კასპიის ზღვის სანაპიროზე 2500 მკვდარი სელაპი იპოვეს

© Pixabay / PineMartenსელაპი
სელაპი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
თბილისი, 5 დეკემბერი − Sputnik. დაღესტნის ბუნების დაცვის სტრუქტურების სპეციალისტებმა რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხეში კასპიის ზღვის სანაპიროზე 2500 მკვდარი სელაპი აღმოაჩინეს, იუწყება დაღესტნის ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
უწყების ცნობით, დაუდგენელი მიზეზებით დაღუპული კასპიური სელაპების უმეტესობა მდინარე სულაკისა და მდინარე შურაოზენის შესართავთანაა ნაპოვნი.
მანამდე, 3 დეკემბერს დაღესტნის ბუნების დაცვის სამინისტრომ 600 მკვდარი კასპიური სელაპის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყება მაშინ წერდა, რომ ცხოველების დახოცვა „ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია“ და რომ ცხოველებს „სათევზაო ბადეებით ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღენიშნებათ“.
თუმცა მას შემდეგ, რაც კასპიის ბუნების დაცვის ცენტრმა მკვდარი სელაპების რაოდენობის ზრდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სამინისტრომ განაცხადა, რომ სელაპების „სიკვდილის მიზეზი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდება“.
როგორც მასმედია წერს, ეს კასპიური სელაპების ყველაზე მასიური დაღუპვის ფაქტია ბოლო ათი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ კასპიური სელაპი, რომელიც მხოლოდ კასპიის ზღვაშია გავრცელებული, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გაქრობის პირას მყოფი სახეობა.
ზოოდამცველების მტკიცებით, კასპიურ სელაპს კასპიის ზღვის დაბინძურება უქმნის საფრთხეს, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, მახაჩყალის რაიონებიდან კანალიზაციის წყალი ჩაედინება.
ყველა ახალი ამბავი
0