ვალდაის აზიური კონფერენცია: რუსეთი და აზია ახალი წესრიგის ფორმირების პირობებში

© photo: Sputnik / Pavel Birkin
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
კლუბ „ვალდაის“ მეცამეტე აზიური კონფერენცია, რომლის სახელწოდებაა „რუსეთი და აზია ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირების პირობებში“, 13-14 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში ჩატარდება.
სანქტ-პეტერბურგის კონფერენციას დაესწრებიან ვალდაის კლუბის აზიის ექვსი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ვიეტნამი, ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, პაკისტანი და კორეის რესპუბლიკა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ექსპერტები რუსეთიდან, ინდონეზიიდან, ყირგიზეთიდან, მალაიზიიდან, მონღოლეთიდან, სინგაპურიდან და შვედეთიდან. სულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი. საპატიო სტუმრის სტატუსით შეხვედრაზე მიწვეულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო.
რამდენიმე წლის განმავლობაში ვალდაის აზიური შეხვედრები იმართებოდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანაში. ბოლო ორი წელია, ის კორონავირუსის პანდემიის გამო მოსკოვში ტარდება. წელს კონფერენციას პირველად უმასპინძლებს სანქტ-პეტერბურგი. ვალდაის კლუბი ყოველწლიურად ჩადის ჩრდილოეთის დედაქალაქში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, წელს კი იქ საკუთარ საერთაშორისო კონფერენციასაც მართავს.
ევროპულ სახელმწიფოებთან რუსეთის თანამშრომლობის შეწყვეტასთან ერთად სანქტ-პეტერბურგი, როგორც მსხვილი სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი, სულ უფრო მეტად ერთვება აზიელ პარტნიორებთან ვაჭრობაში. აზიისთვის პეტერბურგი არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე ვლადივოსტოკი თუ ულან-უდე. რუსეთის მიბრუნება აღმოსავლეთისკენ, რაც შეიძლება შემდგარ ფაქტად ჩაითვალოს, ეხება არა მხოლოდ შორეულ აღმოსავლეთს, არამედ რუსეთის ევროპულ ნაწილსაც, სადაც სანქტ-პეტერბურგი მდებარეობს.
აზიური „ვალდაი“ გააგრძელებს დისკუსიას, რომელიც კლუბ „ვალდაის“ XIX ყოველწლიურ სხდომაზე დაიწყო და ეხება მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პირობებში საერთაშორისო საზოგადოების ადგილს. ამჟამად აზიის სახელმწიფოების წინაშე დგას ამოცანა, განსაზღვრონ თავიანთი როლი ახალ საერთაშორისო პირობებში, როდესაც დასავლეთის ჰეგემონობა ადგილს უთმობს მრავალპოლარულობას. ეს საკითხი - ერთ-ერთი ცენტრალურია კონფერენციის მონაწილეებისთვის. „მსოფლიო ზესახელმწიფოების გარეშე“ მოხსენების ავტორები ფიქრობენ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ „საშუალო მასშტაბის ქვეყნები“, რომელთა შორის ბევრია სწრაფად მზარდი აზიური სახელმწიფო, მაგალითად, ვიეტნამი, ინდონეზია, კორეის რესპუბლიკა, თურქეთი და სხვ. ექსპერტების აზრით, ეს ქვეყნები დამოუკიდებელი ხაზის გასატარებლად საკმარის რესურსებსა და მოქნილობას ფლობენ.
კონფერენცია პეტერბურგში განსაკუთრებით აქტუალური და დროულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კორექტირების ფონზე. ობიექტური მიზეზების გამო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კავშირების განვითარება ახლა პრიორიტეტია როგორც რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის, ისე ბიზნესისთვის. წელს ღონისძიების მონაწილეთათვის იხსნება ფართო სადისკუსიო სივრცე: ბოლო ცხრა თვეში არსებითად გაიზარდა რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აზიის ქვეყნებთან, ვლადივოსტოკისა და ნოვოროსიისკის პორტები რუსეთში აზიური საქონლის შემოდინების გამო ყველაზე მეტად დაიტვირთა. ზაფხულიდან სწრაფად გაიზარდა ხალხის მოძრაობა - გაიხსნა ახალი საფრენი მიმართულებები, თანდათანობით განახლდა პოსტპანდემიური ლოგისტიკური კავშირები აზიასა და რუსეთს შორის.
„აღმოსავლეთისკენ შებრუნების“ რუსული კონცეფცია თავდაპირველად ეფუძნებოდა იდეას, რომ აზია იყო მშვიდობის ზონა. განსხვავებით ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისგან, სადაც არსებობს სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებული სერიოზული რისკები, აზიაში არ არის რელიგიური რადიკალიზმი, სამხედრო კავშირები, რომლებიც აღმართავდნენ გამყოფ ბარიერებს და ანტირუსულ საგარეო პოლიტიკას. სწორედ ამიტომ რუსეთის მონაწილეობა აზიის მრავალმხრივ ფორმატებში ნაკლებად უკავშირდება უსაფრთხოების ინტერესებს. რუსეთი არასდროს არ ცდილობდა რეგიონის ქვეყნების ჩართვას დასავლეთთან დაპირისპირებაში. დეგლობალიზაციის პროცესი, მასთან დაკავშირებული დედოლარიზაცია და აზიის ქვეყნებთან ანგარიშსწორების ეროვნულ ვალუტებში გადატანა - აქტივობის ცენტრისა და გავლენის ევროატლანტიკური რეგიონიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ინდოეთის ოკეანის რეგიონში კანონზომიერი გადასვლის ნაწილია.
