საქართველოს ეკონომიკის ზრდა გრძელდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი - ვაკის რაიონი
თბილისი - ვაკის რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
იანვარი–ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 34% შეადგინა, ხოლო იმპორტის – 33,3%.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი მაღალი ტემპებით მიმდინარეობს – 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8,3% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მიმდინარე წლის რეალური ზრდის ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,5% შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, გადამამუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, გართობა და დასვენება.
რა და რამდენით გაიზარდა
იანვარი–ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ დაახლოებით 34% შეადგინა, ხოლო იმპორტის – 33,3%. ოქტომბერში ქვეყანაში 7,2 ათასამდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით მეტი.

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 15%-ით გაიზარდა და 11,2 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებთან.

თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის ზრდით.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა სამოქალაქო მშენებლობის მაჩვენებლები – როგორც გზების, ხიდების, გვირაბების, საავტომობილო გზების მშენებლობა, ისე სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობა.
გარდა ამისა, 16%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მოცულობა.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა დაკავშირებულია როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მუშაობასთან. გარდა ამისა, გაიზარდა მგზავრთნაკადი, ხოლო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის გაფართოების შედეგად გაიზარდა სატრანსპორტო დამუშავებისა და დასაწყობების მაჩვენებელიც.
საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ზრდა განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით.
ზრდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ძირითადად უკავშირდება ფერადი ლითონების მადნების მოპოვებას.
ზრდის ტენდენცია ასევე შეიმჩნეოდა სასტუმრო და სარესტორნო სექტორში. ამაზე გავლენა იქონია გასულ წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის თითქმის 2,2-ჯერ გაზრდამ. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში 443 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0