საქართველოს რომელი დაცული ტერიტორია აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული იანვარ-ნოემბერში

© courtesy of Agency of Protected Areaპრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
გამოწერა
წელს განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, წალკის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2022 წლის 11 თვეში 882.352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია, აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
იანვარ-ნოემბერში განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, წალკის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი.
„მიმდინარე წელს სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყებამ მიმდინარე წელს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: გაიხსნა წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ, წალკის კანიონი დაცული ტერიტორიების ტოპ-სამეულში მოხვდა.
უწყების ინფორმაციით, 2022 წელს გაიხსნა ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მაჭახელას ეროვნულ პარკში მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა; მოეწყო 900 კილომეტრამდე ბილიკების ქსელი, მათ შორის, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი და სხვა.
„აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც საბოლოოდ პოზიტიურად ისახება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე - იზრდება დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი, უმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები“, - წერია ინფორმაციაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებისთვის მომდევნო წლის განმავლობაშიც არაერთ მნიშვნელოვანი სიახლის შეთავაზებას გეგმავს, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0