მთავარი ნაძვისხე 9 დეკემბერს აინთება - კალაძე მოქალაქეებს რუსთაველზე იწვევს

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, ხვალ აინთება საახალწლო ილუმინაციებიც, ხოლო რუსთაველის გამზირზე მისული თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გაიმართება კონცერტი.

„მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები ჩაშალონ.
გასულ კვირაში ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ის და მისი თანამოაზრეები მზად არიან მიმართონ რადიკალურ ზომებს, თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობას. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა სწორედ 9 დეკემბერს გაიმართება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები", – განაცხადა კალაძემ.

„ახალი წელი და შობის დღეები – არის ის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს რეგიონი, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ, რომ ადამიანებს მისცენ შობა–ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა.
2023 წელს თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი". თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0