რუსეთმა კურილის კუნძულებზე სარაკეტო კომპლექსი განათავსა

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი − Sputnik. რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო სარაკეტო სისტემა „ბასტიონი“ კურილის კუნძულ პარამუშირზე განათავსა, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
„წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო სარაკეტო სისტემა „ბასტიონის“ ეკიპაჟები კურილის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ პარამუშირზე განლაგდნენ და მორიგეობას შეუდგნენ. წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო რაკეტები 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ მიმდებარე აკვატორიასა და სრუტის ზონებს“, − ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ტექნიკა და პერსონალი კუნძულზე დიდი სადესანტო გემებით გადაზიდეს.
ამასთან აღინიშნება, რომ მანამდე პარამუშირზე ავტონომიური სამხედრო ქალაქი გაშენდა, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი მთელი წლის განმავლობაში სამსახურის, ცხოვრების, დასვენებისა და პერსონალის კვებისათვის.
უფრო ადრე, გასული წლის დეკემბერში, რუსეთმა სანაპირო სარაკეტო სისტემები კურილის კუნძულ მატუაზე, ასევე იტურუპსა და კუნაშირზე განათავსა. იაპონია არ ცნობს ამ ორ უკანასკნელ კუნძულზე რუსეთის უფლებებს.
მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაუარესდა. მარტში რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა იაპონიის ხელისუფლებასთან კურილის კუნძულების სტატუსზე მოლაპარაკებებსა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე. გარდა ამისა, მოსკოვმა იაპონიის მოქალაქეებისთვის კურილის კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0