საქართველოს უნებლიე მცველი კაზაკები: ამბავი ლევან დადიანის გაუგონარი სისულელისა

CC0 / Wikipedia / Public domain / სტეფანე რაზინი კასპიის ზღვაზე
სტეფანე რაზინი კასპიის ზღვაზე  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
XVII საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს, ნებსით თუ უნებლიეთ, დიდ დახმარებას უწევდნენ კაზაკები. ბატონყმობის უღელს გამოქცეულები ქალაქებიდან მოშორებით, მდინარე დნეპრის შავი ზღვის შესართავთან, მიუვალ ადგილებში ბინადრობდნენ და თავს ბრძოლებში მოხვეჭილი ნადავლით ირჩენდნენ.
ისინი განუწყვეტლივ მეკობრეობდნენ ხმელეთსა და ზღვაზე და ამით დიდ ზარალს აყენებდნენ ყირიმის სახანოსა და ოსმალეთს. კაზაკებს გამოცდილი მეზღვაურები ჰყავდათ, მათი ხომალდები თამამად დაქროდნენ ოსმალთა სანაპირო ზოლში და სადაც ოტომანთა გემს წააწყდებოდნენ, პირწმინდად ძარცვავდნენ.
თითქმის 30 წელი გაგრძელდა კაზაკთა თარეში, რის შედეგადაც ოსმალებმა და ყირიმელმა თათრებმა ფეხი ამოიკვეთეს შავი ზღვის სანაპიროდან. უფრო მეტიც, კაზაკებმა სტამბულამდეც კი მიაღწიეს, სადაც ორი პორტი გადაწვეს.
კაზაკებს ამ ბრძოლებში დიდ დახმარებას უწევდა პოლონეთის მეფე, რომელიც, მიუხედავად ოსმალებთან არსებული მშვიდობიანი ურთიერთობისა, კიდეც მფარველობდა კაზაკებს და ფულითაც ეხმარებოდა მათ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ისე გამოდიოდა, რომ ზღვიდან ჩვენს ქვეყანას კაზაკები იცავდნენ — მართალია, საკუთარი მიზნებიდან და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ „ქართულ საქმეს“ კი აკეთებდნენ.
ეს კარგად უწყოდა გურიის მთავარმა მამია II გურიელმა, რომელიც ძალიან დაუახლოვდა კაზაკებს. სწორედ მათი დახმარებით ფიქრობდა გურიელი ოსმალების მიერ წართმეული აჭარის დაბრუნებას. უფრო მეტიც, მთავარმა კაზაკებს ირანის შაჰის კარისკენაც კი გაუხსნა გზა, რათა საერთო ძალებით დაემხოთ შავ ზღვაზე ოსმალთა ბატონობა.
აი ეს კი უკვე ჭკუაში აღარ დაუჯდა სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს, რომელმაც კაზაკების, ირანის შაჰისა და გურიელის პოლიტიკურ სამკუთხედში რატომღაც დიდი საფრთხე დაინახა და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. მან ჯერ გურია და იმერეთი მოარბია, შემდეგ ანაკლიასთან შეტყუებულ კაზაკთა მცირე რაზმს გაავლო მუსრი, მოგვიანებით კი ოსმალეთის ხონთქართან და ყირიმის ხანთან ერთად შეუტია კაზაკებს და შავი ზღვის სანაპიროზე საყრდენი პუნქტები მოუშალა.
ნაცვლად იმისა, რომ კაზაკებთან ერთად ოსმალეთისთვის შეეტია, ემოციას აყოლილმა თავადმა გაუგონარი სისულელე ჩაიდინა.
მანამდე კი, 1618 წლის ზაფხულში კაზაკთა ელჩი სტეფანე დიდი პატივით მიიღეს შაჰ აბას პირველის კარზე, რომელსაც ასე შეუფასებია დესპანი და მისი ხალხი:

თქვენ არ უწყით, ვინ არის ეს კაცი; თქვენ არ უწყით, რაოდენ მამაცია მისი ხალხი. ესენი არიან შავ ზღვაზე რომ ბატონობენ, მრავალი ქალაქი რომ დაარბიეს და აურაცხელი ზარალი მიაყენეს ოსმალეთს. მათ ძალუძთ გაგვიწიონ დიდი სამსახური და მე მსურს მათი სამსახურიო.

