ღირს თუ არა სტაფილოს გაფცქვნა? იაპონელი დიეტოლოგის რჩევა

© Pixabay / Couleurსტაფილო და სტაფილოს წვენი
სტაფილო და სტაფილოს წვენი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი − Sputnik. სტაფილოს, როგორც წესი, ჭამის ან კერძში ჩამატების წინ რეცხავენ და ფცქვნიან, მაგრამ ირკვევა, რომ გაფცქნილი და გაუფცქვნელი სტაფილოს კვებითი ღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება.
უფრო მეტიც, სტაფილოს კანის გარდა, ფოთლებიც კი, რომლებსაც ჩვეულებისამებრ ვყრით და არ ვიყენებთ, საოცრად სასარგებლოა.
რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავება კანიან და კანგაცლილ სტაფილოს შორის, აუცილებელია თუ არა უარი ვთქვათ ამ ბოსტნეულის გაფცქვნაზე სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნების მიზნით, ამაზე იაპონელი დიეტოლოგი აიუმი ვაკანი საუბრობს.
მისი თქმით, თუ სტაფილო იმდენად ჭუჭყიანია, რომ მხოლოდ გარეცხვა საკმარისი არ არის, მაშინ შეგიძლიათ გაფცქვნათ იგი. ის აქვე ხაზს უსვამს, რომ კანიანი და კანგაცლილი სტაფილო სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის მხრივ დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
დიეტოლოგმა ამაში დასარწმუნებლად იაპონური კვების პროდუქტების სპეციალური ცხრილი მოიყვანა, რომლის თანახმად:
კანიან სტაფილოში β-კაროტინის რაოდენობა 6900 მიკროგრამს შეადგენს, ხოლო გაფცქვნილში − 6700 მიკროგრამს;
კალიუმი − კანიანში 300 მილიგრამი, გაფცქვნილში − 270 მილიგრამი;
კალციუმი − კანიანში 28 მილიგრამი, გაფცქვნილში − 26 მილიგრამი;
უჯრედისი − კანიანში 2,8 გრამი, გაფცქვნილში − 2,4 გრამი.
მოყვანილი მონაცემებიდან კარგად ჩანს, რომ ბეტა-კაროტინის, კალიუმის, კალციუმისა და კვებითი ბოჭკოების რაოდენობის მხრივ კანგაცლილ და კანიან სტაფილოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არსებობს. ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მიირთმევთ მას.

სტაფილოს ფოთლები

სტაფილო ქოლგისებრთა ოჯახის მცენარეა − ისევე, როგორც ოხრახუში თუ ნიახური, ამიტომ მისი ფოთლების კერძში გამოყენება სრულიად შესაძლებელია.
როგორც ირკვევა სტაფილოს „ფოჩები“ ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით.
ვნახოთ, როგორია 100 გრამი კანიანი და ფოთლებიანი სტაფილოს სასარგებლო თვისებები და შემადგენლობა:
ვიტამინი С − აუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და იმუნურ ფუნქციას.
ფოთლებში შედის 22 მილიგრამი, ანუ დაახლოებით 3,5-ჯერ მეტი, ვიდრე ბოლქვში;
კანიან სტაფილოში − 6 მილიგრამი.
β-კაროტინი − აუმჯობესებს იმუნურ ფუნქციას და აღკვეთს გაციებებს.
ფოთლებში შედის 1300 მიკროგრამის ოდენობით,
კანიან ბოლქვში − 6900 მიკროგრამი, ანუ დაახლოებით 5,3-ჯერ მეტი, ვიდრე ფოთლებში;
კალციუმი − აღკვეთს ოსტეოპოროზის განვითარებას.
ფოთლებში მისი რაოდენობა 92 მილიგრამია, ანუ დაახლოებით 3,3-ჯერ მეტი, ვიდრე ბოლქვში;
კანიან სტაფილოში − 28 მილიგრამი.
კალიუმი − ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ ნატრიუმს და ებრძვის მაღალ წნევას.
ფოთლებში მისი რაოდენობა 510 მილიგრამია, ანუ 1,7-ჯერ მეტი, ვიდრე ბოლქვში;
კანგაცლილ ბოლქვში − 300 მილიგრამი.
თუ ფოთლებიან სტაფილოს შეიძენთ, მაშინვე მოაჭერით ფოთლები, გაახვიეთ ის ტენიან ქაღალდში, ჩადეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში. უკეთესი იქნება, თუ მათ მალევე გამოიყენებთ, თუმცა შეგიძლიათ დაჭრათ და გაყინოთ კიდეც.
სტაფილოს ფოთლებში შემავალი ბეტა-კაროტინი კარგად ეთავსება მცენარეულ ზეთს, ამიტომ მისი ცხელ კერძში გამოყენება (მოშუშვა) სრულიად დასაშვებია. სტაფილოს ფოთლებს ხშირად იყენებენ მწვანილის ალტერნატივად სუპებში. გარდა ამისა, ის ძალიან გემრიელია ოდნავ მოხარშული სახით − თევზ თინუსთან და ასევე სეზამის მარცვლებთან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0