ექვსი ჩვევა, რაც ბედნიერებაში გიშლით ხელს: ფსიქოლოგების რჩევა

© Pixabay / PublicDomainPictures
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. ჩვევები ადამიანის ცხოვრებისა და პიროვნების განუყოფელი ნაწილია. მათი ერთობლიობა ბევრს მეტყველებს ჩვენს ხასიათზე, განზრახვებსა და იმაზეც კი, უბედურია თუ ბედნიერი ადამიანი, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, თუ გსურთ საბოლოოდ გაარღვიოთ უბედურებისა და სევდა-ნაღველის მოჯადოებული წრე, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეთ და ზოგი ის ყოველდღიური ჩვევა მოიშალოთ, რომლებიც ხელს გიშლით ბედნიერებაში.
ექსპერტებმა ასეთი რამდენიმე ჩვევა გამოყვეს. მათი თქმით, ადამიანს ბედნიერების შეგრძნებაში ხელს უშლის:
მუდმივი დაგეგმვა — ფსიქოლოგების თქმით, ცხოვრების მუდმივი დაგეგმვა მავნე ჩვევაა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, იყოს ბედნიერი აქ და ახლა. ადამიანების უმეტესობა რაღაც სავალდებულო პირობებსაც კი იგონებს, თითქოს მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ გახდება ბედნიერი: „აი, როცა თვეში 5 ათასი მექნება შემოსავალი, მაშინ გავლაღდები“. ასეთი გეგმის საშიშროება ისაა, რომ საკუთარ თავს ცხოვრებით ტკბობას უკრძალავთ ამ მიზნის მიღწევამდე.
საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმა — ეს იგივეა, რომ თავი წარუმატებლობის ნიშნით დაიდაღოთ. საქმე ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს ადამიანი მსხვერპლის იმიჯს, მით უფრო მეტად უაზროდ და უსარგებლოდ ეჩვენება ყველაფერი. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდან დამოუკიდებელი გამოსვლა საკმაოდ ძნელია. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ უარყოფითი მომენტები მარტო თქვენს თავს კი არ ხდება, არამედ აბსოლუტურად ყველას ცხოვრებაში. არ მოგერიდოთ ითხოვოთ დახმარება, რათა მომავლის შიშმა არ დაგჯაბნოთ.
ბევრი მუშაობა — არის სიტუაციები, როცა სამსახურში გვიანობამდე დარჩენა ან ჩვეულებრივზე მეტად დატვირთვა აუცილებელი ხდება. მაგრამ ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ზედმეტად შრომისმოყვარე ადამიანები ხშირად „იწვებიან“, აპათია ეუფლებათ და უბედურად გრძნობენ თავს. იმისათვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკა გქონდეთ, აუცილებელია ბალანსის დაცვა ცხოვრების ყველა სფეროში და მათ შორის პერიოდული გადართვა. როცა ძალიან ბევრს მუშაობს, ადამიანი ვეღარც ახლობელ-მეგობრებთან შეხვედრას ახერხებს, ვეღარც დასვენებას და ვეღარც გართობას. ეს კი ძალიან უარყოფითად აისახება ზოგად მდგომარეობაზე.
დაღლილობა-ავადმყოფობის უგულებელყოფა — ალბათ ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ მსუბუქი სისუსტე სამსახურში წაუსვლელობის ან წინასწარ დაგეგმილი ამოცანების გადადების მიზეზი არ არის. მაგრამ ასეთი ჩვევა უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე, აგრძნობინებს ადამიანს დაუკმაყოფილებლობას და აპათიასაც კი. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ უგულებელყოფილ ავადმყოფობაზე ორგანიზმი უფრი მძიმედ რეაგირებს და მკურნალობაც მეტ ხანს მოგიწევთ.
გამუდმებული წუწუნი — სპეციალისტთან საკუთარ განცდებსა და გრძნობებზე საუბარი, რაც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს გაპოვნინებთ — ეს „სასარგებლო წუწუნია“, მაგრამ თუ გამუდმებით უჩივით ყველაფერს და ნეგატიურ აზრებს ავრცელებთ, მაშინ უბრალოდ აჯერებთ საკუთარ ფსიქიკას, რომ ყველაფერი მართლაც იმაზე უარესადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. დიახ, ჯობს ხმამაღლა გამოხატოთ უკმაყოფილება და წუხილი, ვიდრე თავში ჩაიმარხოთ, მაგრამ ძალიან ზედმეტიც ნუ მოგივათ. ერთსა და იმავეზე წუხილი დეპრესიაში ჩაგაგდებთ.
საკუთარი თავის წინააღმდეგ სვლა — ტვინისგან განსხვავებით, სხეული არასდროს გვატყუებს. ამიტომ ზოგჯერ, როცა რაიმეს გვთხოვენ, „შიგნით“ რაღაც გამოძახილს ვგრძნობთ — დადებითს ან უარყოფითს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინასწარ ვიცით, რას ვუპასუხებთ მთხოვნელს — „კის“ თუ „არას“. მაშ, რამ შეიძლება თავი უბედურად გვაგრძნობინოს? რამ და საკუთარი თავის იგნორირებამ. ხშირად ისეც ხდება, რომ თხოვნაზე დათანხმება არ გვინდა, მაგრამ ხათრით ვთანხმდებით, მაშინაც კი, თუ ამით საკუთარ თავს ვაზიანებთ. და ეს ძალიან ცუდია. როცა ადამიანი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, შინაგანად სევდას, გაღიზიანებას, ბრაზსა და სხვა ნეგატიურ ემოციებს გრძნობს, რაც მას უბედურს ხდის.
ყველა ახალი ამბავი
0