10 თემა, რომლებზეც ნათესავებთან საუბარი არ შეიძლება: ფსიქოლოგის განმარტება
18:09 14.12.2022 (განახლებულია: 22:00 14.12.2022)
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. არსებობს თემები, რომელთა გამხელაც უახლოესი ნათესავებისთვისაც კი არ ღირს, აცხადებს კლინიკური ფსიქოლოგი ჯოშუა კოულმენი.
მისი თქმით, ბევრი მშობელი უხეშად ერევა უკვე ზრდასრული შვილის ცხოვრებაში, ზეწოლას ახდენს მასზე და ცდილობს ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს, როგორიც თავად მოსწონს.
იმისათვის, რომ ამგვარი დამოკიდებულება კონსტრუქციულ ურთიერთობად გადაკეთდეს, ექსპერტის აზრით, საჭიროა ვექტორის შეცვლა. მისი თქმით, არ უნდა შეგეშინდეთ, რომ ვინმეს თვალში უხეში გამოჩნდებით, თუ საქმე პირადი საზღრების დარღვევას ეხება.
„თუ გარკვეული თემები დისკომფორტს იწვევს, გააგებინეთ ადამიანს, რომ ეს თქვენთან ურთიერთობაში აკრძალული თემებია. საზღვრების დადგენა დაგეხმარებათ, მეტად თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი და ნათესავებთან ურთიერთობაც გააკონტროლოთ“, − ამბობს კოულმენი.
ფსიქოლოგის თქმით, არსებობს ათი მთავარი თემა, რომლებზე საუბარსაც უბრალოდ უნდა აუაროთ გვერდი.
ეს თემებია:
პრობლემები ურთიერთობებში
ყველა პრობლემა, გაუგებრობა და უთანხმოება, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებაში წარმოიქმნება, ეხება მხოლოდ ცოლ-ქმარს. მარკოზის სახარებაში არის ასეთი სტრიქონები:
„ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც“.
თუ ცოლ-ქმარს შორის რაიმე პრობლემა წამოიჭრა, ამაში მშობლები არ უნდა ჩარიოთ. ჯობს ოჯახის ფსიქოლოგს მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ნაბიჯი განხეთქილების, ინტრიგებისა და კიდევ მეტი არეულობისკენ.
იგივე ეხება ქორწინებამდელ ურთიერთობებსაც. ზრდასრულმა ადამიანმა პირადი ცხოვრება თავად უნდა მოიწყოს. ამ გზაზე შეცდომები და „აცდენები“ გარდაუვალია, მაგრამ ეს ყველაფერი თვითონ უნდა გამოიაროს.
ხელფასი და ხარჯები
ფული ურთიერთობებზე არანაკლებ სერიოზული მხარეა ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ ქორწინებაში ეს სფეროები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. თუ შვილების ფინანსური საქმეები კარგად მიდის, შემოსავლები იზრდება, ახლობლებს შესაძლოა პრეტენზიები გაუჩნდეთ „ნამატზე“. თუ შვილს ვალი დაედება, მშობელმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება აქვს − რჩევების მიცემით, ზეწოლითა თუ გავლენით.
აშშ-ის ქორწინებისა და საოჯახო თერაპიის ასოციაციის კვლევის თანახმად, წყვილები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ ფინანსური სტრესის დროს და ოჯახის ამბები გარეთ არ გამოაქვთ, ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვინც საკუთარ პრობლემებში სხვებს რევს.
ფულს სიჩუმე უყვარს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლობლებს რთულ სიტუაციაში ხელი არ უნდა გაუმართოთ. ეს სულ სხვაა.
სხვისი საიდუმლო
თუ ვინმემ საიდუმლო განდოთ, ე.ი. ის დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია ოთახს არ გასცდება. აქ მხოლოდ ნათესავებზე არ არის საუბარი − განდობილი საიდუმლოს გათქმა არავისთან არ შეიძლება!
მავნე ჩვევები
თუ ახლობლისთვის თქვენი ყველა საიდუმლოს გამხელას გადაწყვეტთ, დაუსვით თავს შეკითხვა: მოიტანს კი ეს რაიმე სარგებელს, თუ მხოლოდ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საფუძველს გააჩენს?
თუ მავნე ჩვევები გაქვთ, გაწუხებთ ისინი და მათგან თავის დაღწევა გსურთ, ჯობს ნათესავ-ახლობლებს კი არ გადაუშალოთ გული, სპეციალისტს მიმართოთ. საქმე ისაა, რომ ნათესავ-ახლობლები არც ფსიქოლოგები არიან და არც ნარკოლოგები. ხოლო თუ მათ შორის მართლაც აღმოჩნდა ასეთი სპეციალისტი, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს კონტრგადატანის ფენომენი, როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის არსებული ემოციური კავშირი ხელს უშლის ობიექტურობას, შესაბამისად, მკურნალობას. სწორედ ამიტომ ბევრ ქვეყანაში ფსიქოლოგებსა და ნარკოლოგებს კანონმდებლობით ეკრძალებათ ახლობლებისა და ნათესავების მკურნალობა.
