რატომაა საშიში ხურმა და როგორ მოვაშოროთ მწკლარტე გემო: ექიმების რჩევა

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. ხურმის შეუზღუდავად ჭამამ შესაძლოა ადამიანი იქამდე მიიყვანოს, რომ მას სერიოზული ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, იუწყება საიტი news-fast.com.
საიტის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში მსგავსი ოპერაცია ჩაუტარდა მამაკაცს, რომელიც მუცელში შემბოჭველ ტკივილებს, გულისრევასა და სამი დღის განმავლობაში გაუვალობას უჩიოდა. როგორც გაირკვა, მწვავე გაუვალობა იმით იყო გამოწვეული, რომ პაციენტს ბევრი ხურმა ჰქონდა ნაჭამი.
უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმებმა მამაკაცის მუცელში ფიტობეზოარი – უცხო სხეული აღმოაჩინეს, რომელიც უხეში ბოჭკოების დაგროვების შედეგად იყო ჩამოყალიბებული და რომლის მონელებაც შეუძლებელია.
მედიკოსების თქმით, ფიტობეზოარი ძალიან სწრაფად ფორმირდება დაუმწიფებელი ხურმისგან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ფისოვან და შემკვრელ ნივთიერებებს. თუმცა მწიფე ხურმაც ასევე საშიშია, თუ ადამიანი მას დიდი რაოდენობით მიირთმევს.
ექიმები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი დღეში მხოლოდ 150 გრამამდე ხურმის მიღებაა უსაფრთხო.
რაც შეეხება შაქრიანი და ინსულინრეზისტენტული დიაბეტის მქონე პაციენტებს, მათ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ხურმის მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ის დიდი რაოდენობით საქაროზას შეიცავს, ასეთმა პაციენტებმა საერთოდ უარი უნდა თქვან ხურმაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ექიმები კატეგორიულად კრძალავენ ხურმის მიცემას 3 წლამდე ბავშვებისთვის.
ამასთან, ხურმა სასურველია მიირთვათ მწიფე და თანაც დღისით, არავითარ შემთხვევაში ღამით, ვინაიდან ეს ხილი კუჭისთვის საკმაოდ აგრესიულია.
რაც შეეხება სარგებლობას, ხურმა მდიდარია მიკროელემენტებით – იოდით, რკინით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, მანგანუმით, მაგნიუმით. მასში დიდი რაოდენობით შედის ასევე А, С და В ვიტამინები.
ხურმა სასარგებლოა ავიტამინოზისა და ასევე რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის, ის ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების განვითარების რისკს. ის მარგებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის, ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აქვს შარდმდენი თვისება.

როგორ მოვაშოროთ ხურმას სიმწკლარტე

ირკვევა, რომ ხურმას მწკლარტე გემოს ტანინები აძლევს. თუ ისინი დიდი რაოდენობით შედის ხილში, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს თირკმლებისა თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში და ამას ღვიძლის ინტოქსიკაციაც კი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ ჯობს ხურმა გათალოთ და ისე მიირთვათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხურმა ბოლომდე მწიფე არ არის.
რაც შეეხება კარგად დამწიფებულ ხურმას, მასში ტანინები აღარ შედის და მისი ჭამა ზედმეტი მანიპულაციების გარეშეა შესაძლებელი.
ამიტომ თუ მწკლარტე, ანუ დაუმწიფებელი ხურმა იყიდეთ, შეგიძლიათ ის ბანანთან ერთად მოათავსოთ რაიმე პაკეტში და ნახავთ, რომ უკვე ერთ დღეში ის შესამჩნევად დამწიფდება.
კიდევ ერთი ვარიანტი ხურმის სწრაფად დასამწიფებლად და ტანინების გამოსადევნად, ეს თბილ წყალში 10–12 საათით გაჩერებაა.

არის თუ არა ხურმა ალერგენი

ხურმის შესახებ ალერგიული რეაქციების სტატისტიკა არ არსებობს. ასე ხდება, მაგრამ იშვიათად, და ეს ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებაა.
ხურმა შეიცავს უამრავ იოდს და თუ ამ მიკროელემენტზე ალერგია გაქვთ, მაშინ შეიძლება ხურმის მიმართ მომატებული მგრძნობელობა განვითარდეს.

შაქარი ხურმაში

სახეობის მიხედვით ხურმის 100 გრამი 16-დან 25 გრამამდე შაქარს შეიცავს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და, შესაბამისად, ხურმა არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით დეკომპენსაციის სტადიაში (დაავადების გამწვავება, როდესაც სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, მაგალითად, ჭამის შემდეგ იზრდება 20 მოლ/ლ-მდე და მეტადაც).
ხურმის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება შეჭამოს, დღეში ერთი ან ორი ნაყოფია.
ყველა ახალი ამბავი
0