ნაღდი თათრული აზუ: უგემრიელესი კერძის დეტალური რეცეპტი

© Pixabay / Baohmაზიური კერძი
აზიური კერძი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ნამდვილი თათრული აზუს კლასიკურ რეცეპტს.
აზუ თათრული კერძია, რომელიც, ვისაც გაუსინჯავს, ყველას მოსწონს. ეს კია, აქამდე არ წყდება კამათი, რომელი ხორცით ჯობს მისი მომზადება – ძროხისა თუ ცხვრისა, კარტოფილით თუ უკარტოფილოდ, მწვანილით თუ უმწვანილოდ...

თუმცა, ეს უფრო გემოვნების საკითხია და ვისაც როგორ მოსწონს, ისე ამზადებს.
ჩვენ კი ნამდვილი თათრული აზუს კლასიკურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც აზიაში აუცილებლად კოცონზე შემომდგარ ქაზანში იხარშება, ჩვენ კი მარტივად შეგვიძლია ღომის ან ნებისმიერი სქელძირიანი ქვაბი გამოვიყენოთ გაზის ღუმელზე.

ინგრედიენტები:

ხორცი - 500 გრამი (რისიც გნებავთ);
კიტრის მწნილი - 3-4 ცალი;
ხახვი - 5 თავი;
სტაფილო - 1 ცალი;
კარტოფილი - 1 კგ;
ნიორი - 4 კბილი;
პომიდორი - 3 ცალი;
ოხრახუში - 5-6 ღერი;
ზეთი - 50 გრამი;
მარილი, შავი დაფქული პილპილი, მწარე წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი

კარგად გარეცხილ ხორცს მოაშორეთ ძვლები და აპკი, შემდეგ კი დაახლოებით 1 სმ სისქის მოგრძო ნაჭრებად დაჭერით;
ჩაასხით ქვაბში კერძისთვის განსაზღვრული ზეთის მესამედი და ჩაყარეთ ხორცი, გაუჩერებლად ურიეთ მანამ, სანამ ხორცს კანი კარგად არ დაებრაწება;
დაამატეთ ხორცს ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ წვა. მიაქციეთ ყურადღება: წვა და არა შუშვა. ამიტომ ცეცხლი უნდა იყოს მაღალი, ოღონდ მორევა არ უნდა შეწყვიტოთ, სანამ ხახვი არ დარბილდება. ამ მომენტში უკვე შეგიძლიათ დაამატოთ მთლიანი ცხარე წიწაკა, თუ სურვილი გაქვთ;
როდესაც ხახვი დარბილდება, ჩაყარეთ ქვაბში მსხვილად გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო და ისევ განაგრძეთ წვა - ამჯერად უკვე სტაფილოს დარბილებამდე;
როცა სტაფილო საჭირო კონდიციამდე მივა, ჩაყარეთ ქვაბში წვრილად დაჭრილი ან მსხვილად გახეხილი კიტრის მწნილი და ასევე სიგრძეზე (როგორც სალათისთვის) დაჭრილი პომიდორი - კანიანად და თესლებიანად. თუ პომიდორი ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტომატით;
მოურიეთ ქვაბს, დაამატეთ ცოტა წყალი, დაახურეთ ხუფი და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შუშეთ დაბალ ცეცხლზე;
ამის შემდეგ ჩაამატეთ კერძს მსხვილ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი და შუშეთ კიდევ 10 წუთი;
სანამ ხორცი და ბოსტნეული იშუშება, დარჩენილ ზეთზე კარგად დაბრაწეთ მომცრო ნაჭრებად (სიგრძეზე ან კუბებად) დაჭრილი კარტოფილი;
როცა ხორცი და ბოსტნეული ნიორთან ერთად შუშვას დაასრულებს, ჩაამატეთ ქვაბში შემწვარი კარტოფილი, მარილი და პილპილი (ასევე ცხარე წიწაკა, თუ ის ადრევე არ გამოიყენეთ), ფრთხილად ამოურიეთ და კიდევ 10-12 წუთი შუშეთ დაბალ ცეცხლზე;
ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თეფშებზე ამოიღოთ გამზადებული აზუ და მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
მორჩა, ტრადიციული თათრული აზუ მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ყველა ახალი ამბავი
0