აღმოსავლელი სულთნების ახდენილი ოცნება, ანუ ამბავი თბილისის „მძვინვარედ მოსრვისა“

© courtesy of Kakha Kaladze
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
თბილისი ოდითგანვე კარგად გამაგრებული ქალაქი იყო. სტრატეგიული ადგილმდებარეობა, ბუნებრივი პირობები და საფორტიფიკაციო ნაგებობები პრაქტიკულად აუღებელს ხდიდა მას.
ამიტომაც ვიდრე ზარბაზნები არ გაჩნდა, საქართველოს დედაქალაქის იერიშით დაკავება ცოტამ თუ მოახერხა — ისიც მოღალატე თბილისელების „წყალობით“.
მაგალითად ხვარაზმშაჰ ჯალალ ად-დინის საქართველოში ლაშქრობა გამოდგება, რომელმაც თბილისი სწორედ მოღალატეთა დახმარებით აიღო.
1225 წლის დეკემბერში ჯალალედინი მეორედ დაიძრა საქართველოს ასაოხრებლად. ამჯერად მიზანში თბილისი ჰქონდა ამოღებული, რომლის დალაშქვრასაც მანამდეც აპირებდა, გარნისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ. მაგრამ მაშინ თავრიზიდან ამირა შერეფ ელ მულკმა შემოუთვალა, შენ წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობაო და ისიც თავრიზს გაბრუნდა, ეჭვმიტანილები ამოწყვიტა, ადარბადაგანი და ნახიჭევანი ააოხრა და ისევ საქართველოს მოუბრუნდა.
1226 წლის დამდეგს დაესხა თავს დედაქალაქს. სამეფო კარი დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა:

„ვითარ ცნა მეფემან მოსვლა სულტნისა, აიყარა და წარვიდა ქუთაისს, ხოლო ტფილისს მცველად დაუტევა ლაშქარი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი, მემნა და ბოცო“.

დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქალაქმა მომხდურს. პირველი შეტევებიც წარმატებით მოიგერიეს. ჯალალედინი ორი თვის განმავლობაში ცდილობდა თბილისის აღებას, მაგრამ ვერა დააკლო რა ქალაქს, მისი აღების ყოველი მცდელობა ფუჭად მთავრდებოდა.
დედაქალაქი საიმედოდ იყო გამაგრებული, თანაც მოსახლეობას სურსათ-სანოვაგე მომარაგებული ჰქონდა და ხანგრძლივი ალყის შემთხვევაშიც კი შიმშილი არ ემუქრებოდა.
მიუხედავად ამისა, 1226 წლის 9 მარტს თბილისი მაინც დაეცა. ჯალალ ად-დინის მემატიანეთა მტკიცებით, საქმე ასე ყოფილა: ხორეზმშაჰს ხერხისთვის მიუმართავს, ძირითადი ლაშქარი თბილისთან ახლოს ჩაუსაფრებია, თავად კი მცირერიცხოვანი ჯარით მიუტანია იერიში. მალე „დამარცხებული“ ხვარაზმელები უკუქცეულან და ქართველები უკან დადევნებიან. ამ დროს მტრის ჩასაფრებული ლაშქარი წამოშლილა და თბილისის დამცველებს უკან დაუხევიათ. მაგრამ ვეღარ შეუსწრიათ ქალაქში, ჯალალედინის მეომრებიც შეჰყოლიან თბილისში.
თუმცა არსებობს მეორე, და უფრო სარწმუნო ვერსიაც, რომელიც ქართულმა ისტორიულმა წყაროებმა შემოინახა.
ამ ვერსიის თანახმად, თბილისელ მუსლიმებს კავშირი გაუბიათ დამპყრობელთან და ჯალალედინი დაურწმუნებიათ, თბილისის კარიბჭეს გაგიღებთ და ქალაქში შემოგიშვებთო. ასეც მომხდარა. ერთ-ერთი იერიშისას ქალაქის დამცველი მუსლიმების დიდი რაზმი ქართველ მეციხოვნეებს დარევია, ვერაგულად მოუკლავთ სარდალი მემნა ბოცოს ძე, მერე „განძის კარი“ გაუღიათ და ხორეზმელები ქალაქში შემოუშვიათ.
ბოცო ჯაყელი ისნის ციხეში შეიკეტა და გადარჩენილ მეომრებთან ერთად იქიდან უწევდა წინააღმდეგობას გარს მომდგარ მტერს. საქართველოს სამეფო კარმა ისანში გამაგრებულ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია და რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა. ბოცომ მოციქული გაუგზავნა ჯალალედინს, ზავი მოითხოვა. ხვარაზმელი დათანხმდა პირობებს, გზა გაუხსნა ბოცოს მეომრებს და დედაქალაქის დამცველთა ეს ბოლო წინააღმდეგობის კერაც ჩაქრა — თბილისი მთლიანად ჯალალედინის ხელში გადავიდა.
უსასტიკესი გამოდგა ხვარაზმის იმპერიის მბრძანებლის შურისძიება. მისმა მეომრებმა მოაოხრეს და გაძარცვეს თბილისი, დაუნდობლად აკაფეს დიდიცა და პატარაც. ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდნენ და თავებით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე კი მწუხარებით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ, მოხუცებს ცხენთა ფლოქვებით თელავდნენ და სრესდნენ, ქუჩები გვამებით გაივსო, მტკვარი კი წითლად შეიღება სისხლით...