აზიური ვალდაის ჩატარება წლის ბოლოს საშუალებას იძლევა, დისკუსია გაიმართოს რეგიონში ბოლო თვეებში ჩატარებული მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების, მაგალითად, ინდონეზიაში G20-ის სამიტის და ტაილანდში APEC-ის სამიტის, შედეგების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ სამიტის მზადების პროცესში ინდონეზია აშშ-ის მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა, ინდონეზიის ხელმძღვანელობამ პრინციპული პოზიცია დაიკავა და მხარი დაუჭირა სამიტში „ოცეულის ჯგუფის“ ყველა მონაწილის თავისუფალ და თანასწორ მონაწილეობას. ორივე მოედანზე რუსეთმა კვლავ დაამტკიცა, რომ რჩება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ და მის გარეშე შეუძლებელია არსებითი საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიღება.
უახლოეს პერსპექტივაში დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში აზია რჩება რუსეთის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. სწორედ ამიტომ კონფერენციის სამი სესია ეძღვნება რეგიონთან ურთიერთობის ეკონომიკურ ასპექტებს. ერთი მხრივ, ასეთი ყურადღება აზიისადმი უკავშირდება რუსეთის კავშირების გაწყვეტას დასავლეთთან და ახალი ბაზრების მოძიების აუცილებლობას. მეორე მხრივ - რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გამყარების პროცესი ჯერ კიდევ წინა ათწლეულის დასაწყისში დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან აზიის ქვეყნების წილი ევროპის წილის შემცირების პირობებში 45%-ს შეადგენდა. ჯერჯერობით რუსეთი სასურველი დოზით არ არის წარმოდგენილი აზიაში, არასაკმარისია აზიური კომპანიების ინვესტიციების დონე რუსეთის ეკონომიკაში. აუცილებელია ასეთი ურთიერთობის გამოცდილების სწრაფად დაგროვება ევროპასთან საინვესტიციო კავშირების მსგავსად, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ XIXსაუკუნეში ჩაეყარა.
ცალკე სესია ეძღვნება აზიაში რუსეთის მონაწილეობით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საკითხს. აზიის სახელმწიფოებთან მოსკოვის ურთიერთობის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მომენტამდე მხარეებს შორის არ ყოფილა გამომუშავებული მსგავსი შეთანხმებების ამოქმედების პრაქტიკა. მიუხედავად მზარდი სავაჭრო ბრუნვისა, რუსეთისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები არ გამოირჩევა გახსნილობით. სესიის მიზანია არა მხოლოდ იმის გაგება, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, არამედ აზიასთან ვაჭრობის მთავარი შემადგენლებისა და მხარეთა რეალური ინტერესების განსაზღვრა.
აზიური ვალდაის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აზიის რეგიონის აღიარებული ინტელექტუალები, ეკონომიკის დარგის, გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები.
უცხოელ სტუმრებს შორის იქნებიან: ვიეტნამის დიპლომატიური აკადემიის სამეცნიერო დარგის ვიცეპრეზიდენტი ნგუენ ხუნ სონი; გადამდგარი გენერალ-მაიორი, ინდოეთის სტრატეგიული კვლევებისა და მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი რაკეშ ბჰადაურია; ჯენდერალის უნივერსიტეტის ექსპერტი აჰმად იანი, ინდონეზიის თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსი რაჰაკუნდინი ბაქრი კონი; შანხაის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცეპრეზიდენტი ნელსონ ვონგი; მონღოლეთის პარლამენტის დეპუტატი, მონღოლეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ეთოს საპარლამენტო ასამბლეაში დამდინ ცოგტბაატარი; Pakistan House-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მუჰამად ატარ ჯავედი; კორეის საერთაშორისო მაკროეკონომიკისა და ფინანსების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი ჩონ იუნშჩიკი; ტელეწამყვანი და საერთაშორისო მიმომხილველი სინგაპურიდან ლილი ონგი და სხვები.
რუსეთის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: კლუბ „ვალდაის“ განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი ბისტრიცკი; კლუბ „ვალდაის“ განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის სამეცნიერო განყოფილების დირექტორი ფიოდორ ლუკიანოვი; კლუბ „ვალდაის“ პროგრამული დირექტორი ტიმოფეი ბორდაჩოვი; სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ამერიკული კვლევების კათედრის გამგე იანა ლეკსუტინა; სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ხო ში მინის ინსტიტუტის შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე ვლადიმირ კოლოტოვი და სხვები.
ყველა ახალი ამბავი
0