მართა ბაგრატიონის ბრძოლა ტახტისთვის: ამბავი ბიზანტიის ქართველი დედოფლისა

გამოწერა
ქართველი ქალები ნიჭიერების, სიქველის, კდემამოსილებისა და მომხიბვლელი გარეგნობის გამო დიდად სახელგანთქმულნი იყვნენ ძველ მსოფლიოში. საქართველოს მეფეთა და დიდგვაროვანთა ასულებზე დაქორწინება არაერთი დიდი ხელმწიფისა თუ უფლისწულის ოცნება იყო — ზოგისთვის ახდენილი, ზოგისთვის — აუხდენელი.
სანატრელ სარძლოებს კი, სადაც უნდა წასულიყვნენ, რომელი ქვეყნის დედოფლებიც არ უნდა გამხდარიყვნენ, ყველგან და მუდამ ახსოვდათ სამშობლო და მისი კეთილდღეობისათვის თავდაუზოგავად იღვწოდნენ. თან მეუღლეთა სამშობლოსაც ერთგულად ემსახურებოდნენ, რაც დიდ ავტორიტეტს უხვეჭდა მათ.
ქვემოთ ბიზანტიის უბადლო დედოფლის – მარიამის ამბავი გვსურს გიამბოთ.
მარიამი, დაბადებით მართა, საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ისა და ბორენა ოვსთა მეფის ასულის შვილი იყო. 6 წლის მართა კონსტანტინოპოლს წაუყვანიათ აღსაზრდელად ბიზანტიის დედოფალ თეოდორას მოთხოვნით. მაგრამ იმპერატრიცამ მარიამის ხილვა ვერ მოასწრო. ის იმ დღეს გარდაიცვალა, რა დღესაც მარიამმა კონსტანტინოპოლის მიწაზე დადგა ფეხი.
როცა დედოფალ თეოდორას ცხედარი სასახლიდან გამოასვენეს, სწორედ იმ მომენტში მიუყვანიათ 6 წლის მარიამი სასახლეში. დაკრძალვის დამსწრე ქართველთა შორის მყოფ გიორგი მთაწმინდელს ქართველი პრინცესა რომ დაუნახავს, აღტაცებით წამოუძახია:

„უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა!“

თეოდორას დაკრძალვის შემდეგ ქართული დელეგაცია მართასთან ერთად მცირე ხანს გააჩერეს კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნეს.
თუმცა, ათიოდე წლის შემდეგ, ბიზანტია-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვამ აიძულა ბაგრატი, ქალიშვილი ბიზანტიის კეისარ მიხეილ VII დუკასთვის მიეთხოვებინა. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი მართა მარიამ დედოფლად მონათლეს.
მერე, როცა 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა და კეისარ მიხეილს ბერად აღკვეცა აიძულეს, იმის შიშით, რომ შვილს — კონსტანტინე დუკას ტახტი არ დაეკარგა, დედოფალი მარიამი იძულებული გახდა მონასტერში მყოფი მეუღლის სიცოცხლეშივე გაჰყოლოდა ცოლად სხვა იმპერატორს, უკვე მოხუცებულ ნიკიფორე III-ს. ოღონდ იმ პირობით, რომ ის კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა.
ქართველი ქალის სილამაზით დატყვევებული იმპერატორი მარიამის ყველა კაპრიზის ასრულებაზე თანახმა იყო, ოღონდაც მისი გამხდარიყო.
მარიამ დედოფლის უზადო მომხიბვლელობას არაერთი ბიზანტიური წყარო აღწერს. კვიპაროსივით მაღალი და ტანადი ყოფილა დედოფალი, თოვლივით თეთრი პირსახითა და გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქვნილი. წამწამები — გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები — ცისფერი, საუბარი — მეტად თავდაჭერილი და ზრდილი.
მისი თანამედროვე ბიზანტიელი მემატიანე, ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი ანა კომნენე დაუფარავი აღტაცებით წერს მარიამის სილამაზეზე:
იმპერატორი ნიკიფორე III და დედოფალი მარიამი - Sputnik საქართველო

„დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა — ყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას. არც ფიდიასს, არც აპელეს და არც სხვას არ დაუტოვებია მარიამის მსგავსი ქანდაკება. ასეთი თანაზომიერება ასოთა და ნაკვთთა, ასეთი შეხება მთელისა ნაწილებთან, მართლაც რომ არავის უნახავს ადამიანის აღნაგობაში. ეს იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ატყვევებდა და აქვავებდა მშვენიერების მოყვარულთ“.

უზადო სილამაზესთან ერთად ღმერთს დედოფლისთვის მეტად გამჭრიახი გონებაც ებოძებინა. ამადაც, კეისარი ხშირად ეთათბირებოდა სახელმწიფო საქმეებზე მას და ჭკუასაც ეკითხებოდა. სწორედ ამ ჭკუა-გონების გამო იყო, რომ მეტად დიდი გავლენით სარგებლობდა ქართველი დედოფალი მთელ იმპერიაში. თუმცა ეს კია, პირობა არ შეასრულა ნიკიფორე III-მ, კონსტანტინეს გაკეისრება კვლავაც სათუო იყო.
და დედოფალი მარიამი ალექსი კომნენოსს დაუდგა გვერდით, ნიკიფორეს ტახტიდან ჩამოგდებაში შეუწყო ხელი. სამაგიეროდ კონსტანტინესთვის მემკვიდრის უფლება უნდა შეენარჩუნებინა ახალ კეისარს.
ალექსი კომნენოსმა წერილობით აღუთქვა დედოფალს, რომ თანამმართველად დაისვამდა მის ვაჟს. ასეც მოიქცა. და უფრო მეტიც, თავისი ასული ანაც მიათხოვა და ტახტის მემკვიდრედაც გამოაცხადა. მაგრამ მერე თავად შეეძინა ვაჟი და კომნენოსმა კონსტანტინე მეუღლესაც გააშორა, საიმპერატორო პატივიც აჰყარა და სამეფოდანაც გააძევა.
და მარიამმა კიდევ ერთხელ სცადა შეთქმულების მოწყობა. მაგრამ მარცხი იწვნია დედოფალმა, შეთქმულება გამჟღავნდა და...

მაინც ვერ დასაჯა მარიამი იმპერატორმა, მხოლოდ სახელმწიფოს მართვას ჩამოაშორა და კუნძულ პანკრიპოზე გადაასახლა. თუმცა იქიდანაც განუწყვეტლივ ცდილობდა ბიზანტიის ტახტზე აეყვანა ვაჟი. ბრძოლა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა დედოფალმა, როცა 21 წლის კონსტანტინე გარდაიცვალა. მაშინ მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა...
ყველა ახალი ამბავი
0