რუსეთის საგარეო უწყება: ტრიბუნალს მოსკოვისთვის შედეგები არ ექნება

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში რუსეთის ქმედებებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მცდელობა არალეგიტიმურია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
მისი თქმით, ტრიბუნალის შექმნის შემთხვევაშიც კი ამას მოსკოვისთვის არანაირი შედეგები არ ექნება.

„დიდი ხანია ისმის კითხვები კვაზისამართლებრივი სტრუქტურების შექმნაზე გარკვეული ახირებების, სურვილების ასრულების მიზნით. ამ ყველაფრის არალეგიტიმურობა აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენთვის ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. თუ ხალხს ფულის გადაყრა მოუნდება რაღაც მსგავსში, რაღა თქმა უნდა, ეს მათი ნებაა. ჩვენ მათ ამის უფლებას ვერ წავართმევთ“, — განუცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა The Wall Street Journal-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხი „მაგიდაზე დევს“. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელია.
უფრო ადრე ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სპეციალიზებულ საერთაშორისო სასამართლოს ქმნის გაეროს მხარდაჭერით, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გამოიძიებს. გარდა ამისა, ევროკავშირი ასევე ქმნის სტრუქტურას, რომელიც უკრაინული სახელმწიფოს სასარგებლოდ რუსეთისთვის კომპენსაციის დაკისრების საკითხით დაკავდება.
გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვასილი ნებენზიას მიაჩნია, რომ გაეროს ეგიდით სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს შექმნა უკრაინის საკითხებზე, რასაც ევროკავშირი მოითხოვს, არის დასავლეთის მცდელობა, ლეგიტიმური გახადოს რუსეთისთვის აქტივების ჩამორთმევა. ამასთან, ნებენზიას მიაჩნია, რომ დასავლეთს სურს გაეროს ავტორიტეტს ამოეფაროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოხატა აღშფოთება რუსული აგრესიის გამოსაძიებლად დასავლეთის მიერ ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში განაცხადეს, დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელი მცდელობა, შექმნან სამართლებრივი ნიჰილიზმის მხრივ უპრეცედენტო „კვაზისასამართლო მექანიზმი“ — ეს არის დასავლეთის ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი მაგალითი.
ყველა ახალი ამბავი
0