მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ეკონომიკური მემორანდუმი მოამზადა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს დასჭირდება შემდგომი რეფორმები, რათა მშპ-ის ზრდა 4-4,5%-ის ფარგლებში შეინარჩუნოს.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს ეკონომიკური მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას.
მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული დოკუმენტი სახელწოდებით „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე დღეს წარმოადგინეს.
მემორანდუმის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღი მართვა და ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო ხელს უწყობს ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ მშპ-ის ზრდის 4-4,5 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად საჭირო იქნება შემდგომი რეფორმები.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც.
კერძოდ, ანგარიშში აღწერილია მცირე, მაგრამ ღია და სტაბილური ეკონომიკის ისტორია, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მშპ-ის ზრდისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შეზღუდულია პროგრესი წარმოების ზრდისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მზად არის დაეხმაროს საქართველოს წარმოების მაღალი ზრდის მიღწევაში, რათა მოსახლეობის შესაძლებლობები გაიზარდოს და უკეთესი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის წარმატებულ განვითარებაზე, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა. 2022 წლის ათი თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

„ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ორნიშნა ზრდას და ამას ველით წლის ბოლოსაც. ამას ხელს უწყობს ძლიერი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ისევე, როგორც ბიზნეს-სექტორის ძლიერი რეფორმა. ამასთან, ანალიზი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს“, – განაცხადა მან.

მოლინეუსმა საქართველოს წინაშე მდგომი სამი გამოწვევა დაასახელა:
უთანასწორობა, კერძოდ, ქვეყნის რეგიონებში;
წარმოების დონე არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს;
ქვეყანაში სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ეკონომიკურ ზრდას.
მისი თქმით, მემორანდუმში შემუშავებულია რამდენიმე ამბიციური პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება მთავრობის ეკონომიკური ზრდის ამბიციურ სტრატეგიას მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

„ჩვენ განზრახული გვაქვს დავეხმაროთ საქართველოს წარმოების ზრდაში, რათა გაიზარდოს ხალხის შესაძლებლობები, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც“, – განაცხადა მოლინეუსმა.

დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს წარმოებაზე. ეს არის ფინანსებზე წვდომა, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, კონკურენცია, ასევე კომპანიების შესაძლებლობები, როგორებიცაა, მაგალითად, მართვის უნარები და ინოვაციები.
ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს, რომ ქართული კომპანიები უნდა გახდნენ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებდნენ მეტად მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.
ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა დანაზოგების ზრდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლების აღსადგენად ვალის ზრდის გარეშე.
აღნიშნულის მიღწევა შეიძლება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, კორპორაციული მართვის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდით, შინამეურნეობების ფინანსური განსწავლულობის ამაღლებით, განსაკუთრებით, განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-ზე მეტი პროექტის დასაფინანსებლად დაახლოებით 4,3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი და კრედიტი გასცა.
ყველა ახალი ამბავი
0