კვლევა: საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული მარტოობისგან იტანჯება

© photo: Sputnik / Aleksey Danichevხანდაზმული მამაკაცი პარკში
ხანდაზმული მამაკაცი პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
აუცილებელია არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ხანდაზმული ასაკის ყოველი მეოთხე მოქალაქე სოციალური და ემოციური მარტოობის გამო იტანჯება, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაში „მარტოობა ხანდაზმულებში“.

კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს. მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდათ საერთო განცდები და აზრები.

სოციალურად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან.
ემოციურ მარტოობას 28% უკიდურესად მძაფრად გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია.
კვლევის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ამ ადამიანებში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად.
UNFPA-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ.

„კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტოობა, რომელიც უკვე გლობალური პრობლემაა, მარტოობის განცდა ხანდაზმულების ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ რისკ-ფაქტორს. ის სიკვდილიანობის ისეთივე რისკს ქმნის, როგორც თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამ რისკ-ფაქტორების შესამცირებლად სათანადო ძალისხმევა არ შეიმჩნევა. ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის არსებობა, რომელიც ხანდაზმულების უფლებების დაცვაზე და მათ კეთილდღეობაზე იქნება მიმართული.
„კვლევის მიხედვით, საქართველოში მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს სოციალური კავშირების ნაკლებობა; ფიზიკური მხარდაჭერის, სოციალური ნდობის ნაკლებობა და დედაქალაქში ცხოვრება”, – განაცხადა ბაქრაძემ.
კვლევა ჩატარდა UNFPA-ს ქართული ოფისის, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA), აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიომეცნიერებათა განყოფილების მხარდაჭერით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0