უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან - ევროკომისიამ საქართველოს ახალი რეკომენდაციები მისცა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განხორციელებას და კომისიის რეკომენდაციების შესრულებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მან მიიღო ზომები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, ნათქვამია დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში, 2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტი 90 დღის ვადით განახორციელონ.

„მთლიანობაში საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მან მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად. თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კიდევ აუცილებელია გარკვეული საკითხების შემდგომი გადაწყვეტა:
საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიასთან, რომელთაც ევროკავშირში ვიზა სჭირდებათ. განსაკუთრებით იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროკავშირისთვის რისკს წარმოადგენენ.
წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარება; უვიზო რეჟიმის შესახებ მორგებული საინფორმაციო კამპანიების წარმოების გაგრძელება მიგრანტთა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათთვის, ვინც უფლებამოსილ პერიოდს აჭარბებს. ასევე ვინც თავშესაფრის მინიჭებაზე უსაფუძვლო განაცხადს აკეთებს.
გააძლიეროს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და კოორდინაციის გაძლიერებით და მათთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფით.
დაასრულოს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.
გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროკავშირში ოპერაციებთან.
სრულად შეუსაბამოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და საქმიანობას.
უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ვიზალიბერალიზაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიგრაციის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საკითხებში ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი ნაწილი იყო. ეს ხელს უწყობს მობილურობას და ადამიანთა შორის კონტაქტებს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები.

„ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ პერსპექტივა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განხორციელებას და კომისიის რეკომენდაციების შესრულებას კიდევ უფრო მნიშვნელოვან მიზნად აქცევს როგორც ევროკავშირის, ასევე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0