სწორედ იმ დროს შაჰის კაზე იმყოფებოდა ევროპელი მისიონერი პიეტრო დელა ვალე, რომელსაც ბრძოლის გეგმაც კი შეუდგენია. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა წარმოადგენდა, ერთი მხრივ, პოლონელებისა და კაზაკების, მეორე მხრივ, სპარსელების დამაკავშირებელ ხიდს. გეგმის თანახმად, კაზაკებს საქართველოს ზღვისპირეთის ციხეები უნდა გაეწმინდათ ოსმალებისგან, სადაც შემდეგ სპარსულ-ქართული გარნიზონები უნდა ჩამდგარიყო.
პიეტრო დელა ვალეს სხვა იდეებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანასთან და ხალხთან დაკავშირებით. მისი აზრით, ქრისტიანი ქართველების დაცვა-მფარველობა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ს უნდა ეკისრა, ხოლო ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შემთხვევაში „რეჩ პოსპოლიტას“ ქართულ ციხეებში თავისი მეომრები უნდა ჩაეყენებინა.
გათვლა სავსებით სწორი იყო. პოლონეთის, ირანისა და კაზაკთა ერობლივი ლაშქრობები ოსმალეთს ნამდვილად კიდევ უფრო დაასუსტებდა. რაც მთავარია, დელა ვალეს გეგმის განხორციელება, ერთი შეხედვით, აბსოლუტურად რეალური იყო და შაჰის კარმაც მოიწონა იგი.
მაგრამ არც სტამბულში ისხდნენ გულხელდაკრეფილნი. სულთანი, რომლის ბანაკშიც აღმოჩნდნენ კიდეც სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი, იმერეთის მეფე გიორგი III და კახეთის მეფე თეიმურაზ I, ყველაფერს აკეთებდა ამ კოალიციის დასაშლელად.
ვინაიდან პოლონეთის, კაზაკებისა და ირანის დამაკავშირებელი ხიდი საქართველო იყო, „ბრწყინვალე პორტა“ (დიპლომატიის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული ტერმინი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მთავრობას, ანუ დიდი ვეზირისა და დივნის კანცელარიას აღნიშნავს - რედ.) ამ „ხიდის“ მოშლას შეეცადა: სულთანმა ჯერ მამია გურიელი „მოიყვანა ჭკუაზე“ − იძულებული გახადა, ზურგი ექცია ირანისთვის და ფადიშაჰისთვის გამოეცხადებინა მორჩილება, მერე ლევან დადიანმა კაზაკებს საყრდენი პუნქტები მოუშალა, ხოლო იმერეთის მეფემ, ოსმალთა კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, 40 კაზაკი დააპატიმრა და სულთანს გაუგზავნა სტამბულში.
ამით ჩაწყდა კიდეც კავშირი სპარსეთსა და მის ევროპელ მეგობრებს — პოლონეთსა და კაზაკებს შორის. ამის პარალელურად „ბრწყინვალე პორტამ“ ჯარების თავმოყრა დაიწყო სპარსეთის საზღვართან, ხოლო ხალილ ფაშას თბილისის აღება და ტახტზე თეიმურაზ I-ის აღდგენა ებრძანა.
შაჰ აბასი იძულებული გახდა, ხელი აეღო დელა ვალეს გეგმების განხორციელებაზე და აქცენტი უკვე დაპყრობილი ციხეების შენარჩუნებაზე გადაეტანა.
და, მაინც, კაზაკებისა და პოლონელების მეგობრობა საქართველოსთან კვლავაც გრძელდებოდა. ამაზე ნათლად მეტყველებს 1621 წელს მომხდარი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ თეიმურაზი I კაზაკებისა და პოლონელებისთვის საძულველი სულთნის ვასალი იყო, პოლონეთის მეფემ საჩუქრებით დატვირთული სამი ხომალდი გამოუგზავნა კახეთიდან გაძევებულ და გონიოს ციხეს თავშეფარებულ კახეთის მეფეს. თუმცა ეს მეგობრობა სტრატეგიულ სამხედრო თანამშრომლობაში აღარ გადაზრდილა.
ყველა ახალი ამბავი
0