სიყვარულით გაჯერებული სიკვდილის გზა: კორჩაკის 10 მცნება მშობლებისთვის

© Pixabay / ID 4144132მამა და შვილი
მამა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
იანუშ კორჩაკი − პოლონელი მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, საქვეყნოდ ცნობილი პედაგოგი, რომლის უმთავრესი კონცეფცია ბავშვი და მისი კეთილდღეობა იყო.
ჰიტლერული გერმანიის ოკუპაციის პერიოდში კორჩაკმა ბავშვების გულისთვის სამჯერ თქვა უარი თავის გადარჩენაზე:
პირველად – როდესაც გერმანელების პოლონეთში შესვლის წინ „ობოლთა სახლი“ არ მიატოვა და პალესტინაში ემიგრაციაზე უარი თქვა;
მეორედ − როდესაც ვარშავის გეტოდან გაქცევა არ მოისურვა, სადაც თავის აღსაზრდელებთან ერთად იმყოფებოდა;
და მესამედ − როცა საკონცენტრაციო ბანაკისკენ მიმავალ მატარებელში ავიდა „ობოლთა სახლის“ ბინადრებთან ერთად და სიკვდილის გზას გაუყვა.
და ეს მაშინ, როდესაც გადარჩენის შესანიშნავი შანსი ჰქონდა. მატარებლის დაძვრამდე ის „ეს-ესის“ ერთ-ერთმა ოფიცერმა იცნო და ჰკითხა:
— ეს თქვენ დაწერეთ „მეფე მათიუში“? ბავშვობაში ვკითხულობდი ხოლმე, კარგი წიგნია. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, თავისუფალი ხართ.
— ბავშვები? − იკითხა იანუშ კორჩაკმა.
— ბავშვები უნდა გაემგზავრონ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ვაგონიდან.
− ცდებით, არ შემიძლია − უპასუხა პედაგოგმა და ვაგონში დარჩა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი ის და მისი 200 აღსაზრდელი ტრებლინკის საკონცენტრაციო ბანაკის გაზის კამერაში შევიდნენ. სიკვდილის გზაზე მიმავალ კორჩაკს ხელში ორი ყველაზე უმცროსი ბავშვი ჰყავდა აყვანილი და ზღაპარს უყვებოდა მათ...
ამ სასწაულებრივმა ადამიანმა ბავშვთა აღზრდის პრინციპები ჩამოაყალიბა, რომლებიც თითოეულმა მშობელმა უნდა იცოდეს − თითოეულმა და ყველამ!
ქვემოთ კორჩაკის ათ მცნებას გთავაზობთ:
1.
ნუ ელოდები, რომ შენი შვილი ან შენნაირი იქნება, ან ისეთი, როგორიც შენ გინდა იყოს. დაეხმარე მას, გახდეს არა შენნაირი, არამედ თავისთავადი;
2.
ნუ დააყვედრი და მოსთხოვ ბავშვს საფასურს ყველაფერ იმისთვის, რაც მისთვის გაგიკეთებია. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, რით შეუძლია მადლობა გადაგიხადოს ამისთვის? ის თავის შვილს მისცემს სიცოცხლეს, ის კიდევ − თავისას. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია;
3.
ნუ ამოიყრი ჯავრს ბავშვზე საკუთარი წყენებისთვის, რათა სიბერეში ლუკმა არ გაგიმწარდეს. რამეთუ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი;
4.
ნუ შეხედავ ბავშვის პრობლემებს აგდებით. ცხოვრება ყველას ამტანობის მიხედვით მიუგებს მისაგებელს, და გჯეროდეს, რომ მასაც ისევე უმძიმს, როგორც შენ − შეიძლება უფრო მეტადაც, იმიტომ რომ ის ჯერ გამოუცდელია;
5.
არ დაამცირო!
6.
არ დაივიწყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები − ეს ბავშვთან შეხვედრაა. მეტი ყურადღება მიაქციე მათ − ჩვენ არ ვიცით და არც არასდროს გვეცოდინება, ვის ვხვდებით ბავშვში;
7.
ნუ დაიტანჯავ თავს, თუ შვილისთვის რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია. უბრალოდ გახსოვდეს: ბავშვისთვის ცოტა გაქვს გაკეთებული, თუ ყველაფერი ის არ გაგიკეთებია, რისი გაკეთებაც შეგეძლო;
8.
ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც მთელ შენს სიცოცხლეს ეუფლება, არ არის უბრალოდ სისხლი და ხორცი. ეს უძვირფასესი თასია, რომელიც დასაცავად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგეცა. ეს დედისა და მამის დაუბორკავი სიყვარულია, რომელთაც ბავშვი კი არა, სული მიეცათ დასაცავად;
9.
გიყვარდეს სხვა ბავშვები. არასდროს გაუკეთო სხვის შვილს ის, რაც არ გინდა, რომ შენსას გაუკეთონ;
10.
გიყვარდეს შვილი ისეთი, როგორიც არის: უნიჭოც, წარუმატებელიცა და უიღბლოც. იხარე მასთან ურთიერთობით, იმიტომ რომ ბავშვთან გატარებული დრო ეს ის დღესასწაულია, რომელიც მანამ გრძელდება, სანამ შვილი შენთანაა...
ყველა ახალი ამბავი
0