თერაპევტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტროს შენობა
ჯანდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
თერაპევტების თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო დარგი პროფესიონალ კადრებს კარგავს.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თერაპევტები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამაში მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროსგან დამსაქმებლებთან მედიაციის დანიშვნას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შევიდა.
ექიმები, ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელის“ იურისტთან ერთად, გეგმავენ იბრძოლონ სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, აღნიშნულია დოკუმენტში.

თერაპევტების თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტის მკურნალობის ერთი თერაპიის ღირებულება ამჟამად 6-დან 8 ლარამდე მერყეობს, რაც მიზერული თანხაა. აღნიშნული ფასი ექვსი წლის წინ დაწესდა და ახლანდელი ინფლაციისა და გაზრდილი ფასების პირობებში თერაპევტები მათი სახელფასო ანაზღაურების გადახედვას სამართლიანად მიიჩნევენ.

თერაპევტების თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო დარგი პროფესიონალ კადრებს კარგავს.
ამასთან, „სოლიდარობის ქსელის“ იურისტის დავით ომსანაშვილის თქმით, თერაპევტების ხელფასი დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად დამსაქმებლების გადაწყვეტილებაზე, არამედ სახელმწიფო პროგრამებზეც, რომლებიც მათ აფინანსებს.
ამ ეტაპზე სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოვიდა ორი ცენტრი – „რეგისტრირებული კავშირი - საქართველოს ბავშვები“ და ცენტრი „გამა“. აღნიშნული ცენტრების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი მოთხოვნით მათ სხვა ცენტრებიც შეუერთდებიან.
ცნობილია, რომ თერაპევტებმა უკვე მიმართეს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს დამსაქმებლებთან მედიატორის დანიშვნის თხოვნით. მედიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ პროცესს უნდა შეუერთდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.
რუსთავში ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი ცენტრი გაიხსნა>>>
დღეისათვის თბილისში „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით“ 1.550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს.
მიმდინარე წლის მარტში თბილისის მერიამ გაზარდა აღნიშნული კატეგორიის პირთათვის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი. გარდა ამისა, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტიც, რომელიც 6 მლნ ლარს აჭარბებს.
„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა“ ვრცელდება 2-დან 18 წლამდე პირებზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მაშინ მისი ბიუჯეტი 500 ათას ლარს შეადგენდა. ამ ეტაპზე კი მერია პროგრამაში მონაწილე თითოეული პირის დასაფინანსებლად წელიწადში 4,8 ათას ლარს გამოყოფს.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0