„ფარისევლობის კლასიკური მაგალითი“ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის განცხადებები რადიკალიზმს აღვივებს და აძლიერებს საქართველოში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის ზოგიერთმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა. ზოგიერთმა დეპუტატმა გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისიც კი განაცხადა, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.

„ფარისევლობის კლასიკური მაგალითია ევროპარლამენტში გამართული დებატების ის ნაწილი, როდესაც პოლარიზაციასა და პოლარიზაციის დასრულების სურვილზე საუბრობ და სწორედ შენი გამოსვლით რადიკალიზმს აღვივებ და აძლიერებ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში პრობლემას წარმოადგენს არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია და რადიკალური ჯგუფები.
© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
Шалва Папуашвили - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
შალვა პაპუაშვილი
„ის პარტიები, რომლებიც სამუშაო ჯგუფში არ იყვნენ ჩართული და რადიკალურ პოზიციებზე იყვნენ, ერთი მხრივ, არიან რადიკალები და, მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლარიზაციას უზრუნველყოფენ. სწორედ ამ ჯგუფების წახალისება ხდება ისეთი განცხადებებით, რაც არის საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მიტაცებულ სახელმწიფოზე, ოლიგარქიზაციაზე და ასე შემდეგ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით. სამუშაო ჯგუფებში ჩართულია ოპოზიციისაა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. ოპოზიციის სხვა ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკუთარი წინადადებები შეიმუშავა ალტერნატიულ ფორმატში.
მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ დებატებს, რომლებიც სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა, პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერებაზე არცერთი კითხვა არ დასმულა.

„გუშინ არავის სიტყვა „პოლიტპატიმარი“, „უკანონო განაჩენი“, გათავისუფლება იმის გამო, რომ უკანონოდ არის დაჭერილი, არ უხსენებია, ამით წერტილი დაესვა, მათ შორის, ევროპულ პარლამენტში საკითხს, იხდის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თავის სასჯელს კანონიერად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
სააკაშვილის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კატეგორიულად მოითხოვენ ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუკნიავიჩენე, დევიდ მაკალისტერი, რაფაელ გლუკსმანი, პიატრას აუშტრიავიჩუსი და სხვები.
„თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსი“- კალაძემ ევროპარლამენტარებს უპასუხა >>
უფრო მეტიც, გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ სააკაშვილს პატიმრობისას რამე მოუვა, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „ასეთ შემთხვევაში დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპისგან შეგიძლიათ მიიღოთ", – აღნიშნა გლუკსმანმა.
ევროპარლამენტში ლიბერალების მოძრაობის წარმომადგენელმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა, თავის მხრივ, სააკაშვილისადმი მოპყრობას არაადამიანური და არაცივილიზებული უწოდა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს. თუ მიშა სააკაშვილს რამე მოუვა, საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება, აღნიშნა აუშტრიავიჩუსმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა 1 დეკემბერს სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მათი თქმით, ამისთვის ყველა საფუძველი არსებობს, მათ შორის, ექსპერტების სამედიცინო დასკვნები.
სასამართლომ საკითხის განხილვა უკვე მეორედ გადადო. სხდომა 22 დეკემბრისთვის დაინიშნა.

დაბრუნება და დაკავება

სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0