მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უზბეკეთმა რუსეთთან და ყაზახეთთან „გაზის კავშირზე“ უარი თქვა

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. უზბეკეთის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთთან და ყაზახეთთან „გაზის კავშირის“ იდეაზე, იუწყება სააგენტო Reuters უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრ ჟურაბეკ მირზამახმუდოვის განცხადებაზე დაყრდნობით.
მინისტრის თქმით, ტაშკენტი არ დაეთანხმება იმ პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
რუსეთმა გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზახეთსა და უზბეკეთთან „გაზის კავშირის“ შექმნის იდეაზე მსჯელობს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სამ ქვეყანასა და სხვა კლიენტებს შორის, ჩინეთის ჩათვლით, ბუნებრივი აირის მიწოდებებს.
თუმცა, როგორც მირზამახმუდოვი აცხადებს, უზბეკეთს აქამდე არ მიუღია არანაირი წინადადება.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთთან გაზის შეთანხმება გაფორმდება, ეს მაინც არ იქნება კავშირი“, − განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსული გაზის ყაზახეთზე გამავალი მილსადენით მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ეს „ტექნიკური კონტრაქტი“ იქნება და არა კავშირი.
„როცა გაზი სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს, ჩვენ მხოლოდ გაყიდვების შესახებ კომერციული კონტრაქტის საფუძველზე ვთანამშრომლობთ. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებს გაზის სანაცვლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოთავაზებულ გაზის კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ დავეთანხმებით მას. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს ვიტყვით“, − განაცხადა მირზამახმუდოვმა.
როგორც Reuters წერს, უზბეკეთი კვლავ ნაწილობრივად არის დამოკიდებული უცხოურ ბუნებრივ აირზე. ქვეყანა, მათ შორის დედაქალაქი ტაშკენტი, ბოლო რამდენიმე დღეა, რაც გაზის დეფიციტს განიცდის, ვინაიდან ზამთრის დადგომის კვალდაკვალ მისი მოხმარება მკვეთრად გაიზარდა. გამომდინარე აქედან, მირზამახმუდოვის განმარტებით, უზბეკეთი იძულებული გახდა შეეწყვიტა ჩინეთისთვის ყოველდღიურად 6 მლნ კუბომეტრი აირის მიწოდება.
სულ ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 52 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. აქედან 4 მლრდ კუბომეტრი იმპორტირებულია, ექსპორტზე კი 2,7 მლრდ კუბომეტრი გადის.
რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა − ვლადიმირ პუტინმა და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა 28 ნოემბერს კრემლში შეხვედრისას უზბეკეთის მონაწილეობით „გაზის სამმხრივი კავშირის“ შექმნაზე ისაუბრეს − რუსული გაზის ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიებზე ტრანსპორტირების კოორდინაციისთვის.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0