პირადი ცხოვრების დეტალები
წესით, აქ ისედაც ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. შემთხვევათა 100%-ში პირადი ცხოვრების წვრილმანების გამხელას არანაირი სარგებელი არ მოსდევს − გარდა ზიანისა.
გამორიცხული არ არის, „მესაიდუმლე“ ნათესავთანაც კი მოგივიდეთ რაღაც უსიამოვნება, რის შემდეგაც მან შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება საჯაროდ გამოფინოს და ჭორიკნების „საკვებად“ გაქციოთ, ან თქვენი საიდუმლო შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენოს ისევ თქვენსავე წინააღმდეგ.
ზოგი სპეციალისტი პირადი ცხოვრების სიღრმეებზე ნათესავებთან საუბარს ფსიქიკური გადახრის ერთგვარ ფორმადაც კი მიჩნევს.
ფეხმძიმობის დაგეგმვა
არსებობენ ადამიანები, მათ შორის, ოჯახის წევრებიც, რომლებიც მეუღლეებს წამდაუწუმ უსვამენ კითხვას: „ბავშვის გაჩენას როდის აპირებთ?“ ეს, გარდა იმისა, რომ უტაქტობაა, თითოეული წყვილის პირადი საქმეა.
თუ მზად არ ხართ, არ შეიძლება შვილი მხოლოდ იმისთვის გააჩინოთ, რომ ვინმე გაახაროთ, ან მსგავსი შეკითხვის ხშირ-ხშირად დამსმელებს „პირი ამოუკეროთ“. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება ტვირთადაც კი გექცეთ. ეს რომ არ მოხდეს, უბრალოდ აღკვეთეთ ამ თემაზე საუბრები – მოუნიშნეთ ადამიანებს პირადი საზღვრები.
ერთ-ერთი ნათესავის საიდუმლო
ყველა ადამიანის გარშემო არსებობენ „სწორი“ და „არასწორი“ ნათესავები. არ ღირს ერთის საიდუმლოს მეორესთვის გამხელა, თორემ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ნათესავების კონფლიქტში რომელიმეს მხარის დაჭერა მოგიხდეთ და უროსა და გრდემლს შორის აღმოჩნდეთ.
სამომავლო გეგმები
გეგმა − ეს პირადი საგზაო რუკაა, ორიენტირია და არა სიამაყის ან მსჯელობის საგანი. ამაზე საკუთარ მშობლებთანაც კი არ ღირს საუბარი. აი მეორე ნახევრისთვის კი გეგმების გამხელა უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებელიც კია. ეს იმიტომ, რომ თქვენი გეგმები პირდაპირ ზემოქმედებს თქვენი მეუღლის ცხოვრებაზე. თქვენი სამომავლო ამოცანები სხვა არავის საქმე არ არის.
თანაც უნდა იცოდეთ, რომ, მართალია, ნეთესავებთან და მეგობრებთან მისწრაფებებზე საუბარი რამდენადმე აკმაყოფილებს ადამიანს, მაგრამ, როგორც წესი, ამის შემდეგ მას ცვლილებებისადმი ლტოლვა უნელდება.
მოგზაურობა და დასვენება
თუ შვებულების წინ გუნების გაფუჭება არ გინდათ, ნუ გაუმხელთ ნათესავ-ახლობლებს, რომ მალდივის ან სეიშელის კუნძულებზე აპირებთ გამგზავრებას. გამორიცხული არ არის, მფლანგველობისთვის გისაყვედურონ და იმდენი გეჩიჩინონ, რომ განანონ კიდეც, საერთოდ დასვენების სურვილი რომ გაგიჩნდათ. აქ აღარაფერს ვიტყვით უფრო უარესზე − შურზე!
„ადამიანებს, წყენის გარდა, შესაძლოა მრისხანებაც კი დაეუფლოთ იმის გამო, რომ მათი ფასეულობები და მიზნები ეგზომ ძლიერ განსხვავდება მათი ოჯახის წევრების ღირებულებებისა და მიზნებისგან“, − ამბობს ჯოშუა კოულმენი.
ჯობს ნათესავებს უცხოეთიდან რაიმე საჩუქარი ჩამოუტანოთ და პოზიტივით დამუხტოთ.
წარსულის შეცდომები
ნათესაურ შეკრებებზე ბევრს ეუფლება მათთვის გულის გადაშლის სურვილი. მაგრამ გახსოვდეთ, რაზეც მათთან ლაპარაკი არ ღირს − ეს წარსულის შეცდომებია.
თუ მთხრობელისთვის ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარებული ამბებია, ნათესავებისთვის ეს შესაძლოა დღის აღმოჩენად იქცეს... და ჭორები და განკიცხვებიც დაიწყოს. შესაბამისად, ნათესავებთან ურთიერთობა გაფუჭდება.
ერთადერთი, როდესაც ახლობელ-ნათესავების მხარდაჭერა ნამდვილად გჭირდებათ − ეს იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი თქვენზე ძალადობს. ოღონდ ეს სანდო ნათესავი უნდა იყოს.