ეროვნული ბანკი ირანთან საბანკო ოპერაციებზე კონტროლს ამკაცრებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
კომერციული ბანკები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები მათი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაავალა ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები და განახორციელონ ამ ქვეყანასთან ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი. ამის შესახებ ნათქვამია რეგულატორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით მიიღო და კომერციულ ბანკებს მოუწოდა, თუ არსებობს სანქციების დარღვევის რისკი, არ განახორციელონ ამ ტიპის ტრანზაქციები.

„ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების ჩართულობით შემუშავდა დებულება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც კომერციული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტის შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო საკორესპონდენტო ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და სანქციების რეჟიმთან შესაბამისობას.
გარდა ამისა, კომერციული ბანკები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები მათი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.
სანქციების დარღვევისთვის ბანკები და კომერციული ორგანიზაციები დაჯარიმდებიან>>>
რეგულატორის ინფორმაციით, ბოლო თვეებში COVID-19-ის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის სატრანზიტო დერეფნის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა.
„პირდაპირ ან ირიბად ირანთან ან ირანული წარმოშობის საქონელთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციები, მათ შორის ირანის ტერიტორიის გავლით, ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბანკო ანგარიშსწორება, შესაძლებელია, აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს.
ყველა ახალი ამბავი
0