მოსაზრება: ევროპა აშშ-ს დანებდა და რუსეთთან ომისთვის ემზადება

© AFP 2024 / JOHN THYS
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
ევროპული დიპლომატიის თავკაცის მილიტარისტული განცხადებები დიდი ხანია აღარავის აკვირვებს. ჟოზეპ ბორელის გუშინდელი გამოსვლა ევროპის თავდაცვის სააგენტოს სხდომაზე მისი რიტორიკის ბუნებრივი გაგრძელება იყო. თუმცა მის განცხადებებში მეტად საინტერესო რამ გამოიკვეთა.
ტრადიციისამებრ, მასმედიის ინტერესი გამოიწვია ბორელის კომენტარებმა უკრაინაზე, თუმცა მან ბრიუსელის ჩვეული პოზიცია გაიმეორა: თუ შეწყდება კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, კონფლიქტი სწრაფად დასრულდება, მაგრამ რუსეთის გამარჯვებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ე.ი. აუცილებელია „უკრაინის დახმარება გაგრძელდეს“.
უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია დიპლომატის მეორე განცხადება თავად ევროპაში სამხედრო საქმეთა მდგომარეობაზე. ბორელის სიტყვებით, „ახლა არ არსებობს ერთიანი ევროპული ჯარი, არის 27 სხვადასხვა არმია“. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპამ სამხედრო ხარჯი შეამცირა და ახლა მან უნდა გამოასწოროს ეს შეცდომა და აანაზღაუროს სამხედრო ინვესტიციების უკმარისობა. ჩინოვნიკმა დაასახელა თანხა, რომლითაც, მისი აზრით, ევროკავშირის თავდაცვის ხარჯი 2025 წლისთვის უნდა გაიზარდოს – 70 მილიარდი ევრო.
ბორელმა ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, თავდაცვის ბიუჯეტებზე კონტროლის ნაწილი გადასცენ ბრიუსელს, რათა მიღწეულ იქნეს ევროკავშირის ფარგლებში სამხედრო კოოპერაციის უფრო მაღალი დონე.
ეს გამოსვლა ორგანულად ებმის ოლაფ შოლცის ბოლო განცხადებებს, რომელიც საუბრობს გერმანიის მზადყოფნაზე, გახდეს „ევროპული უსაფრთხოების გარანტი“ საკუთარი ჯარის გაძლიერებაში აქტიური დაბანდების შემთხვევაში.
მიმდინარეობს ტექტონიკური ძვრები ევროპის სამხედრო სტრატეგიის პოზიციაში. თუმცა გარდაქმნების მასშტაბის გასაცნობიერებლად კარგი იქნება საკითხის ისტორიის გახსენება.
ბორელმა მართებულად აღნიშნა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის ქვეყნებმა ძლიერ შეამცირეს თავდაცვის სფეროს დაფინანსება. თავიანთი უსაფრთხოების საკითხი ფაქტობრივად სრულად ნატოს, უფრო სწორად, აშშ-ს დააკისრეს. ამასთან, ევროპელები საკმაოდ კომფორტულად მოკალათდნენ ამერიკის კისერზე: ვაშინგტონი არა მარტო უზრუნველყოფს ევროპას სამხედრო ქოლგით, არამედ თავად იხდის საფასურს. ევროპის წილი დაფინანსებაში უმნიშვნელოა.
ეს საკითხი ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მოკავშირეებს შორის ყოველთვის საჯილდაო ქვა იყო. ამერიკელები ცდილობდნენ ევროპას გაეზარდა სამხედრო ხარჯი ბიუჯეტის ორ პროცენტამდე, თუმცა ეს უკანასკნელნი ჯიუტად აჭიანურებდნენ აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ასეთი ქცევის ბუნება ნათელი იყო: ევროპაში დომინირებდნენ ნაციონალურად ორიენტირებული ძალები, რომლებიც თავიანთი ქვეყნებისა და მოქალაქეების ინტერესებს იცავდნენ.
თუმცა ბოლო ათწლეულში ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს შორის აშკარად გაიზარდა ობიექტური წინააღმდეგობა, ასევე აშშ-ის, როგორც გლობალური ჰეგემონის კრიზისი. მაშინ ევროპაში გაიზარდა საკუთარი ჯარის იდეის პოპულარობა. სრულფასოვანი შეიარაღებული ძალისა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა თავდაცვის ფუნქციას. ამ პროექტს მხარი დაუჭირეს ყველაზე გავლენიანმა ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის, ანგელა მერკელმა, როდესაც ის ჯერ კიდევ კანცლერის თანამდებობაზე იყო. ამასთან, იგულისხმებოდა, რომ ამ შემთხვევაში ევროპას არ დასჭირდებოდა ამერიკელი სამხედროები. ანუ საუბარი იყო სუვერენიტეტის გაძლიერებაზე და შტატებზე დამოკიდებულების შესუსტებაზე.
შეიძლება გაჩნდეს კითხვა – რა განსხვავებაა მერკელის მაშინდელ და ბორელის დღევანდელ იდეებს შორის? განსხვავება პრინციპულია.
ბორელი არის არა ნაციონალურად ორიენტირებული, არამედ ატლანტიკური, გლობალისტური და პროამერიკული ძალების წარმომადგენელი, ისევე, როგორც შოლცი, რომელიც ცდილობს გატოკებას, მაგრამ ხელ-ფეხი აქვს შეკრული.
ბოლო ერთ წელიწადში ევროპაში ატლანტისტებმა მოახერხეს თავიანთი კონკურენტების დაჯაბნა და მართვის სისტემასა და დღის წესრიგზე კონტროლის ხელში ჩაგდება. ევროპული არმიის შექმნის თემა მათი შესრულებით ნიშნავს:
1.
ევროპის ქვეყნებიდან რესურსების გადაქაჩვას ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში;
2.
ევროპის შეიარაღებული ძალების ვაშინგტონზე დამოკიდებულების შენარჩუნებას ნატოს სტრუქტურების მეშვეობით;
3.
ევროპელების გამოყენებას რუსეთის (და შესაძლოა ჩინეთის) წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად.
ბოლო შესაძლოა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ჩამოჰგავდეს: რა მეომარი დადგება განებივრებული ევროპელისგან? თუმცა დღეს ყველაფერი მოსალოდნელია. გარდა ამისა, ამ აზრის უკუგდებამდე ცოტა ხნით მოცდა ღირს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0