საშიშია თუ არა ხველა, რომელიც ვირუსმა დაგიტოვათ - მაია ბუწაშვილის რჩევები

CC BY 2.0 / JD Lasica / Stethoscopeსტეტოსკოპი
სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
ხველა, რომელიც დამახასიათებელია ამჟამინდელი ვირუსული ინფექციებისთვის, საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ზოგ შემთხვევაში – რამდენიმე კვირამდე.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ვირუსული ინფექციის დროს პაციენტები ხშირად იყენებენ ხველების სამკურნალო საშუალებებს, რაც სრულიად უსარგებლოა, მეტიც, ზოგჯერ საზიანოც კი შეიძლება იყოს, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
ექიმის თქმით, ხველების ზოგიერთ წამალს მხოლოდ ამოსახველებელი ეფექტი აქვს და მეტი არაფერი, ზოგი კი მხოლოდ დროებით აჩერებს ხველას. ხოლო ის ხველა, რომელიც დამახასიათებელია ამჟამინდელი ვირუსული ინფექციებისთვის, საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ზოგ შემთხვევაში – რამდენიმე კვირამდეც.

„ამის გამო ადამიანები სხვადასხვა არასაჭირო მკურნალობას მიმართავენ და ხშირად სრულიად უსარგებლო და ზოგჯერ მავნე მედიკამენტებს იღებენ, უმრავლეს შემთხვევაში, სრულიად უშედეგოდ. პაციენტი დაჟინებით მოითხოვს დაენიშნოს "ხველის წამალი", რომლისგანაც ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ხველა „უნდა მოურჩინოს". რეალურად კი ასეთი ჯადოსნური წამლები არ არსებობს“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

ამიტომ ხველის დროს მაია ბუწაშვილი გვირჩევს საწუწნ აბებს ან კანფეტებს, თაფლს, თბილ სითხეებს და ორთქლს.
„მოკლედ, მაქსიმალურად შევიმსუბუქოთ დამღლელი სიმპტომები და დაველოდოთ თანდათან თავისით გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი თქმით, საყურადღებო სიმპტომებია, როცა არის მოყვითალო ან მომწვანო ნახველი, სიცხე 38 და მეტი, სუნთქვის გაძნელება, გულ-მკერდის არეში ტკივილი.
„ასეთ დროს შეიძლება აუცილებელი იყოს გულ-მკერდის რენტგენი და პნევმონიის შემთხვევაში – ანტიბიოტიკოთერაპია", – წერს მაია ბუწაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0