კულტურის სამინისტრო კობა იმედაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკობა იმედაშვილი
კობა იმედაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
იმედაშვილი იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის კობა იმედაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების განცხადებით, კობა იმედაშვილი არ იყო მხოლოდ ლიტერატურის სფეროში ჩაკეტილი პიროვნება, „ის ყოველთვის მძაფრად განიცდიდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მათ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში განიხილავდა“.

„ცნობილი და მრავლისმთქმელი ფაქტია: როცა ის სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, დასახელებულ დარგთა წარმომადგენლები ასე მოიხსენიებდნენ: „ჩვენი კაცი მთავრობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კობა იმედაშვილი 3 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედაშვილი სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის ინსტიტუტის ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რუსთაველის თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე, პირველი საშუალო სკოლის პედაგოგი, თეატრალური და პედაგოგიური ინსტიტუტების ლექტორი, ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება „სხივის" ხელმძღვანელი, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 1992-2003 წლებში სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განუყოფილების უფროსი.
კობა იმედაშვილი იყო გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ იმედაშვილის შთამომავალი, რაც „მის საქმიანობასა და პიროვნულ კულტურას ტვიფარივით აჩნდა. და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბიოგრაფიის აღწერა და წიგნების მშრალი ჩამონათვალი", აღნიშნავენ სამინისტროში.

კობა იმედაშვილი ავტორია წიგნებისა „ჩიორა“, „ოცდაათი წლის შემდეგ“, „კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა“, და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების XX საუკუნის ქართული ლიტერატურის საკითხებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0