მოსაზრება: „სიგნალი გაშვებულია“. კიევში უკიდურეს ზომებს მიმართავენ

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
ნიკიტა ბიზინი
ვერხოვნა რადა უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონის განსახილველად ემზადება. ზეწოლა კანონიკურ ეკლესიაზე ძლიერდება და პატიმრობამდეც კი მიდის.

ძალაუფლებით დარტყმა

უკრაინის უშიშროების საბჭო მეორე კვირაა აგრძელებს ჩხრეკებს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრებში. ეძებენ „ანტიუკრაინულ ლიტერატურას“ და „რუსული სამყაროს პროპაგანდას“. მზად არიან დაპატიმრებული კოლაბორანტი მღვდლები გადაუცვალონ რუსეთს სამხედრო ტყვეებზე.
23 ნოემბერს ვერხოვნა რადაში შევიდა კანონპროექტი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვის თაობაზე. ეს ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის ინიციატივაა.

„მიზანია უკრაინის ნაციონალური უშიშროებისთვის საფრთხის თავიდან აცილება და წესრიგის უზრუნველყოფა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ხომ საკმაოდ დიდხანს ატარებდა ღია ანტიუკრაინულ და დივერსიულ საქმიანობას“, – განაცხადა პარტიის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ.

კანონი ითვალისწინებს იმ რელიგიური ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სრულ აკრძალვას, რომლებიც შედიან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში, ან ნებისმიერი ფორმით აღიარებენ მის დაქვემდებარებაში ყოფნას კანონიკურ, ორგანიზაციულ თუ სხვა საკითხებში.
რელიგიურ ორგანიზაციას არ შეიძლება ჰქონდეს ცენტრი უკრაინის ფარგლებს გარეთ, ასევე იყოს უცხოური სტრუქტურის ნაწილი, რომლის საქმიანობაც აკრძალულია ქვეყნის ტერიტორიაზე. მსგავსი კავშირები დასაშვებია მხოლოდ „აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოს თანხმობით“.
ყველა გარიგება, დაკავშირებული ასეთი ორგანიზაციის მიერ გამოყენებულ სახელმწიფო ქონებასთან, წყდება ვადამდე.

გამონაკლისი უფლება

ექსპერტები პირობას დებენ, რომ ყურადღებას მიაქცევენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: რელიგიური ორგანიზაციების სახელწოდებების ახლებურად რეგლამენტირებას.
პირველ რიგში, ერთადერთი ლეგიტიმური საეკლესიო სტრუქტურა იქნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, შექმნილი 2018 წლის ბოლოს სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურის პეტრო პოროშენკოს და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მიერ – კანონიკური უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის საპირწონედ.
ყველა დანარჩენს შეუძლია სახელწოდებაში გამოიყენოს „მართლმადიდებელი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარებიან.
შედეგად უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია კარგავს სამართლებრივ სტატუსს, ვინაიდან ფორმალურად ექცევა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში, მისი მთავარი მონასტერი კი – კიევ-პეჩორის ლავრა – ეკუთვნის სახელმწიფოს.
„ევროპული სოლიდარობის“ ინიციატივას, როგორც ჩანს, მხარს დაუჭერენ. 25 ნოემბერს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულმა პეტიციამ უკვე მოაგროვა 25 ათასზე მეტი ხელმოწერა. ეს საკმარისია, რათა ის ზელენსკიმ განიხილოს.
დასავლეთ უკრაინაში უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უკვე კრძალავენ. ამისკენ მოუწოდებენ ლვოვის ოლქისა და ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატები.

ალყაში მოქცეული ციხე-სიმაგრე

საპასუხოდ 23 ნოემბერს გაიმართა უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის სხდომა, რომელზეც იხილებოდა „ეკლესიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები“. გადაწყდა მირონის დამზადების აღდგენა.
ეს ავტოკეფალიური ეკლესიის პრივილეგიაა. მაგრამ ეპისკოპოსებმა დააზუსტეს: „ისტორიულად მირონის დამზადება კიევის ეპარქიაში XV საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. შემდგომ წმინდა მირონი მზადდებოდა კიევ-პეჩორის ლავრაში“. 1917 წელს ეს პროცედურა შეწყდა. მირონი მოსკოვიდან ჩამოჰქონდათ.
ისმის კითხვა: ხომ არ დგამს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია ნაბიჯს სრული დამოუკიდებლობისკენ? დე ფაქტო ეს უკვე მოხდა. მირონის დამზადების საკითხს ადრეც იხილავდნენ, მაისში.

„გამოყოფაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მოსკოვის პატრიარქს ჯერ არ მისვლია უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისგან მისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნა. ჩემი აზრით, ახლაც და გაზაფხულზეც კანონიკური ეკლესია ცდილობს მრევლის დაცვას“, – ფიქრობს ეკლესიის ისტორიის დოქტორი, პროფესორი ვლადისლავ პეტრუშკო.

მისი თქმით, მაისის კრებამ გამოაცხადა უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა მოსკოვის საპატრიარქოსგან. მაგრამ სინამდვილეში სასულიერო და საერო პირებმა მხოლოდ დაადასტურეს თავიანთი ეკლესიის სტატუსი, რომელიც მათ ჯერ კიდევ 1990-იანებში მიანიჭეს.
„მირონის დამზადების საკითხთან – ავტოკეფალიის ესოდენ აშკარა ნიშანთან დაკავშირებით უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიფრთხილით მიუთითეს ისტორიულ ტრადიციაზე“, – დასძინა პროფესორმა.
რაც შეეხება პოროშენკოსა და მისი მოკავშირეების გეგმებს ორი ეკლესიის შეერთებასთან დაკავშირებით, უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია აქ უდრეკია. დიალოგი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შესაძლებელია მხოლოდ რელიგიური განხეთქილების გამო სინანულის გამოხატვის შემდეგ.

„აღმოჩნდებიან კანონგარეშე“

ექსპერტები ორ სცენარზე მსჯელობენ. ერთი უკვე ხორციელდება.
„უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია აღმოჩნდა ნაციონალისტური ძალების ზეწოლის ქვეშ. ამასთან, ის მთელი ძალით ცდილობს კანონების ფარგლებში მოქმედებას“, – უთითებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი რომან ლუნკინი.
„წესებით თამაში“ სულ უფრო რთულია. ხელისუფლება დაძაბულობის გრადუსს ზრდის. ამის დასტურია ჩხრეკა კიევ-პეჩორისა და სხვა ლავრებში.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს ბერთან ნაპოვნი ფურცლის, პატრიარქ კირილის მისალოცი წერილისა თუ განსხვავებული სასწავლო ლიტერატურის გამო – მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულ ენაზეა“, – აღნიშნავს ლუნკინი.

თუ ვერხოვნა რადა მოიწონებს კანონპროექტს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვის შესახებ, ეს იქნება სიგნალი: პოლიტიკოსები მზად არიან მეორე სცენარზე გადასასვლელად.
შედეგად უმსხვილესი, ერთადერთი კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში კანონგარეშე აღმოჩნდება. ამას მოჰყვება მასობრივი რეპრესიები. შემდეგ კი – უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შერწყმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0