.
ხუტუნია შერვაშიძემ უკან დაიბრუნა სოლომონის დროშა და მაშინვე გაუგზავნა მეფეს. ალმის ხელახლა აფრიალებამ სიმხნევე შემატა ქართულ ლაშქარს. ხოლო ლომივით მებრძოლმა 22 წლის მეფემ თურქთა სარდალ ალი ფაშას ბურთივით წააცალა თავი.
ოსმალთა მარჯვენა ფლანგი აირია. მტრის ცენტრზე შეტევა შეტევაზე მიჰქონდათ ბერი წულუკიძისა და პაპუნა წერეთლის მეომრებს, რომლებმაც ხელთ იგდეს ოტომანთა სარდლები — გოლა ფაშა და ქეჰაია ფაშა. მტერი მთავარსარდლის გარეშე დარჩა, პანიკამ მოიცვა და ზურგი უჩვენეს ქართველებს.
მაგრამ მოღალატე ლევან აბაშიძემ გაქცეული ოსმალების ბრძოლის ველისკენ შემობრუნება მოახერხა და თავად გაუძღვა მტერს შვილიშვილის ბანაკისკენ. მაგრამ გაცხარებულ ბრძოლაში გლეხ გეგელა თევდორაძის თოფიდან ნასროლმა ტყვიამ უნაგირს მოსწყვიტა სოლომონ მეფის მოღალატე ბაბუა და თურქებიც თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ ისევ.
სახელოვანი ბრძოლა სოლომონ მეფის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. 12 ათასამდე ოსმალო ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო 15 ათასამდე ტყვედ ჩავარდა. მეფემ დატყვევებულ ოსმალო სარდლებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და იქვე აღასრულებინა სასჯელი.
მერე გამყიდველი პაპის ცხედარიც მოიკითხა და მისი მკვლელიც იხმო. ვითარ გაბედე პაპაჩემის მოკვლაო, გამომცდელად ჰკითხა გეგელა თევდორაძეს. მე პაპათქვენი კი არა, მეფის მტერი და ორგული მოვკალო, უპასუხია გლეხს... და სოლომონის ბრძანებით თევდორაძეს აზნაურობა უბოძეს.
დიახ, ხრესილის ბრძოლას უამრავი გმირი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის გამორჩეული მაინც ხუტუნია შერვაშიძე იყო, რომელმაც საარაკო გმირობა გამოიჩინა.

მხცოვანი თავადი ტოლს არ უდებდა ახალგაზრდებს და მისი ბასრი ხმალი როგორც ლერწამს, ისე ლეწდა მტრის რიგებს. ბოლოს მაინც განგმირული დაეცა ბრძოლის ველზე, მაგრამ მას უკვე მოესწრო 16 თურქი მეომრის საიქიოს გასტუმრება და ამ გამარჯვებაში უდიდესი წილის დადება.
ყველა ახალი ამბავი
0