ხელისუფლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია - მუნიციპალიტეტების შემოსავლები გაიზრდება

© photo: Sputnik / Aram Nersesyanირაკლი ქარსელაძე
ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი რესურსებით და უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების პროექტი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალური შემოსავლების ზრდას ითვალისწინებს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და რეგიონების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა 2019 წლის სექტემბერში დაასრულა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და ამ სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზებას. ჩვენ მოვიწონეთ საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების შემოსულობების თანმიმდევრული ზრდა ძლიერი თვითმმართველობისათვის“, – განაცხადა ქარსელაძემ ჟურნალისტებთან.

ცვლილებების შედეგად ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან.
იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა მიიღონ მათ ტერიტორიაზე არსებული ქონებიდან დამატებითი შემოსავალი, კოდექსში ცვლილებები ითვალისწინებს სახელმწიფო მიწის იჯარისა და მართვისას ბიუჯეტებს შორის გადანაწილების ეტაპობრივად გაზრდას ჯამში 15%-ით (ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ). შესაბამისად, დღეს არსებული გადანაწილების (65/35-ზე) ნაცვლად, 2023 წელს იქნება 60/40-ზე, 2024 წელს კი 50/50-ზე.
ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: საქართველოს პარლამენტმა მთავრობას რეკომენდაციები მოუმზადა>>>
ამას გარდა, 2024 წლიდან ბიუჯეტებს შორის გადანაწილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან 25%-ით გაიზრდება და, შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების 90% დარჩება, ნაცვლად დღეს არსებული 65%-ისა.
ასევე, 2024 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვებიდან 10%-იანი მატება იქნება კვლავ მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ – ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი გახდება 60%, ნაცვლად არსებული 50%-ისა.
გარდა ამისა, 2024 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების, არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციიდან დამატებით 5% ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც 35%-ის ნაცვლად 40% გახდება.
„ეს არის ის წარმატებული პრაქტიკა, რომელიც ჩვენ დეცენტრალიზაციის სტრატეგიით უკვე გვაქვს განსაზღვრული და გეგმაზომიერად ვახორციელებთ“, – განაცხადა ქარსელაძემ.
სტრატეგია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფას შესაბამისი მატერიალური, ქონებრივი, ფინანსური რესურსებით და უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებული, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
ყველა ახალი ამბავი
0