საავტორო უფლებების მფლობელები კომპენსაციის მოთხოვნას შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას იწყებენ, რომლის თანახმად, საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ კომპენსაცია.
კანონპროექტის ინიციატორი არიან ტელეკომპანიები, რომლებიც უმაყოფილებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული კანონმდებლობა ეფუძნება სანქციების პრინციპებს და გამორიცხავს კერძო ურთიერთობებისა და შეთანხმებების პრინციპს.

ცვლილებების თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად შეუძლიათ მოითხოვონ ერთჯერადი ფულადი ანაზღაურება.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მისაღები კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებული იქნება საავტორო უფლებების დარღვევების რაოდენობასა და მათი კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღებ ფულადი ანაზღაურების ოდენობაზე.
კერძოდ, კომპენსაციის თაობაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებამოსილი პირის განცხადების შემდეგ დამრღვევ პირს ორკვირიანი ვადა მიეცემა, რათა მან უფლებამოსილ პირს მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10%-ით მეტი ოდენობა გადაუხადოს.

იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევი მიმართვიდან ორი კვირის ვადაში არ გადაიხდის ერთჯერად ფულად კომპენსაციას, უფლების მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს გზით ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობა მოითხოვოს.

კანონპროექტის ავტორის, დეპუტატ ეკა სეფაშვილის თქმით, ცვლილებების შეტანის შემდეგ, ერთი მხრივ, დაცული იქნება საავტორო უფლებები, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფილი იქნება კეთილსინდისიერების პრინციპი კერძო ურთიერთობებში.
ყველა ახალი ამბავი
0