„ესოდენ მძვინვარედ იწყეს მოსრვად, ვითარ ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თუალნი წასცვდიან და რომელსამე ტვინი დაეთხიოს, და უკანის დედანი მოიკვლოდიან... სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩვლთა, თმა და სისხლი მათ მხართაგან განშორებულნი ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას აღრეული იყო“, — ასე აღწერს ხორეზმელთა ენით აუწერელ სიმხეცესა და სისასტიკეს მემატიანე.

ჯალალედინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდებინა, ტაძრის გუმბათი მოანგრევინა და მის ადგილზე თავისი „ბილწი საჯდომი დაიდგა“, საიდანაც ადევნებდა თვალს აწიოკებულ ქალაქს.
მერე სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და სპეციალურად აგებული ხიდის წინ პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოიყვანეთო ყველა ქრისტიანი, ქალმაც და კაცმაც ჩაწიხლოს და დააფურთხოსო ხატებს, ფიცით უარყონო ქრისტეს რჯული. ხოლო ვინც ნაბრძანებს არ აღასრულებს, იქვე წარკვეთეთ თავი და მტკვარში მოისროლეთო გვამები. თავად სიონის ნაგუმბათევზე იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს აწიოკებულ და შეურაცხყოფილ ქალაქს.
მემატიანის ცნობით, ასი ათასამდე თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ველურთა მახვილებს, მთლიანად გაპარტახდა და გაიძარცვა ქალაქი, ჯალალედინის ხელში აღმოჩნდა საუკუნეთა განმავლობაში დაგროვილი საუნჯე.
ხვარაზმელებმა არც ქრისტიანები დაინდეს და არც მუსლიმები ძარცვა-გლეჯვისას — ის მუსლიმები, რომელთა წყალობითაც დაეუფლნენ აუღებელ თბილისს.
ეს უდიდესი გამარჯვება იყო ჯალალ ად-დინ მანგუბერდისთვის. თბილისის აღებამ დიდი სახელი შესძინა მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა შორის. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ხვარაზმის მბრძანებელმა ყველა ბრძოლაში დაამარცხა ქართველები, რაზე ოცნებასაც თითქმის 130 წლის განმავლობაში ვერც კი ბედავდნენ აღმოსავლელი დიდი სულთნები. ხორეზმშაჰმა მაშინ საბოლოოდ დაამსხვრია ქართველთა უძლეველობის მითი და ქართველთაგან დაბრიყვებულ მაჰმადიანურ სამყაროს „ურჯულოთა“ ბატონობისგან მხსნელ გმირად მოევლინა.
და კიდევ ერთი ფაქტი: როდესაც დედოფალ რუსუდანის სამეფო კარი თბილისიდან ქუთაისისკენ ბარგდებოდა, გაქცევისას როგორღაც დედაქალაქში დარჩათ „სრულიად საქართველოს მეფედ“ სახელდებული მეფუკა მოღის ედ-დინი — რუსუდანის მეორე ნახევარი. მისი არსებობა, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა, თავად რომ არ შეეხსენებინა დამპყრობლებისთვის თავი.
სწორედ იმ დროს, როცა ხვარაზმელი მტარვალი ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტით ტკბებოდა, საიდანღაც გამოხოხდა და ჯალალედინს მუხლებში ჩაუვარდა ქრისტიანულად მონათლული მოღისი, სამუდამო ერთგულება შეჰფიცა მას. ხვარაზმშაჰმაც დიდსულოვნად აპატია ისლამის ღალატი რუმის სულთნის ძეს და საჩუქრებით აავსო იგი.
მერმე ის იყო, სექტემბერში ანისზე ილაშქრა ჯალალედინმა, მაგრამ ვერ აიღო კარგად გამაგრებული ქალაქი. ხელმოცარული დარჩა კარშიცა და ხლათთანაც. ხორეზმშაჰის დამარცხებით ისარგებლეს ქართველებმა, თბილისში მდგარი ხვარაზმელთა გარნიზონი დაამარცხეს და 1227 წლის თებერვალში ქალაქი დაიბრუნეს. მაგრამ ისევ საკუთარი ხელით მისცეს ცეცხლს, როგორც კი კვლავ გამოჩნდა მტარვალი ხვარაზმელი. ისევ გაეცალნენ ქალაქს და ამჯერად თან გაიყოლეს რუსუდანის ქმარი მოღის ედ-დინიც, რომელმაც ისევ უარყო მაჰმადიანობა და ხელახლა გაქრისტიანდა.
ყველა ახალი ამბავი
0