რამდენმა ბავშვმა მიატოვა სკოლაში სწავლა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე სწავლობდა.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2021-2022 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 8,8 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიატოვა, რაც 25,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
იმ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც სწავლა შეწყვიტეს, 42,6% გოგონა, 57,4% კი ვაჟია.

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2.302 სკოლა ფუნქციონირებდა, მათ შორის 2.086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. ამასთან, გასულ წელთან შედარებით, სკოლების რაოდენობა ექვსით შემცირდა.

ყველაზე მეტი სკოლა (17,1%) იმერეთის რეგიონშია.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633,3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 1,4%-ით მეტია. ამასთან, მოსწავლეების 35,4% თბილისში არსებულ სკოლებში სწავლობს.
მოსწავლეების 89,9% საჯარო სკოლებში, 10,1% კი კერძო სკოლებში სწავლობს. მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48,1% გოგონა, 51,9% კი ვაჟია.
2022 წელს სწავლა დაამთავრა 45,4 ათასზე მეტმა მოსწავლემ, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 17,3%-ით მეტია.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში არსებულ სკოლებში დასაქმებული იყო დაახლოებით 62,3 ათასი პედაგოგი, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პედაგოგების უმეტესობა – 87,4% ქალია.
ყველა ახალი ამბავი
0