ტრაგედია ვაკის პარკში: სასამართლომ ცხრავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული
დაკავებული - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა, მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული ცხრავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. ბრალდების მხარე ითხოვდა, მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩენილიყო, რადგან პროკურორების განმარტებით, კვლავ არსებობს საფრთხეები, მათ შორის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების.
ბრალდებულთა ნაწილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მათ არც წინა საგამოძიებო პერიოდის დროს უცდიათ მიმალვა ან მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, ისინი არ აპირებენ იმგვარი ქმედების ჩადენას, რაზეც პროკურორებმა სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრეს.
სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა, რადგან პროკურატურამ საგამოძიებო პროცედურების ჩატარებისთვის წინასასამართლო პროცესის თარიღის გახანგრძლივება მოითხოვა. ბრალდების მხარის ცნობით, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დამატებითი ექსპერტიზის დასკვნები ბრალის დამძიმების საფუძველი გახდეს. ასევე, ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, სხვა პირთა ბრალეულობაც გამოიკვეთოს.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გადარჩა ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე.
ბავშვები წყლიდან მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი ყველა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ელექტრო ტრავმის შედეგად მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

საქმის დეტალები

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. თითქმის ერთი წლის შემდეგ, 26 აგვისტოს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.
ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვის+“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.
მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ აცნობა კომპანიის დირექტორს, რომელმაც, თავის მხრივ, მას დაავალა, აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის.
„ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა სამუშაოს შესასრულებლად ორი კერძო ელექტროშემდუღებელი დაიქირავა. მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა კომპანია „გრინსერვის+“-ის საქმისმწარმოებელს.
გამოძიება ამბობს, რომ ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მათ წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
გამოძიების ინფორმაციით, „გრინსერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა არ შეამოწმა მის მიერ დაქირავებული მუშების მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო „გრინსერვის+“-ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); „გრინსერვისი+“-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), „გრინსერვისი+“-ის საქმისმწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანია „გრინსერვის+“-მა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „მშენექსპერტთან“.
კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს „გრინსერვის+“-ის თანამშრომელს.
გამოძიების ვერსიით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიასა და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა ამ სახით შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან.
2022 წლის 25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის+“-ის დირექტორმა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.
აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება „გრინსერვისი+“-ის დირექტორს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება); „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს - 25,362 მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზება), „მშენექსპერტის“ დირექტორს და ამავე კომპანიის ინსპექტორს - 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება, გასაღება) წარუდგინა.
ყველა ახალი ამბავი
0