ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა - მესამე პროექტი საბურთალოზე განხორციელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავარიული კორპუსი
ავარიული კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მესამე ავარიული სახლი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, საბურთალოს რაიონში დავით გამრეკელის ქუჩაზე მდებარე კორპუსი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას.

„ეს არის რიგით მესამე პროექტი, რომლის საპროექტო სამუშაოები მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში განხორციელდება, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე ტენდერს. საცხოვრებელი სახლი ორი წლის ვადაში აშენდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად რვასართულიანი შენობა აშენდება. ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინებით 17 ოჯახი დაკმაყოფილდება. მესაკუთრეებისთვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართი ჯამში 2.057 კვადრატული მეტრი იქნება.
თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიწყო - პირველ სახლს ვარკეთილში აიღებენ>>>
როგორც მერმა აღნიშნა, მცხოვრებლებს ბინები სრულად გარემონტებული ჩაბარდება. მშენებლობის პერიოდში ოჯახები დაქირავებულ ბინებში იცხოვრებენ, ქირას თბილისის მერია გადაიხდის.
თბილისში აღნიშნული პროგრამის განხორციელება ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე მრავალსართულიანი სახლის დემონტაჟით დაიწყო. მეორე ავარიული სახლიც, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ისანი-სამგორის რაიონში მდებარეობს.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი, მესაკუთრეებს კი თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
ყველა ახალი ამბავი
0