პარლამენტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
კანონპროექტით ხდება სრულიად ახალი რეგულაციების შემოღება, რაც განსხვავებულად მოაწესრიგებს საჯარო შესყიდვების პროცედურებს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საკითხებს არეგულირებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის განცხადებით, კანონპროექტი სრულად შეესაბამება როგორც ევროკავშირის დირექტივებს, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საჯარო შესყიდვების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს.
„კანონპროექტით რადიკალურად იცვლება მოქმედი ნორმები და მიდგომები. ახალი კანონი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ბიზნესზე და იქნება უფრო მოქნილი, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ეკონომიკურად მომგებიანი წინადადება ტენდერში ყოველთვის გამარჯვებული იყოს“, – განაცხადა რაზმაძემ.
კანონპროექტი განსაზღვრავს არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების მეთოდებს, არამედ გამონაკლისებსაც, რომლითაც სახელმწიფომ შეიძლება დაარღვიოს კანონით დადგენილი წესები. პროექტი ასევე განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც შესყიდვებს აკონტროლებს შესყიდვების კომიტეტი. შესყიდვების კომიტეტი შეცვლის დღეს არსებულ სატენდერო კომისიას.
კანონპროექტის თანახმად, ერთ-ერთი სიახლე იქნება, რომ თუ შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 100 ათას ლარზე ნაკლებია, საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შესყიდვების კომიტეტის გამოყენება სავალდებულო არ იქნება.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შესყიდვების სპეციალურ პირობებს სოციალურ მომსახურებასა და სხვა კონკრეტულ სფეროებში და ადგენს ასეთი შესყიდვებისთვის სპეციალურ წესებს.

კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე წესრიგდება შავი და თეთრი სიების საკითხი. მოქმედი კანონით, შავ სიაში მოხვედრილ ეკონომიკურ ოპერატორს ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. ეკონომიკური ოპერატორის შავი სიიდან ამოღება დამოკიდებული იქნება იმაზე, აღმოფხვრის თუ არა იგი იმ გარემოებებს, რაც შავ სიაში მოხვედრის საფუძველი გახდა.

კანონპროექტი ასევე ადგენს ქართული ენის სტატუსს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ენას. ამასთან, სავალდებულო იქნება დოკუმენტები და ინფორმაცია ქართულ ენაზე წარმოადგინოს არა მხოლოდ შესყიდვის თაობაზე განმცხადებელმა უწყებამ, არამედ მომსახურების გამყიდველმა კომპანიამაც.
კანონპროექტით განსაზღვრულია საჯარო შესყიდვის სხვადასხვა პროცედურები: ღია პროცედურა, შეზღუდული პროცედურა, კონკურენტული დიალოგი, ინოვაციური პარტნიორობა, კონკურსი, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროში მომსახურების შესყიდვის მიზნით.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0